აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი საქართველოში განხორციელებულ რეგორმებს დადებითად აფასებს

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი საქართველოში განხორციელებულ რეგორმებს დადებითად აფასებს

თბილისი და ვაშინგტონი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მასში ხაზგასმულია საქართველოს მიღწევები და რეფორმები ისეთ სფეროებში როგორიც არის სასამართლო სისტემა, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, წარმატებები უშიშროების სამსახურისა და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში. განცხადებაში ასევე საუბარია "რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით და ვაშინგტონი მიესალება სააპელაციო პროცედურების გაგრძელების შესაძლებლობას. "12 ნოემბერს, ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც თბილისში, 2014 წელს გამართულ შეხვედრაზე განსაზღვრული მიზნების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი განიხილეს. ეს შეხვედრა დაეყრდნო სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელიც გაიმართა ვაშინგტონში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში და რომელსაც ამერიკის მხრიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი მასპინძლობდნენ. მხარეებმა დაადასტურეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს, ასევე პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ღია, პლურალისტული და დამოუკიდებელი სივრცის მნიშვნელობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, რაც იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო პროცედურები გაგრძელდეს და საქართველოში მედია პლურალიზმი შენარჩუნდეს.

საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე თანა-თავმჯდომარეობდნენ. აშშ-ის დელეგაციას კი _ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან კაცი და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისრეგიონული ხელმძღვანელი კეთრინ ნიუკომბი ხელმძღვანელობდნენ.

აშშ-ს დელეგაციაში წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.