აშშ დადებითად აფასებს საქართველო სასამართლო სისტემაში, გენერალურ პროკურატურასა და შსს-ში განხორციელებულ რეფორმებს

აშშ დადებითად აფასებს საქართველო სასამართლო სისტემაში, გენერალურ პროკურატურასა და შსს-ში განხორციელებულ რეფორმებს

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ თბილისისა და ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელობა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაქო საქართველო სასამართლო სისტემაში, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდება და უფრო ღრმად და ფართოდ აისახება როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიწონა საქართველოს განზრახვა წინასასამართლო პრობაციის სამსახურის შექმნის შესახებ და მოელის, რომ ეს განზრახვა სწრაფად განხორციელდება. ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს წარმატებები სამართალდამცავი და უშიშროების სამსახურების, ადმინისტრაციული და წინასწარი პატიმრობის და სასჯელაღსრულებითი სისტემის რეფორმებში. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნული და სხვა რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ხელს უწყობს საქართველოს თავისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს აღუთქვა, რომ გააგრძელებს აღნიშნული მიზნების მიღწევაში მის მხარდაჭერასა და დახმარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე თანა-თავმჯდომარეობდნენ. აშშ-ის დელეგაციას კი _ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან კაცი და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისრეგიონული ხელმძღვანელი კეთრინ ნიუკომბი ხელმძღვანელობდნენ.

აშშ-ს დელეგაციაში წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.