საფრანგეთის პოლიცია პარიზის ტერაქტებთან კავშირში მყოფი პირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საფრანგეთის პოლიცია პარიზის ტერაქტებთან კავშირში მყოფი პირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

პარიზში მომხდარ თავდასხმებთან კავშირში მყოფი პირების და დაღუპულთა სია გამოქვეყნდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, საფრანგეთმა ძებნაში გამოაცხადა ბრიუსელში დაბადებული 26 წლის სალაჰ აბდესლამი. გამოძიების თანახმად, ის ერთ-ერთი ტერორისტის ძმა არის, რომელმაც 13 ნოემბერს პარიზში თავი აიფეთქა. ბელგიამ აბდესლამი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებული და საზოგადოებისთვის საშიშია. ფრანგი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ სალაჰი აბდესლამი, სავარაუდოდ, ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელია, რომელმაც მიმალვა შეძლო.

სალაჰ აბდესლამის გარდა, გამოძიება შემდეგ პირებს ასახელებს:

ბრუსელის მკვიდრი მუჰამედ აბდესლამი, რომელიც ბელგიაში დააკავეს, 31 წლის ბრაჰიმ აბდესლამი და 20 წლის ბილალ ჰადფი, რომლებიც თავდასხმების დროს დაიღუპნენ, ასევე პარიზის მკვიდრი 29 წლის ისმაილ ომარ მოსტეფა, რომელიც ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმისას დაიღუპა. საფრანგეთის ქალაქ კურკორონის მკვიდრი ომარ მოსტეფა, ბოლო წლებში მეჩეთში ხშირად დადიოდა. პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის ინფორმაციით, 2004-2006 წლებში მოსტეფამ რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც პოლიცია მისი პიროვნებით დაინტერესდა. გარდა ამისა, ფრანგული სპეცსამსარები მისი რადიკალური მოსაზრებების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ. გამოძიება მიიჩნევს, რომ ომარ მოსტეფამ რადიკალური ისლამის მომხრე 2010 წელს გახდა და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სირიაშიც იმყოფებოდა. ფრანგულმა პოლიციამ უკვე დააკავა ომარ მოსტეფას მამა და ძმა და მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

პარასკევს, საფრანგეთის შიანგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები ბელგიაში მყოფი ჯგუფის მიერ მზადდებოდა, რომელსაც თანამზრახველები საფრანგეთში ჰყავდა. ტერაქტებთან დაკავშირებით საკუთარ გამოძიებას ბელგიაც ატარებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის, "ისლამურ სახელმწიფოს" რაოდენობრივად ყველაზე მეტი მხარდამჭერი ბელგიიდან შეუერთდა.

გარდა ამისა, სტადიონ სტად დე ფრანსთან, სადაც სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი, სამართალდამცველებმა სირიის მოქალაქის პასპორტი აღმოაჩინეს. მოგვიანებით, საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის მფლობელი ევროკავშირის ტერიტორიაზე კუნძულ ლეროსის გავლით ჩავიდა, სადაც სასაზღვრო კონტროლი 3 ოქტომბერს გაიარა. სტადიონ სტად დე ფრანსთან ნაპოვნია ეგვიპტის მოქალაქის პასპორტიც, თუმცა, როგორც საფრანგეთში ეგვიპტის ელჩმა განაცხადა, დოკუმენტი თავდასხმის დროს დაღუპულ უდანაშაულო ადამიანს ეკუთვნის.

თავის მხრივ, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პარიზის თავდასხმებთან შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს მონტენეგროს მკვდირსაც, რომელიც ბავარიაში გასულ კვირას დააკავეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის კუთვნილ ავტომობილში დიდი ოდენობით იარაღი აღმოაჩინეს და ვარაუდობენ, რომ ის პარიზში მიემგზავრებოდა.

ბოლო ინფორმაციით, 7-დან 6-მა ტერორისტმა თავი აიფეთქა, მეშვიდე კი ფრანგმა სამართალდამცველებმა, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზის შტურმისას მოკლეს. პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის ინფორმაციით, თავდასხმები სავარაუდოდ სამმა ჯგუფმა განახორციელა, რომელიც ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებდა. ყველა მათგანს ერთნაირი ე.წ. შაჰიდის ქამრები და ავტომატები ჰქონდათ.

პარიზში მომხდარი თავდასხმების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა.