ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში , თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე საუბრის კონტექსტში აცხადებს.
ამერიკელი დიპლომატი 2007 წელს, "იმედში" შეჭრის ფაქტსაც იხსენებს და ხაზს უსვამს, რომ მაშინ მკაცრ კრიტიკას აფიქსირებდნენ ამ პროცესისასდმი.
"2007 წლის ნოემბერში ევროპულ საქმეთა ბიუროში ვმუშაობდი და რუსულ მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი ხელმძღვანელი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენ ფრიდი როგორი შეშფოთებული იყო "იმედში~ განვითარებული მოვლენების გამო. იმ პერიოდში როგორც ღია, ისე დახურულ შეხვედრებზე, დაუღალავად ვაფიქსირებდით ჩვენს მკაცრ კრიტიკასა და დამოკიდებულებას ამ პროცესისადმი... ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება, ვგულისხმობ გავრცელებულ ჩანაწერებში გახმოვანებულ მოწოდებებს ძალადობაზე" – აღნიშნავს იან კელი.
გარდა ამისა, აშშ-ის ელჩი ინტერვიუში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ "ამ ამაზრზენი დანაშაულის გამო" ვინც უნდა იყოს, ყველა პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
"პირადად არ მინახავს (სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ჩანაწერები), მაგრამ მსმენია ამ კადრების შესახებ. ვიცი მათი შინაარსი და ვინც უნდა იყოს, აუცილებლად ყველა პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული ამ ამაზრზენი დანაშაულის გამო. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო, როდესაც აბუ-გრეიბის ციხის მოვლენები გახმაურდა (ჟურნალისტებმა ამერიკელი სამხედროები აბუ-გრეიბის ციხეში ერაყელი პატიმრების წამებაში ამხილეს - "კვირის პალიტრა”). მაშინ ერთ-ერთ საელჩოში პრესსპიკერი ვიყავი, მისვამდნენ კითხვებს და არ შემეძლო სხვა რამის თქმა, გარდა იმისა, რომ გამომეთქვა იმედი - დამნაშავე აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში და იქნებოდა სათანადოდ გასამართლებული ამ საშინელი დანაშაულის გამო", - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.