საქართველო არის ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, პლურალიზმის თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საუბრისას აცხადებს.
ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, მნიშვნელოვანია დემოკრატიის ქვაკუთხედების ბოლომდე შენარჩუნება და განვითარება.
"შესანიშნავი კითხვაა. შესავლის სახით ვიტყვი, რომ საქართველოში ორ თვეზე ნაკლებია, რაც ვიმყოფები. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო გახლავთ ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, პლურალიზმის თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. რეალური ნაბიჯები გადაიდგა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, გადაწყვეტილებები კი - მიუკერძოებელი.
ჩემი ყოფილი უფროსი, ჰილარი კლინტონი, ამბობდა და დღესაც ამბობს - დემოკრატია არ არის მიზანი, დემოკრატია პროცესია... მნიშვნელოვანია დემოკრატიის ქვაკუთხედების ბოლომდე შენარჩუნება და განვითარება", - აცხადებს იან კელი.