იან კელი - ჩვენი პოზიცია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე და ურყევია

იან კელი - ჩვენი პოზიცია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე და ურყევია

ჩვენი პოზიცია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე და ურყევია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. 
მისივე განმარტებით, ეს მხარდაჭერა გამოხატულია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ აშშ-ს საქართველოში დიდი ინვესტიციაც აქვს განხორციელებული. 
"ვგულისხმობ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, ქართული მხარისთვის ტექნოლოგიური ცოდნისა და აღჭურვილობის გადაცემას და ა.შ. მნიშვნელოვანი იქნება, ვარშავაში აღინიშნოს ის ყველაფერი, რაც საქართველომ გააკეთა ნატოსთვის და ნატო-მ გააკეთა საქართველოსთვის", - აცხადებს ელჩი.
ამერიკელ დიპლომატს სჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი აქვს.
"ჩემი გამოწვევა თქვენთვის იმედის შენარჩუნებაა - მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი აქვს. მჯერა, რომ ამის სჯერა საქართველოს მოსახლეობასაც. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ნატო 28 ქვეყნის ალიანსია და გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება. ვარშავაში ყურადღება უნდა გამახვილდეს რეალობაზე. შეიძლება სამიტზე გაკეთდეს მტკიცე პოლიტიკური განცხადება და აღინიშნოს ის პროგრესი, რომელიც საქართველოს უდავოდ აქვს ბოლო პერიოდში. მათ შორის, მნიშვნელოვანია საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა", - აღნიშნავს იან კელი.
რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ გამოიწვევს დასავლეთის მიმართ ქართველი ხალხის იმედგაცრუებას, თუკი ნატო საქართველოს MAP-ზე ისევ უარს ეტყვის, აშშ-ის ელჩის თქმით, მას ესმის, თუკი ასეთი იმედგაცრუება არსებობს.
"საქართველო რაოდენობის მიხედვით მეორე კონტრიბუტორია ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, ქართველებმა რეალური მსხვერპლი გაიღეს ნატოში გაწევრებისთვის. თუ არსებობს, ნამდვილად მესმის ასეთი იმედგაცრუების. 
ამავე დროს, საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს. ამერიკა მუდმივად აფიქსირებს საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერას. გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენმა საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატო-ს სიძლიერე სწორედ მის ერთობაში, კონსენსუსშია, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად 28 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. მეორე მხრივ, ხშირად ესეც გამოწვევაა. უნდა ვაღიაროთ, ზოგჯერ 28 ხმის მიღება რთულია, მაგრამ ამერიკა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად დარჩება მომავალშიც. საქართველოს სხვა მეგობრებიც ჰყავს, განსაკუთრებით ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ისინი ხელს შეუწყობენ თქვენს ქვეყანას, რომ მიაღწიოს საწადელს", - აღნიშნავს საქართველოში აშშ-ის ელჩი.