იან კელი - ნამდვილად უცნაური იქნება წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა

იან კელი - ნამდვილად უცნაური იქნება წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი აცხადებს, რომ ნამდვილად უცნაური იქნება წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ამის შესახებ იან კელიმ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 
კითხვაზე, როგორ უნდა გაერკვეს საზოგადოება, ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებული მოვლენები პოლიტიკური პროცესია, თუ კერძო დავა, ელჩმა აღნიშნა, რომ იგი არის დიპლომატი, არ არის ამ ქვეყნის გადასახადის გადამხდელი და ამომრჩეველი.
"ამიტომ არ იქნება სწორი, სასამართლო პროცესის სამართლებრივ ბუნებაზე ვისაუბრო, რაც არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრი არ გამაჩნია... ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთი საერთო მიზანი გვაქვს - იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველომ მიაღწიოს მიზანს და ევროატლანტიკური სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ვთვლი, რომ ჩემი როლი იმის აღნიშვნაა, თუ რა დევს ფსონად და რა შეიძლება მოჰყვეს გარკვეულ ქმედებებს. იწყება საარჩევნო წელი (თუ უკვე არ არის დაწყებული) და ნამდვილად უცნაური იქნება წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. 
თუ საბოლოო შედეგი ამ ქმედებისა იქნება ის, რომ ოპოზიცია საბოლოოდ დაკარგავს წვდომას ამ სატელევიზიო არხზე ან ეს არხი ზეკრიტიკულიდან გახდება ნეიტრალური, ან კიდევ უარესი, პროსამთავრობო, ეს გამოიწვევს ეჭვს, რომ საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი თანაბარი სათამაშო ველი", - განაცხადა იან კელიმ. 
კითხვაზე, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება, ამ მოსაზრებას ამყარებს ბოლოდროინდელი აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ოდესის გუბერნატორი დაუფარავად ესაუბრება არხის გენერალურ დირექტორს იმის შესახებ, როგორ აღმართონ ბარიკადები, ელჩმა განაცხადა, რომ "რუსთავი 2"-ს აქვს უფლება გააჟღერონ ის მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა, გამოხატავდეს თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს. 
"გასაგებია, მაგრამ, მათ უფლება აქვთ, გააჟღერონ ის მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა, გამოხატავდეს თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს. გულახდილად გეტყვით - ამერიკაში გვაქვს სატელევიზიო არხები, რომელთა ყურების შედეგად ლამის გულის შეტევა მივიღო ხოლმე. 
მაგალითად, ვერ ვუყურებ "რაშა თუდეის". თუმცა პასუხი ამაზე არ არის მენეჯმენტის შეცვლა, პასუხი ღია კონკურენციაა. რაც შეეხება უკანონო მოსმენების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რთულია იმის თქმა, რამდენად რეალურია ეს", - განაცხადა კელიმ.
მისივე თქმით, მიუღებელია ისეთი შინაარსის განცხადებები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს მოწოდებას ძალადობისკენ და ამის ადგილი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში. 
"ეს კატეგორიულად მიუღებელია. რაც ითქვა ოდესასა და თბილისში, თუ ამაში მთავრობა ხედავს ძალადობის გეგმას, რასაკვირველია, მას აკისრია საზოგადოების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება და მან ეს უნდა გააკეთოს. თუმცა რამე ხერხებით ტელევიზიის ჩაჩუმება გამოსავალი არ არის. ნათლად მინდა აღვნიშნო - ამას ვეუბნები როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. საკვანძო საკითხია არჩევნები. ყველას ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ერთი რამ - იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და ლეგიტიმურ გარემოში.
წინასაარჩევნო გარემოს აღქმა უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა მოსაზრების მიღება და მოსმენა შესაძლებელია", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
იან კელისთან ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.