იან კელი - არ უნდა მიეცეს საშუალება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს, ხელში ჩაიგდოს ბერკეტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედებისთვის

იან კელი - არ უნდა მიეცეს საშუალება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს, ხელში ჩაიგდოს ბერკეტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედებისთვის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, საქართველოს არ უნდა მიადგეს ზიანი და არ უნდა მიეცეს საშუალება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს, რომ ხელში ჩაიგდოს ბერკეტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედებისთვის. ამის შესახებ იან კელიმ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც "გაზპრომთან" დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. 
"საქართველოს არ უნდა მიადგეს ზიანი და არ უნდა მიეცეს საშუალება ერთ კონკრეტულ სახელმწიფოს, რომ ხელში ჩაიგდოს ბერკეტი საქართველოს ენერგო-უსაფრთხოებაზე ზემოქმედებისთვის. ამ მხრივ საქართველოს მთავრობა ცდილობს წყაროების დივერსიფიცირებას. როდესაც ვხედავთ საზოგადოებისა, თუ ოპოზიციის შეშფოთებას, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს "სოკარსა" თუ "გაზპრომთან" მისი ურთიერთობების გამჭვირვალობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიიდან ევროპამდე სახელმწიფოების უსაფრთხოებას გულისხმობს და მას ზიანი არ უნდა მიადგეს. რაც შეეხება "გაზპრომისგან" მიღებული გაზის მოცულობას, როგორც ვიცით, არ არის იმ რაოდენობის, რომელიც შეიძლება რაიმე ზიანის მომტანი გახდეს", - განაცხადა იან კელიმ. 
იან კელისთან ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.