ილია მეორე - მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს

ილია მეორე - მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს

მუსულმანური რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. 
პატრიარქი საკვირაო ქადაგებისას პარიზში მომხდარ ტერაქტებს გამოეხმაურა. ასევე შეეხო თვითმფრინავის აფეთქების ფაქტს. 
"ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ღვთის ძალა და ღვთის მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. ეს მუდამ იყო, მაგრამ ბოლო წლებში – ბოლო 10 წლეულებში გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ბოროტი ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტი ნებით გამოვლინდება. ბოლო დროს გამოვლინდა – იცით, რომ მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ ვუთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას. იქ მრავალი მსხვერპლია და ვლოცულობთ მათთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიას – მუსულმანურ რელიგიას. მაგრამ სინამდვილეში რელიგია არაფერ შუაში არ არის. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდებაა და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული, როგორც ამბობს შოთა რუსთაველი, რომ სიკეთის არსება გრძელია. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს არსად აღარ განმეორდეს", - განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
პატრიარქმა ღმერთს დაღუპული ადამიანების ცხონება, ხოლო დაჭრილთა გამოჯანმრთელება შესთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ იზიარებს ოჯახების მწუხარებას. გარდა ამისა, ილია მეორემ მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, 40 დღის განმავლობაში ყოველ დღე სახარების ერთი თავი წაიკითხონ, რათა "საქართველოში და მსოფლიოში მშვიდობამ იზეიმოს".