პარიზში ტერაქტებზე პასუხისმგებლობა

პარიზში ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

"ისლამურმა სახელმწიფომ" პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დაჯგუფებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა , სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმების მიზანი საფრანგეთისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ის კვლავ რჩება "მთავარ სამიზნედ".
"ისლამური სახელმწიფოს" ცნობით, თავდასხმების განხორციელებამდე, მებრძოლებმა თავდასხმის ადგილები შეისწავლეს. ტერაქტები კი 8 ისლამისტმა განახორციელა, რომლებიც ე.წ.შაჰიდის ქამრებით და შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულნი. 
მანამდე, სააგენტო "როიტერი" წერდა, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" დღეს ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც საფრანგეთს თავდასხმებით დაემუქრა, თუკი ის დაჯგუფების მებრძოლების წინააღმდეგ მიმართულ დაბომბვებს არ შეწყვეტს. ვიდეორგოლი, რომელიც დათარიღებული არ არის, "ისლამური სახელმწიფოს" მედია ცენტრმა, "ალ-ჰაიათმა" გაავრცელა. 
ვიდეორგოლში ისლამისტი მებრძოლი მოუწოდებს საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს, თავდასხმები განახორციელონ.
"სანამ დაბომბვებს გააგრძელებთ, მშვიდად ვერ იცხოვრებთ. ბაზარში გასვლაც კი შეგეშინდებათ", - აცხადებს მებრძოლი.