საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე საქართველოში მიმდინარე თემებზე, მათ შორის, "რუსთავი 2"-ზეც ისაუბრა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, მთავარი განსახილველი თემები იყო რეგიონული უსაფრთხოება, რუსეთი, უკრაინა, ევროინტეგრაცია, ასევე საქართველოში მიმდინარე ის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, მათ შორის, "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენები.
"საუბარი გვქონდა საქართველოს შიგნით მიმდინარე თემებზე, საპარლამენტო მუშაობის შუქჩრდილებზე, იმ თემებზე, რომლებიც ბოლო ხანებში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, მზადება მომავალი არჩევნებისთვის, ის თემები, რაც გაჩნდა ბოლო დღეებში, ბოლო კვირეებში თქვენს ტელეკომპანიასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ყველას ამოცანაა - ჩემი, როგორც რესპონდენტის, თქვენი, როგორც ჟურნალისტისა და მოქალაქის, რომ მოვახერხოთ ყველა გაუგებრობის, თუ კონფლიქტის, თუ სასამართლო დავის გადაწყვეტა ისე, რომ არ დაზარალდეს არც მედია და არც სასამართლო სისტემა, თუმცა ბოლო ხანებში მოვლენები ისე განვითარდა, რომ მე მგონი, ყველამ მიიღო სხვადასხვა სახის ზარალი და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ყველა დავას, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, უნდა ჰქონდეს ცივილური გამოსავალი. ცხადია, ამ თემებზც გვქონდა საუბარი", - განუცხადა უსუფაშვილმა "რუსთავი 2"-ს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით პრესა ინფორმირებული არ ყოფილა. "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა დავით უსუფაშვილი მხოლოდ საელჩოში ნახა, როდესაც ის უკვე ვიზიტს ამთავრებდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში მარტო იმყოფებოდა და მას არც ერთი დეპუტატი არ ახლდა.