„ევექსის“ ლონდონის ბირჟაზე გასვლა – რეალური IPO თუ ფინანსური „ბუშტი“?

„ევექსის“ ლონდონის ბირჟაზე გასვლა – რეალური IPO თუ ფინანსური „ბუშტი“?

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლიდან ორ დღეში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ თანამშრომლები ხელფასების დროულად დარიგების მოთხოვნით გაიფიცნენ.

იაშვილის კლინიკაში ექიმების გუშინდელი გაფიცვა პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც  „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მენეჯმენტის მიმართ მის  მფლობელობაში არსებული კლინიკის ექიმები პროტესტს გამოთქვამენ.

ხელფასების მოთხოვნით იაშვილის კლინიკის ექიმებმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს. ექიმების თქმით, ხელფასთან დაკავშირებით პრობლემები კომპანია "ევექსის" იაშვილის კლინიკაში შესვლის შემდეგ შეექმნათ. კლინიკის ხელმძღვანელი ამ ინფორმაციას უარყოფს.

ექიმებს ხელფასები აქციის მიმდინარეობისას ჩაერიცხათ, თუმცა ამით „ევექსმა“ მხოლოდ მცირე „ხანძარი“ ჩააქრო. ამ აქციამ  კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სისტემური პრობლემები, რომლებიც აღნიშნულ კორპორაციას აქვს და რომელთა შესახებ “კომერსანტი“ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აქტიურად წერს. ჩვენი არაერთი სტატიისა და ჯანდაცვის სამინისტროსადმი მიმართვის მიუხედავად,  უწყება ამ პრობლემაზე ქმედით რეაგირებას ვერ ახდენს. 

გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილის პასუხიც ამის ერთერთი დადასტურებაა: „კომერსანტი“ ექიმების გაფიცვის თემაზე კომენტარის მოპოვებას ზაზა სოფრომაძისგან შეეცადა, თუმცა სოფრომაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ იაშვილის კლინიკასთან დაკავშირებით პრობლემა მოგვარებულია. მისივე თქმით, კლინიკაში თანხების გადარიცხვებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

ამის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ტელეფონი გაგვითიშა და დამატებითი შეკითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა. 

რა დგას „ევექსისადმი“ ჯანდაცვის სამინისტროს ლოიალური პოზიციის უკან – სამინისტროს რომელიმე მაღალჩინოსნის ინტერესები, თუ გულგრილობა? თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელი და საფრთხის შემცველია სახელმწიფოს მხრიდან პასიურობა პრობლემისადმი, რომელიც ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება. 

ეს „ევექსის“ კლინიკების ექიმების პროტესტის პირველი შემთხვევა არ არის. შეგახსენებთ, რომ „ევექსის“ კუთვნილ კლინიკებში პაციენტების გარდაცვალების რამდენიმე გახმაურებული ფაქტი მოხდა. 

მაისში შუახევის მუნიციპალიტეტში 25 წლის დაჭრილი პაციენტი იმის გამო გარდაიცვალა, რომ ქირურგი ადგილზე არ იმყოფებოდა და დაჭრილი სისხლისგან დაიცალა. 

ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შუახევში "ევექსმა" 27 აპრილს საავადმყოფოს სტაციონარული მომსახურება გააუქმა.

ერთერთი გახმაურებული ფაქტია ასევე 2014 წლის ივლისში ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარეს გარდაცვალება. როგორც „კომერსანტმა“ სამედიცინო მომსახურების რეგულირების სააგენტოში გაარკვია, ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო საავადმყოფოს ორ ექიმს სანქციები დაუწესდა.

“ევექსში” სისტემური პრობლემების არსებობაზე 2014 წლის ზაფხულში ღიად განაცხადეს კორპორაციის კუთვნილი კლინიკის „ახალი სიცოცხლის” ექიმებმა, როდესაც რამდენიმე ათეულმა მედიკოსმა და მთავარმა ექიმმა ზაზა სინაურიძემ კლინიკა დატოვეს და გააფრთხილეს საზოგადოებაც და ჯანდაცვის სამინისტროც, რომ კლინიკა ხშირ შემთხვევაში არა პაციენტზე, არამედ ინვესტორის მოგებაზე იყო ორიენტირებული, რაც ექიმებისთვის მიუღებელია. გუნდი აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ „ევექსის“ მუშაობის პრინციპი საფრთხეს უქმნიდა პაციენტებს. 

წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორპორაციის კლინიკაში ელემენტარული სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო გარდაიცვალა 25 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა.

ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ როგორც ჩანს, „ევექსში“ გარკვეული პრობლემები მართლაც არსებობს.

„სერვისების გადაწყობა, რაც მათ გამოაცხადეს, საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. ადგილი ჰქონდა თანხის მოთხოვნას პაციენტებისგან. ყველაფერი ეს ბუნებრივია მიუთითებს მენეჯმენტის ნაკლოვანებაზე, სისტემური ხასიათი ჰქონდა ამას და ამან გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა თუ რაიმე სხვა შემთხვევასთან გვქონდა საქმე, გამოძიების საქმეა,“ – განაცხადა სოფრომაძემ.

მისი თქმით, მართალია, ევექსმა განაცხადა სამედიცინო სერვისების დახურვის შესახებ, მაგრამ ამაზე ჯანდაცვის სამინისტროსგან თანხმობა არ მიუღია.

ექიმების გუშინდელი პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შეუმჩნეველი დარჩა. ეს კიდევ აღრმავებს ეჭვებს და აჩენს კითხვის ნიშნებს „მონსტრი“ სამედიცინო კომპანიისადმი სახელმწიფოს ასეთ „ლოიალურ“ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. 

საუბარია უმსხვილეს სამედიცინო კორპორაციაზე, რომლის მფლობელობაშია ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელი საქართველოში. ქსელი დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 43 კლინიკით არის წარმოდგენილი.

სულ ახლახანს კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლის შესახებ განაცხადა. 

9 ნოემბერს კორპორაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Georgia Healthcare Group -ის (GHG) აქციებზე მოთხოვნამ მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა და ფასის 8%-ით ზრდაც დაფიქსირდა.

მთლიანმა კაპიტალიზაციამ  $350 მილიონი შეადგინა, მოზიდულმა თანხამ კი $100 მლნ.

GHG იუწყება, რომ აქციების შესყიდვით ბრიტანელი და ამერიკელი ინსტიტუციონალური ინვესტორები არიან დაინტერესებულნი, მათ შორის, რამდენიმე საპენსიო ფონდია.

წინასწარი გათვლებით, ჯგუფი აქციების ემისიის შედეგად, დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვას გეგმავს, რაც  კომპანიის შემდგომ განვითარებას მოხმარდება.

ამ ცნობების ფონზე კომპანიის ექიმები ხელფასების მოთხოვნით გაფიცვას აწყობენ. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ექიმები ზოგადად, მუშაობის ცუდ პირობებს უჩივიან. ცვლილებები მხოლოდ ინფრასტრუქტურას ეხება და არა პაციენტთა მომსახურების სერვისს. რამდენიმე წელია „ევექსი“ ყიდულობს კლინიკებს და არცერთი კლინიკის მოდერნიზებას არ ახორციელებს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი მათგანის კოსმეტიკურ რემონტს და მოწესრიგებას. 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი,  ხომ არ გვაქვს საქმე ფინანსურ „ბუშტთან“? თუკი კომპანიაში ხელფასებით უზრუნველყოფის პრობლემაა, ეს, სავარაუდოდ, უნდა აისახოს მისი აქციების ფასზეც. კომპანია კი ირწმუნება, რომ აქციების ფასი იზრდება.

რა პასუხისმგებლობა აკისრია სახელმწიფოს იმ დროს, როდესაც კერძო კლინიკაში პაციენტების მომსახურების წყვეტა ხდება?  ამაზე პასუხი არ არსებობს, რადგან არ არსებობს შესაბამისი მექანიზმები. 

დავით სერგეენკომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ჯანდაცვა არის სფერო, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი უნდა იყოს.

ხაზგასასმელია, რომ იაშვილის კლინიკა პედიატრიაში მონოპოლისტია, და მის მიერ პაციენტების მომსახურებაში თუნდაც ერთსაათიანი წყვეტა განსაკუთრებით სარისკოა. 

სახელმწიფომ ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა იმუშაოს და ასეთი შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე იფიქროს. მითუმეტეს, რომ გუშინდელი შემთხვევა სისტემური პრობლემის გამოხატულებაა – მხოლოდ ერთჯერადი, ისიც ორდღიანი დაგვიანების გამო (როგორც ამას იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელობა აცხადებს) ექიმები გაფიცვას, ცხადია, არ მოაწყობდნენ. 

ამასთან, კომპანიასთან ერთად, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან პრევენციის მექანიზმების შემუშავებაც, რადგან იგივე შეიძლება ნებისმიერ დროს გამეორდეს რეგიონებში, სადაც „ევექსი“ პრაქტიკულად მონოპოლისტია და იქ მისი ალტერნატივა არ არსებობს. 

ბევრი ექსპერტი თავის დროზე სკეპტიკურად უყურებდა ევექსის მიერ სხვადასხვა საავადმყოფოს შეძენის საკითხს. ისინი ეჭვობდნენ, რომ საქმე გვაქვს არა საინვესტიციო პროექტთან, არამედ სუფთა სპეკულაციურ სქემასთან. 

ცნობისთვის:  სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, გასული წლის 31 ივლისს კომპანიის აქციონერთა კრებამ კომპანიის სამ ნაწილად გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.   

ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაზე მუშაობს სადაზღვევო კომპანია იმედი L, ხოლო “სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას.

 რაც შეეხება სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის ხაზს, ამ მიმართულებით მუშაობს სადაზღვევო კომპანია ალდაგი. 

რებრენდინგი განიცადა სამედიცინო მომსახურების ბიზნესმაც, რომელიც მოიცავს ჩემი ოჯახის კლინიკას და უნიმედს.

”საქართველოს ბანკის” შვილობილმა სადაზღვევო კომპანიამ ”ალდაგი BCI”-იმ მისი კონკურენტი ”იმედი L”-ის აქციათა 85% 2012 წლის ოქტომბერში იყიდა.