თანამდებობის პირებისათვის პრემიის აღების ამკრძალავი პროექტის წინააღმდეგ ხმა ლევან ბერძენიშვილმა, მალხაზ წერეთელმა და ზვიად ძიძიგურმა მისცეს

თანამდებობის პირებისათვის პრემიის აღების ამკრძალავი პროექტის წინააღმდეგ ხმა ლევან ბერძენიშვილმა, მალხაზ წერეთელმა და ზვიად ძიძიგურმა მისცეს

მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების ამკრძალავი პროექტი პარლამეტში, კენჭისყრის შედეგით: 44 – მომხრე, სამი – წინააღმდეგი, ჩავარდა.
კენჭისყრის მონაცემების მიხედვით, ინიციატივის პირდაპირ წინააღმდეგ ლევან ბერძენიშვილი, მალხაზ წერეთელი და ზვიადი ძიძიგური წავიდნენ.
ამასთან, პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ, მაგრამ აღნიშნულ კანონპროექტზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და პროექტს მხარი არ დაუჭირეს: ნუკრი ქანთარიამ, ოთარ ჩრდილელმა, გუგული მაღრაძემ, ლუკა კურტანიძემ, გია ვოლსკიმ, ეკა ბესელიამ, თამარ კორძაიამ, ვახტანგ ხმალაძემ, ფრიდონ საყვარელიძემ, გიგა ბუკიამ, პაატა კვიჟინაძემ, გიორგი კახიანმა, ზურაბ ტყემალაძემ, დემურ ბაშალეიშვილმა და გიორგი გაჩეჩილაძემ.
დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებდა, პარლამენტმა მეორე მოსმენით განხილვისას ჩააგდო.
კენჭისყრამდე პარლამენტს დეპუტატმა გიორგი კახიანმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. კახიანის თქმით, იდეა კარგია, ინიციატივის პათოსს მიესალმება, მაგრამ მისთვის მხარი პარლამენტს არ უნდა დაეჭირა, რადგან საკითხი კომპლექსურ მოწესრიგებას საჭიროებს.
ქუცნაშვილის კანონპროექტის მიხედვით, 2017 წლის 1-ელ იანვრამდე ("საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ძალაში შესვლამდე), პრემიის მიღების უფლება შემდეგ თანამდებობის პირებს უჩერდებოდათ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; გუბერნატორებს და მის მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებსა და გემგებლებს.
ჯამში, საუბარია 746 თანამდებობის პირზე.