ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ დროებითი მმართველობიდან რევაზ საყევარიშვილიც უნდა გაეთავისუფლებინათ.
როგორც გვარამიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, საყევარიშვილი არის მიკერძოებული და იგივე საფუძვლით, რა საფუძვლითაც დავით დვალს დროებითი მმართველის უფლება შეუჩერდა, მის მიმართაც უნდა შეჩერებულიყო. მისივე თქმით, დავით დვალი მიუხედავად მისდამი არაკეთილგანწყობისა, ღრმა შეცდომაშია შეყვანილი, ხოლო საყევარიშვილის გეგმები ცნობილია.
"ამ განჩინებით დვალი საერთოდ განარიდეს პროცესებს და ვულოცავ, იქნებ გადარჩეს. დატოვეს საყევარიშვილი, რომელსაც არანაკლებ საფუძველი აქვს მიკერძოების, რადგან ჩვენი მთავარი კონკურენტის წარმომადგენელია. რამდენიმე დღით ადრე გადადგა გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან, თუმცა დღემდე ხედავენ მას ტელეკომპანია "იმედში". ეს ადასტურებს, რომ მან იცოდა, რომ ასეთი განჩინება იქნებოდა გამოტანილი. ეს ადამიანიც მიკერძოებული იყო და იგივე საფუძვლით ისიც უნდა გაეთავისუფლებინათ", - განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მმართველობას, როგორც გვარამიამ აღნიშნა, კომპანიის ფინანსური მართვა უწევს იმას, ვისაც აქვს დაკისრებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით ეს უფლებამოსილება.
"ეს ადამიანები არიან დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი. მათ ამის გაკეთება შეუძლიათ დისტანციურად. რამდენიც არ უნდა იქილიკონ დისტანციურ მართვაზე, ოდესაზე და ა.შ. მათ ამის უფლებამოსილება აქვთ. მათ აქვთ სრული წვდომა ჩვენ საბანკო ანგარიშებთან, ჩვენ საგადასახადო ბაზებთან. ჩვენ ეს წვდომა არ გაგვაჩნია და კეთილი ინებონ და მათი ვალდებულება შეასრულონ. თუ არ მოხდება გადასახადის დეკლარირება და არ მოხდება მისი გადახდა დროულად, ეს იძლევა დანაშაულის შემადგენლობას. 50 000-ს აღემატება და როგორც კი ამ თანხსას ცდება საგადასახადო დარღვევიდან გადადის სისხლის სამართლის დანაშაულში", - აღნიშნა გვარამიამ.