ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ადასტურებს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველების სიიდან დავით დვალი ამოირიცხა.
როგორც სალიამ „პირWელს“ განუცხადა, რაც შეეხება მეორე დროებით მმართველს, რევაზ საყევარიშვილს, მას უფლებამოსილება მიენიჭება, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ეს ინფორმაცია სასამართლო მხარეებს შეგვატყობინა და ხვალ ჩავიბარებ განჩინებას, სავარაუდოდ. მითხრეს, რომ განჩინება მზად არის და შეგიძლიათ ჩაიბაროთო. სასამართლო ვალდებულია შეგვატყობინოს. ეს ინფორმაცია მაქვს, თუმცა რა წერია კონკრეტულად, მოტივაცია როგორია და ა.შ. არ ვიცი. ამ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია. მე როგორც ვხვდები შეაჩერა დროებით მოქმედება დროებითი მმართველების. დვალის ნაწილში გააუქმა. ზოგადად ვთვლი, რომ ჩემი აზრით სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი შეეჩერებინა ამის მოქმედება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იურისტი ვარ და ზეპირად ვერ ვისაუბრებ, სანამ არ გავეცნობი სასამართლოს არგუმენტაციას“, - განაცხადა სალიამ.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მომავალ სამოქმედო გეგმებს მოსარჩელე მხარე მას შემდეგ დასახავს, რაც განჩინებას ჩაიბარებს.
„გავეცნობით განჩინების შინაარსს და ჩამოვყალიბდებით პოზიციაზე - გავასაჩივრებთ თუ არა. ფაქტი ისაა, რომ დროებითი მმართველები აღარ შევლენ იმიტომ, რომ სასამართლო განჩინება არსებობს. ჩემი აზრით, ის ჩიხური სიტუაცია, რაც იყო შექმნილი ახლა დროებით განეიტრალებულია. დაძაბულობა მოხსნილია“, - აღნიშნა სალიამ.
ადვოკატის განმარტებით, ამ განჩინების შესაბამისად, უფლებამოსილება ისევ ძველ მმართველებს აღუდგათ.
„როგორც სასამართლოს სატელეფონო შეტყობინებით გავიგე, ძველ გენერალურ დირექტორს, ანუ გვარამიას და ფინანსურ დირექტორს დამენიას აღუდგათ უფლებამოსილება ამ პერიოდში, სანამ სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ანუ მმართველის გარეშე ვერ დარჩეოდა კომპანია. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო ვერ მიიღებდა, ან დროებითი მმართველები უნდა დაეტოვებინა, ან ისინი უნდა აღედგინა უფლებაში“, - განუცხადა სალიამ „პირWელს“.