თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

15 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმაც. 
დღეს შესაძლოა კოლხეთის დაბლობზე ძლიერი წვიმა შენარჩუნდეს. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში კი წვიმის ნალექი შემცირდება და დღის მეორე ნახევრიდან ქარი გაძლიერდება. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, პერიოდულად იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრს მიაღწევს. განსაკუთრებით, თბილისის გარეუბნებსა და მდინარე მტკვრის ხეობაში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით საშუალოდ 8-13 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 9-14 გრადუსი იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი შენარჩუნდება. გუშინ თოვდა მესტიაში, ბახმაროსა და გუდაურში. მაღალმთაში ღამით მოსალოდნელია ყინვებიც. 
ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს, თუმცა 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. 15 ნოემბერს კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.