გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი დე-ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას არ გამორიცხავს

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი დე-ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას არ გამორიცხავს

გალის რაიონის ე.წ.ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარაია დე-ფაქტო საზღვრის ჩაკეტვას და აფხაზეთში მცხოვრები "უცხო ქვეყნის" მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ზომები იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ საქართველო "დივერსიულ საქმიანობას" არ შეწყვეტს. 
ნადარაიას თქმით, ქართული მედიასაშუალებები გალის რაიონში "საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების საკითხზე" აქტიურ პროპაგანდას ეწევიან.
"საინფორმაციო ომი არც ერთი წუთით არ წყდება, მოწინააღმდეგეს ამ მიმართულებით ჩვენზე მეტი შესაძლებლობა აქვს", - განაცხადა ნადარაიამ.
მისი თქმით, საფრთხეს წარმოადგენს ე.წ. საზღვრის სიახლოვეს, სოფელ რუხში მშენებარე მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი, სადაც, ნადარაიას მოსაზრებით, მკურნალობის გარდა, ქართული მხარე პაციენტებთან პროპაგანდისტულ სამუშაოებსაც ჩაატარებს და მათ გადაბირებას შეეცდება.
"იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები შესაბამის ზომებს მიიღებენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა სავიზო რეჟიმის დაწესება ყველა უცხოელისთვის, მათ შორის ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც. არ გამოვრიცხავთ სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვას, თუკი საქართველო არ შეწყვეტს დივერსიულ საქმიანობას", - განაცხადა ნადარაიამ.