"ეარბასის" ხელმძღვანელი - ჯერჯერობით არ დასტურდება ვერსია, რომ ეგვიპტეში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო

კომპანია "ეარბასის" ხელმძღვანელის ფაბრის ბრეჟიეს განცხადებით, ვერსია იმის შესახებ, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო, ჯერჯერობით არ დასტურდება. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინება.
ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. როგორც "ბიბისი" იტყობინება, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად, საკუთარი გამოძიება ეგვიპტემაც დაიწყო. ეგვიპტური წყაროს ცნობით, ქვეყნის სპეცსამსახურები ყველა ვარიანტს, მათ შორის ლაინერის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების ვერსიასაც განიხილავენ.
თავის მხრივ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად ტერაქტის ვერსიაც განიხილება. 
რუსული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. ავიაკომპანია "კოგალიმავიას" სამგზავრო ლაინერი Airbus-321-ი, რომელიც შარმ ელ-შეიხიდან სანქთ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.