კავშირები, რაზეც პარლამენტი საუბრობს, მოსამართლეების ასაცილებლად საკმარისი არ არის

კავშირები, რაზეც პარლამენტი საუბრობს, მოსამართლეების ასაცილებლად საკმარისი არ არის

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ვახუშტი მენაბდის შეფასებით, კავშირები, რის გამოც პარლამენტი "რუსთავი 2"-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილებას ითხოვს, აღნიშნულის ავტომატურად განსახორციელებლად საკმარისი არ არის.

როგორც მენაბდემ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ შემთხვევაში ის ვერ ხედავს ობიექტურ ინტერესთა კონფლიქტს.

"მოსამართლის აცილება არის საპროცესო მოქმედება, რომელსაც აყენებენ მხოლოდ მხარეები. საკონსტიტუციო სასამართლოში ამას იშვიათად მიმართავენ, თუმცა მიმართავენ. მაგალითად, ბოლო შუამდგომლობა ყველაზე გახმაურებულ, ე.წ. მოსმენების საქმეზე დააყენა მოსარჩელე მხარემ და მოითხოვა მერაბ ტურავას აცილება იმის გამო, რომ მას ჰქონდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წინასწარ გამოთქმული პოზიცია, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რა შემთხვევაში ხდება აცილება? – ეს ხდება მაშინ, თუ ერთი მხრივ არსებობს ნათესაური კავშირი, მეორე მხრივ კი პირს კონკრეტული ინტერესი გააჩნია საქმესთან დაკავშირებით ან არსებობს რაიმე სხვაგვარი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური და შესაბამისად ვერ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. ანუ არსებობს ორი ტიპის – სუბიექტური და ობიექტური ინტერესთა კონფლიქტი. ობიექტური ინტერესთა კონფლიქტი სწორედ ფორმალურად გაწერილ ნათესაურ კავშირებს გულისხმობს, რაც შეეხება სუბიექტურ ინტერესთა კონფლიქტს, ამ შემთხვევაში თვითონ მოსამართლემ ან სასამართლო კოლეგიამ უნდა შეაფასოს, რამდენად შეიძლება ესა თუ ის მოსამართლე იყოს მიუკერძოებელი და არაობიექტური. ეს კონკრეტული შემთხვევა, ჩემი შეფასებით, არ გადის ობიექტურ ინტერესთა კონფლიქტში ანუ ის კავშირები, რაც მოყვანილია შუამდგომლობაში, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა ამის გამო თავი უნდა აიცილონ. მაგალითად, როდესაც შენ განიხილავ ყოფილი უფროსის, ან თანამშრომლს ან თუნდაც მეგობრის საქმეს, ეს არ არის ავტომატურად აცილების საფუძველი და თუ არ აიცილებ თავს, ამ შემთხვევაში ვერავინ გეტყვის, რომ კანონდარღვება ჩაიდინე", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის - კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების შუამდგომლობით მიმართა. საკანონმდებლო ორგანოს მიაჩნია, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს აღნიშნული მოსამართლეების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

"ამის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის – შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის" ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორთან ბატონ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას", - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.