პარტია "მემარცხენე ალიანსის" ლიდერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, კომპანია "სოკარის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტია "მემარცხენე ალიანსიდან" აცნობეს, კომპანია "სოკარმა", 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დევნილ ოჯახებს, რომლებიც ამჟავად კოდაში არიან ჩასახლებულნი, ცივ ზამთარში, უკანონოდ და თვითნებურად შეუწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება.
პარტიის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემებისგან თავის დაღწევის მიზნით მოსახლეობამ "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები მიიწვია და დახმარება სთხოვა. "პარტიის ლიდერები ადგილზე ჩავიდნენ და გამოარკვიეს - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა იხდის მიმდინარე გადასახადს, კომპანია "სოკარმა", ისედაც ომით გაწამებულ, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს მაინც შეუწყვიტა გაზის მიწოდება. "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები შეხვდნენ და ესაუბრნენ ბანდიტური კომპანია "სოკარის" ადგილობრივ წარმომადგენლებს, მოითხოვეს შეეწყვიტათ გაზის ჩაჭრა და უკვე ჩაჭრილის აღდგენა, რაზედაც მათი თანხმობა მიიღეს. ამჟამად აღნიშნული საკითხი სემეკში განიხილება", - აცხადებენ პარტიაში და მიიჩნევენ, რომ "სოკარი" დანაშაულებრივ, უკანონო ქმედებებს სჩადის.