„აიფიემი“ აგრძელებს მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც ხალხისადმი მთავრობის დამოკიდებულების პარამეტრი ვარდნას განაგრძობს.
„აიფიემი“ ზომავს მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს, რაც სხვა არაფერია, თუ არა მთავრობის მიმდინარე საქმიანობის შეფასება. ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში, იზომება მთავრობის საქმიანობის ეფექტი 2-5 წლიან პერსპექტივაში, რასაც წარმატების მოლოდინის ინდექსი ეწოდება. ამ ორი ინდექსის ბაზაზე ითვლება მთავრობის რეიტინგი მისი ცალკეული საქმიანობების მიხედვით.
მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსით ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა ინდექსი პოლიციის საქმიანობის მხრივ (+3) და ჩვეულებრისამებრ, ჯანდაცვის სფეროს დარგში (+2). მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა შემდეგ მიმართულებებში: დასაქმება (-2), სოც. დაუცველებზე/პენსიონრებზე ზრუნვა (-3), საგარეო ურთიერთობები (-2). ერთსაფეხურიანი ვარდნა შეინიშნება ასევე ტერ. მთლიანობა, უსაფრთხოების დარგში და მთავრობის ხალხისადმი დამოკიდებულების მხრივ.
რაც შეეხება წარმატების მოლოდინის ინდექსს, დანარჩენ დარგებთან შედარებით აქ კვლავ მაღალია ჯანდაცვის სფეროსთვის და ასევე განათლების მხრივ. უარყოფით მახასიათებელს ინარჩუნებენ ისეთი საკვლევი მიმართულებები, როგორიცაა ეკონომიკური საქმიანობა (-2 - ინდექსის ვარდნა სექტემბერთან შედარებით), დასაქმება (-1), სოც. დაუცველებზე/პენსიონრებზე ზრუნვა (-1), საგარეო ურთიერთობები (+1) და მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი.
მთავრობის საქმიანობის რეიტინგის ზოგადად დაბალი მაჩვენებლების ფონზე კი ინდექსმა დაიწია შემდეგი მიმართულებებით - ტერ. მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი (-2), საგარეო ურთიერთობები (-1), მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი (-1). წინა თვესთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ პოლიციის დარგში (+2). ბოლო თვეების მიხედვით მთავრობის საქმიანობის რეიტინგის დინამიკა, ტენდენცია
მნიშვნელოვნად არ იცვლება. ჯანდაცვის სფერო საგრძნობლად გამოირჩევა სხვა საკვლევი დარგებისგან. ბოლო თვეებში ყველაზე მაღალ ნიშნულს, საქმიანობის რეიტინგმა მიაღწია პოლიციის სფეროში. ამის საპირისპიროდ, რეიტინგის უმცირესი მაჩვენებელი, უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, დაფიქსირდა ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარის და ხალხისადმი დამოკიდებულების მიმართულებებით.
რაც შეეხება ინდექსის საშულო მაჩვენებელს, როგორც მიმდინარე საქმიანობისთვის, ასევე მოლოდინის მხრივ ის ნულის ქვემოთ იმყოფება, რაც საერთო ჯამში მოქმედებს მთავრობის რეიტინგის ინდექსზე. აღსანიშნავია, ივლისის შემდეგ მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის ინდექსისა და მთავრობის საქმიანობის რეიტინგის კლების ტენდენცია.
ცნობისთვის "აიფიემის" კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:
• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
• წარმატების მოლოდინის ინდექსი
• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 1200 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:
• ჯანდაცვის სფერო
• განათლება და მეცნიერება
• ეკონომიკური საქმიანობა
• დასაქმება
• სოციალურად დაუცველებზე (მათ შორის პენსიონერებზე)ზრუნვა
• საგარეო ურთიერთობები
• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი
• პოლიცია
• ადამიანის უფლებები
• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი
მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე.
წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე.
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება კმაყოფილებას მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე.