სწორი განცხადება გავაკეთე, როდესაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს შევთავაზე იუსტიციის საბჭოს ფორმატში საკითხების განხილვა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.
მისი თქმით, ურთმელიძის მიწვევა სხდომაზე არ უკავშირდებოდა მის საქმიანობაში ჩარევას.
"ეს განცხადება ცნობილი იყო იუსტიციის საბჭოს წევრებისათვის, რადგან გამოქვეყნდა საჯარო ადგილას. ყოველ პარასკევს, ჩვენ დღის წესრიგი საიტზე გვაქვს განთავსებული", - განაცხადა გვენეტაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მის თანაშემწეს თამაზ ურთმელიძემ შეატყობინა, რომ საბჭოში მისვლაზე იფიქრებდა.
"ჩემი განცხადებაც იყო ის, რომ ბატონი ურთმელიძე სურვილის შემთხვევაში გამოცხადდებოდა საბჭოს სხდომაზე. მედიის მიერ, ეს საკითხი გაშუქდა, როგორც მოსამართლის დაბარება და გარკვეულწილად მისი გამოკითხვა. არც ერთი კანონი ამ შემთხვევაში არ დარღვეულა", - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი განცხადებით, საბჭოში მოსამართლის მისვლის შემთხვევები მისი თავმჯდომარეობის განმავლობაში, არაერთხელ იყო.
"მთელი ჩემი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში, ჩემი თავისთვის არასდროს მიმიცია უფლება, რომ მოსამართლისთვის კონკრეტულ საქმეზე რაიმე ანგარიში მომეთხოვა. მე თვითონ გახლდით მოსამართლე და ვიცი რას ნიშნავს ეს. ვფიქრობ, შეგნებულად არის ულტრირებული და შესაძლოა თქვენც მიგიძღვით წვლილი იმაში, რომ არასწორად გადაეცით ინფორმაცია, რომ საბჭოში დაბარებულია მოსამართლე. დაბარება ნიშნავს იმას, რომ აქ არის იმპერატიული ტონი, როდესაც მისი სურვილი არ არის გათვალისწინებული და მოსამართლე არის დაბარებული. მოწვევაში კი, არის დათქმა გაკეთებული, რომ მისი სურვილი შემთხვევაში, მოსამართლე მივიდოდა საბჭოზე. მან არ დააკმაყოფილა მოწვევა და გამოაგზავნა წერილი", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
რაც შეეხება მოსამართლის წერილის შინაარსს, რომ მისი საბჭოს სხდომაზე მისვლა შექმნის შთაბეჭდილებას, თითქოს იგი დაიბარეს ანგარიშის წარსადგენად, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მოსამართლისათვის გაგზავნილ შეთავაზებაში მითითებულია, "დაესწროს ხდომას, თუ კი მისი სურვილია".
"ამას განვუმარტავ მოსამართლე ურთმელიძესაც", - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი განმარტებით, იუსტიციის საბჭოს ფორმატში, მოსამართლესთან კომუნიკაცია ლეგიტიმური უფლებაა.