და-შინ-ებული საქართველო

და-შინ-ებული საქართველო

ნათქვამია, შიში შეიქმს სიყვარულსო… თუმცა, შიში ალბათ უფრო მორჩილებას შობს და ადამიანთა დაგლახავებას („დადედლებულნი შიშთაგან აღარ ვარგოდნენ მამლადა“ – დავით გურამიშვილი). როცა ხედავენ, რომ ხელისუფლება თავისიანებსაც არ ინდობს, რიგით ადამიანებს შიში ებუდებათ გულ-გვამში და გაყურსულები უყურებენ სხვის თავზე დატეხილ უბედურებას, დაჭერას, წართმევას... და ხმას არ იღებენ, სანამ ეს ყოველივე თავად მათ არ შეეხებათ (არადა, ყველა ფეხზე უნდა დგებოდეს, თუკი ერთ უდანაშაულოს შეეხებიან).

ერთ დროს მამაცი და თავისუფლებისმოყვარე ერი ისე დაეცა, რომ თეთრზე თეთრს ვერ ამბობს და შავზე - შავს. დაუკვირდით, თითქმის ყველა როგორ ჩუმად და შიშით ლაპარაკობს - ტელეფონში, უბანში, ინსტიტუტში, ქუჩაში და აქეთ-იქით იხედებიან. ასეთი რეპრესიების ფონზე შიშს რეალური საფუძველი აქვს. თავი შეაკალითო - არავინ ამბობს, მაგრამ ასე დაგლახავებაც არ შეიძლება. აგერ, სირიაში, არაბულ ქვეყნებში ხალხი მიტინგებზე მაინც გადის, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიტინგებზე ათასობით ადამიანია დახოცილი და კიდევ ბევრს დახოცავენ. ფორუმებზეც ყველა ერიდება საკუთარი გვარითა და სახელით წერას და მოგონილი სახელებით წერენ.

ამ ბოლო ხანებში მეორენაირი შიშიც შეიმჩნევა. ქალაქში მკვეთრად შემცირდა მანქანის ნომრები სერიით NAZ, NZN, და ა.შ. ანუ ნაციონალთა აქტივისტები “ფიქრობენ” რომ თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვა, მაშინ სააკაშვილის მომხრეებზე რეპრესიები დაიწყება და... ასეთ ნომრებს უკან აბარებენ.

პოლიტიკოსები და ქურდები

ჯერ კიდევ 1918-21 წლების საქართველოზე წერდნენ ევროპელები, რომ ჩვენს ქვეყანაში იმდენი პოლიტიკოსი იყო, რომ თავისუფლად შეგვეძლო მათით ევროპის მომარაგება. ახლა უკვე ქურდებითა და კრიმინალებით ვამარაგებთ ევროპას. საინტერესოა, რომ ქვეყნის მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებელთან მიმართებაში პოლიტიკოსებისა და კანონიერი ქურდების რაოდენობით საქართველოს ალბათ პირველი ადგილი უკავია, ევროპაში მაინც (თუ მსოფლიოში არა). როცა ხალხი ხედავს, რომ ყველაზე კარგად დამსახურებული, მშრომელი, ინტელექტუალური ადამიანები (მათ შორის - წესიერი ბიზნესმენებიც) კი არ ცხოვრობენ, არამედ - პოლიტიკოსები და ქურდები. ამიტომაცაა დღემდე ასეთი მისწრაფება ამ “დარმავოი პროფესიებისადმი” - თუ გინდა განათლებისა და ზნეობის გარეშე იოლად მიაღწიო წარმატებას და პასუხი არაფერზე აგო, წადი პოლიტიკაში ან კრიმინალურ სამყაროში. ასე ირყვნება დღევანდელი ჩვენი ახალგაზრდობა.

მიმიქარავს ინდოეთი

ამას წინათ ტელევიზიით გაჟღერდა დოკუმენტური კადრები ინდოეთიდან, სადაც მთავრობის სხდომაზე სამი მინისტრი მობილურით პორნო-ვიდეოს ყურებაში ამხილეს და თანამდებობიდან “თავისი ნებით” გაუშვეს. ჩვენი ახალგაზრდა მინისტრები მთავრობის სხდომაზე ამით ნამდვილად არ არიან დაკავებულები, სხდომის მერე კი “ადამიანურად” ისინიც ისვენებენ (ალბათ, დამქანცველი დღის მერე).

როგორ “გვეხმარებიან” ბანკები

“ჩემს გვერდით ჩემი ბანკია” – ასე ჟღერს თი-ბი-სი ბანკის (რატომ არ არქმევენ ქართულ სახელებს, მაგ. “ქართუ-ბანკი”- დიდებულად ჟღერს, მაგრამ ეს ცალკე საკითხია) სლოგანი. სინამდვილეში კი, “ჩემს უკან-ჩასაფრებული ჩემი ბანკია”, რომელიც ხელისუფლებაზე არანაკლებ გვატყავებს, სულს გვხდის მაღალი პროცენტებით და გამოირჩევა დაუნდობლობით – გაგიყიდიან ბანკში ჩადებულ ბინას (360 ათას ოჯახს აქვს ბინა ბანკში ჩადებული), წაგართმევენ შვილისთვის გადადებულ ბოლო ლუკმას და თუ სიტყვა შებედე, დაგაპატიმრებენ კიდეც. საახალწლოდ თი-ბი-სი ბანკმა “ნანუკას შოუში” 3 ბინა შეუძინა გაჭირვებულ ადამიანებს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ათასობით ადამიანს რომ აჩანაგებენ და კაბალაში აგდებენ ბანკები, ამას ქართული საზოგადოება არ უნდა შეურიგდეს. მომავალმა ხელისუფლებამ ეს საკითხი ცივილიზებულად უნდა მოაგვაროს და ხალხი ამ შიდა მჩაგვრელებისგან იხსნას. სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება არვის შერგებია (მარტო 2011 წელს ბანკებმა სამას მილიონ დოლარზე მეტი მოგება მიიღეს საქართველოში).

მანკაბერდელებს კვლავ დიდი გასაქანი აქვთ საქართველოში

დავით VII “ულუსა” და დემეტრე თავდადებულის დროს საქართველოში მოღვაწეობდა ერთი მედროვე, გინა - მეცამეტე გოჭი, სადუნ მანკაბერდელი (წარმოშობით ქართველი არ იყო), რომელმაც იცოდა მონღოლთა ენა, ტრადიციები, იყო ეშმაკი, გაქნილი და მონღოლებთან მიღებული “კაცი”. იმდენი ნდობა მოიპოვა მონღოლთაგან, რომ ხარკის აკრეფის საქმეში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა შეიქნა, უზომოდ გამდიდრდა, ხელში ჩაიგდო ქალაქები და მეფის ქვრივიც ცოლად მოიყვანა. მერე ათაბაგობა მიიღო და ეს უჯიშო ქვეყანაში მეორე კაცი გახდა. შემდგომ საუკუნეებში ეს ტრადიცია გაგრძელდა – ვინც დამპყრობლის ენა და წეს-ჩვეულებები იცოდა, ცხოვრების მოწყობას კარგად ახერხებდა მტერთან გაშინაურებით. ასე იყო კომუნისტების დროსაც და ასეა ახლაც – ვინც ინგლისური კარგად იცის და ამერიკელებთანაა ჩახუტებული ან ევროპელებთან – მისია ქვეყანა და უცხოური გრანტები. ამან ათქმევინა, როგორც ჩანს, იაგო კაჭკაჭიშვილს ის სიტყვები, რომ “ვისაც ჭკუა აქვს, ინგლისური არ იცის, ხოლო ინგლისურის მცოდნენი დიდი ჭკუით არ გამოირჩევიანო”.

ნეოლიბერალიზმი ყველგან დალპა – ჩვენთან ახლა ყვავის!

გაღრმავებული მსოფლიო-ეკონომიკური კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ნეოლიბერალიზმი ჩიხშია შესული და მომავალი არა აქვს. ამას მთელი მსოფლიო აცნობიერებს ჩვენს გარდა (უფრო სწორედ “ჩვენი” ხელისუფლების გარდა) ნეოლიბერალიზმი, ლიბერალური დემოკრატია, უძლურია გადაჭრას კაცობრიობის წინაშე არსებული სერიოზული პრობლემები, სულ უფრო იზრდება სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ყვავის ნარკომანია, ტრფიკინგი, პროსტიტუცია, შიმშილი და სიღატაკე (მსოფლიოს 200 ქვეყნიდან, ეს პრობლემები 170-ზე მეტ სახელმწიფოს, ასევე, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანას აწუხებს). სიღატაკისა და შიმშილისგან მსოფლიოში 24 საათში 22 ათასი ბავშვი კვდება (4წამში -1 ბავშვი, წელიწადში - 8 მილიონზე მეტი). დღეს მსოფლიოში 1 მილიარდი ადამიანი შიმშილობს, ანუ - ყოველი მეშვიდე. ჯანდაცვის, წყლის უკმარისობის, წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციის, შიმშილის აღმოფხვრისათვის საჭიროა ყოველწლიურად 40 მილიარდი დოლარი, მაგრამ ამ თანხებს მდიდრები ღარიბებისთვის ვერ იმეტებენ. დერეგულაცია და ყველაფრის პრივატიზაცია, უცხოელებისთვის უფრო მეტი შეღავათების დაწესება, ვიდრე საკუთარი მოქალაქეებისათვის – ასეთია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, სადაც ნეოლიბერალიზმს კბილებით იცავენ (არადა, მსოფლიოში ნარკოტიკების ბიზნესს 400 მილიარდი დოლარი მოგება მოაქვს, ალკოჰოლის ბიზნესს - 105 მილიარდი, სიგარეტს - 50 მილიარდი, იარაღის ბიზნესს კი - 780 მილიარდი. ეს ყველაფერი აღატაკებს ღარიბებს და მილიონერ-მილიარდელებს კი – კიდევ უფრო ამდიდრებს და აშორებს ხალხისგან).

თურაშაულის პატრონი

თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო – ნათქვამია. ეს ანდაზა არ შეიძლება არ გაგახსენდეს, როცა მარცვლეულის და სიმინდის ათასწლოვანი კულტურების ქვეყანაში დამპალი და გენომოდიფიცირებული მარცვლეულის და სიმინდის თესლს ასაღებენ ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან და საქართველოს უცხო თესლზე დამოკიდებულს ხდიან მომავალში. არ იყიდოთ დამპალი!

ბარემ თავზე დავისვათ ყველა

ცნობილია, თუ როგორ აიღო ევროსაბჭოში ჩვენმა მეტიჩარა ხელისუფლებამ (ხალხისგან უჩუმრად და დაუკითხავად) მესხეთელი თურქების საქართველოში 2012 წლისთვის ჩამოსახლების ვალდებულება. ასეთივე ვალდებულებაა აღებული მათ მიერ, რომ ხელი მოაწერონ ევროპულ ქარტიას რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ. მასზე ხელმომწერ სახელმწიფოებს ქარტია ავალდებულებს რეგიონული და უმცირესობათა ენების დაცვას, ადგილობრივ და რეგიონალურ სასამართლო და საჯარო-ადმინისტაციულ ორგანოებში აღნიშნულ ენებზე სამართალწარმოებას და ამ ენების უპირატეს გამოყენებას, ხოლო რაც მართლაც დამაფიქრებელია და საშიში ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნისათვის, არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქარტიის მიღებისთვის მოსამზადებელი ტრენინგის მასალებით (ოსლოს რეკომენდაციები, კოპენჰაგენის დოკუმენტის 35-ე პუნქტი) განსაზღვრულია “ისეთი გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ უმცირესობებს, მონაწილეობა მიიღონ საჯარო საქმეებში თავიანთ ენაზე, რაც შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივი ან ავტონომიური მმართველობის შექმნის გზითა და უმცირესობების ისტორიულ და ტერიტორიულ მდგომარეობასთან შესაბამისობით”(!) ესღა გვაკლდა! კიდევ კარგი, რომ ქარტია ჯერ ხელმოწერილი არ არის.

რატომ ებრძვიან ქართულ ეკლესიას

დღეს ბევრი თანხმდება იმაზეც, რომ ნეოლიბერალისტური “თავისუფლება” (სინამდვილეში - ეგოიზმი და უპასუხისმგებლობა) საფუძვლიანად ანგრევს მართლმადიდებლურ ცნობიერებას და ზოგადად - რელიგიის ავტორიტეტს. ეს პრობლემა ჩვენზე უარესად ევროპაში დგას. ამის დასამტკიცებლად საკმარისია თუნდაც იმის თქმა, რომ დღეს ათეისტების ხვედრითი წილი დასავლეთ ევროპაში ყველაზე დიდია მთელს დედამიწაზე და გაცილებით დიდი, ვიდრე თუნდაც საქართველოში და რუსეთში. ეს პარადოქსი აიხსნება მხოლოდ იმით, რომ დასავლეთ ევროპაში ეკლესია უკვე დიდი ხანია სახელმწიფოს მორჩილებაში იმყოფება. ახალ პერიოდში ჯერ ლიბერალურმა, მერე კი ნეოლიბერალურმა სახელმწიფომ იმდენად დაიმორჩილა ეკლესია, რომ იგი “გაათავისუფლა” მორალური კანონმდებლის როლისგანაც და ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ თანამედროვე ევროპელი ვერაფერს ხედავს თავის რელიგიაში, გარდა რიტუალისა. როდესაც დასავლეთში საუკუნეების მანძილზე ადამიანებს უჩნდებოდათ პროტესტი სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ, ევროპული ეკლესია მათ მოუწოდებდა მოთმინებისაკენ, რაც, არსებულ რეჟიმს აძლევდა ხელს. როდესაც დღეს მათ უჩნდებათ პროტესტი ამორალური იდეების პროპაგანდის მიმართ - ევროპული ეკლესია ან ისევ მოთმინებისკენ მოუწოდებს, ან საერთოდ ოფიციალურად “აქორწინებს”, მაგალითად, ერთსქესიან წყვილებს. შესაბამისად , ეკლესია ევროპელი ადამიანის შეგნებაში უკვე დიდი ხანია არაფრით განსხვავდება სახელმწიფოსგან და მათ მიმართ დამოკიდებულებაც აბსოლუტურად იდენტურია (ხ. ჩაფიჩაძე).

ევროპულ ეკლესიასთან შედარებით ქართული ეკლესია დღეს ძალიან დამოუკიდებელია სახელმწიფო იდეოლოგიისგან და სწორედ აქედან გამომდინარეობს დღევანდელი დაპირისპირებაც. ევროპული ან თუნდაც რუსული ეკლესიისაგან განსხვავებით, ქართული ეკლესია ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არ იყო დამოკიდებული საერო ხელისუფლებაზე. დღეს ქართული ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი და დამოუკიდებლობა უკვე ძალზე აღიზიანებს ხელისუფლებაში მყოფ ბრმა ნეოლიბერალებს, რომლებსაც ძალზე სჭირდებათ ეკლესიის მხარდაჭერა, მაგრამ ამის მიღწევა ძალზე ძნელია. 

ჩვენს ხელისუფლებას სურს ისევე დაიმორჩილოს ქართული ეკლესია და თავის სამსახურში ჩააყენოს, და რაც უნდა, ის აკეთებინოს. ამიტომ ებრძვიან ასე გამწარებით, ღიად თუ ფარულად ჩვენს დედა-ეკლესიას. თუ ეკლესიას მხარს არ დავუჭერთ, მაშინ ამ ბურჯსაც მალე წააქცევენ.