თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენება, შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეების ქიბარ ხალვაშის და შპს ”პანორამას“ სარჩელი მოპასუხეების- ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს ”ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჟარაძეს, შპს ”ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯიას”, შპს ”გეო-ტრანსის” და შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” წინააღმდეგ. მხარეებს შორის დავის საგანს ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეალიზება, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულვებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა.
მოსარჩელის განმარტებით, ფიქტიურ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მან იძულებით გაასხვისა წილები სხვადასხვა იურიდიულ და კერძო პირთა სასარგებლოდ, რომლებიც მოგვიანებით, თავის მხრივ მესამე პირებზე გასხვისდა. ხელშეკრულებაში მითითებული თანხები, სადავო წილების საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალი იყო, თუმცა გამსხვისებელს ეს ანაზღაურებაც არ მიუღია. ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა „რუსთავი 2“-ის ლოგოსა და გადაცემების - „ბოიარდის სასახლე“, „უკანასკნელი გმირი“, და „ჯეობარი“ ავტორად აღიარება, გადაცემათა შემოსავლის კომპენსირება (500 000 აშშ დოლარის ოდენობით) და ასევე 18 367 868,8 ლარის, როგორც მიუღებელი მოგების ანაზღაურების, სოლიდარულად დაკისრება მოპასუხეების ლევან და გიორგი ყარამანიშვილების, შპს „ტელეკომპანია საქართველოსა“ და ნინო ნიჟარაძის მიმართ.
მოპასუხე მხარე, არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტეს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ის ლოგოს ცვლილება, 2003, 2010 და 2013 წლებში, რა დროსაც ქ. ხალვაშს ტელეკომპანიასთან შეხება არ ჰქონია. მათივე განმარტებით, სამაუწყებლო კომპანია სადავო ტელეგადაცემებთან მიმართებაში სარგებლობს მხოლოდ ფორმატის გამოყენების ლიცენზიით, თანაავტორობის გარეშე. რაც შეეხება იძულებით დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებს, მხარეთა განმარტებით ისინი არ წამოადგენდნენ ხელშეკრულების მხარეებს, შესაბამისად ინფორმაციას იძულების ფაქტთან დაკავშირებით არ ფლობენ, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენება, შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტაცია სადავო ხელშეკრულებების კანონსაწინააღმდეგო და ამორალური ხასიათისა და იძულების თაობაზე. შესაბამისად, ხელშეკრულებები, რომლებიც კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული, სასამართლომ ბათილად სცნო. რაც შეეხება, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოთხოვნებს, სასამართლომ აღადგინა შპს „პანორამა“-სა (40%) და ქიბარ ხალვაშის (60 %) საკუთრების უფლებები. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნები ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა და მიუღებელი შემოსავლის მიღების ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.