რუზველტი ლუდოვიკო XIV-ის წინააღმდეგ

რუზველტი ლუდოვიკო XIV-ის წინააღმდეგ

რუზველტი ლუდოვიკო XIV-ის წინააღმდეგ სიმბოლურად ასე შეიძლება გამოიხატოს ივანიშვილი-სააკაშვილის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც არაორდინალურად მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ახალ კურსს (რუზველტს) განასახიერებს ივანიშვილი, ხოლო ძველ რეჟიმს (ლუდოვიკო XIV-ს) – სააკაშვილი.

კრიზისი, რომელსაც საქართველო განიცდის, ეს პირველ რიგში, კრიზისია პრინციპის “ყველა თავისთვის” (ანუ “მთავრობა თავისთვის”), რასაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. “ყველა ქართველი უნდა შეიგრძნობდეს ქვეყნის თანაცხოვრებაში მონაწილეობას, აქ არ უნდა იყოს გამონაკლისები. ის, ვინც ისწრაფვის სოციალური ერთობისკენ, ასევე ხელს უწყობს ეროვნულ ერთობასაც” – აი, ორიენტირი, რომლისკენაც ისწრაფვის ივანიშვილის მოძრაობა.

ცნობილია, რომ ხელისუფლებას (პრეზიდენტს) ირჩევენ არა იმდენად პროგრამით, ხმას აძლევენ არა აქსიომად ქცეულ იდეოლოგიას, არამედ - ახალ იდეას. მოიპოვებენ არა გუშინდელ დღეს, არამედ – ხვალინდელს. ივანიშვილი, თავისი ახალი ხედვით და მიდგომებით, საქართველოს ხვალინდელი დღეა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ნაციონალები გაიმარჯვებენ, ყველასთვის გაგრძელდება გუშინდელი და დღევანდელი კოშმარი, ყველას ელოდება სიმწრის და იმედგაცრუების წლები. დღეს საქართველო სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარალიჩს განიცდის, ცხოვრება უარესდება.

ერთ მხარეზეა მთავრობა თავისი “მიღწევებით”, მეორე მხარეს კი - გაუბედურებული და შეურაცხყოფილი მოქალაქეები. მმართველისთვის (ხელისუფლებისათვის) არაფერია იმაზე უარესი, როცა მას თავისი ხალხის აღარ ესმის, დაშორებულია ხალხისგან და დაყრუებულია ხალხისთვის.

ეს ყველაფერი როგორ მთავრდება, ამ იგავიდან გაიგებთ:

ადამიანი გაურბის ვეფხვს. გრძნობს, რომ იღუპება, მაგრამ უეცრად გონება გაუნათდება – ის იწყებს სიმღერას. მტაცებელი ჩერდება და უსმენს. მალე ამ სპექტაკლს უერთდებიან გარშემო მყოფი ტყის ბინადარნი, თუმცა, ტყის მეფე, ბებერი ლომი გასწევს მსმენელთა ჯგროს, შეხედავს მომღერალს და იქვე ნაკუწებად აქცევს მას.
– რატომ? რატომ? – დაიღმუვლეს მხეცებმა.
– რაა? - ყურთან მიაქვს თათი დაყრუებულ ლომს.
აქ მტაცებელთა ხროვა გაავებული დაატყდა თავის სმენადაჩლუნგებულ მეფეს და სული გააფრთხობინა.

პრეზიდენტ სააკაშვილს ძალუძს მოხიბვლა (შეცდომაში შეყვანა), თუმც – საკუთარი დაპირებების საზიანოდ. იგი არის ის, ვისაც გაუღიმა ფორტუნამ, მაგრამ ხალხმა ვერ მოახერხა მისი შეყვარება. თავისი ქედმაღლობის და ახირებების წყალობით იგი კარგა ხანია, მოწყდა ხალხს. ის დიდი ხალისით ეძლევა ოცნებებს (მაგ. ლაზიკა), მაგრამ მისი ფანტაზია უნაყოფოა. ბოლო ხანებში აშკარაა “მიშამანია” სამთავრობო ტელეარხები და გაზეთები მით უფრო გაშმაგებით აძაგებენ ივანიშვილს და აქებენ სააკაშვილს, რაც უფრო ეწინააღმდეგება ეს უკანასკნელი რეალობას და საღ აზრს.

ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული სახელისუფლებო მანქანა ძალიან უღირსი და ბინძური მეთოდებით ცდილობს მის დისკრედიტაციას, რითაც, სინამდვილეში, მის წისქვილზე ასხამს წყალს და ეხმარებიან კიდეც. რაც უფრო მეტს ლანძღავენ ივანიშვილს, მით უფრო მეტს ლაპარაკობენ მასზე და ეს ხელს აძლევს ივანიშვილს. დაჩაგრულს ყველა თანაუგრძნობს. 

არის ასეთი იგავიც მოჭიკჭიკე ჩიტზე:

დილაადრიან გამვლელი გზაზე აღმოაჩენს ნახევრად გაყინულ ბარტყს. შეეცოდება, ხელისგულებში მოაქცევს, სუნთქვით გაათბობს და სიცოცხლეს დაუბრუნებს. „კარგია – თავისთვის ამბობს ადამიანი – მაგრამ რა ვქნა ახლა? თუ იგი სიცივეში დავტოვე, ამ ღამეს ვერ გადაიტანს. უცებ ახლო-მახლო ჯერ კიდევ თბილ ძროხის ფუნას აღმოაჩენს და ჩიტს იქ ჩასვამს. აღმოჩნდა რა მადლიან სითბოში, ჩიტი გამოცოხლდება და დაიწყებს მხიარულ ჭიკჭიკს. ბუნებამ არ იცის დანდობა... მელიამ გაიგონა ჩიტის ჭიკჭიკი და ბარტყი გადაყლაპა.

ამ ისტორიას რამდენიმე მორალი აქვს: პირველი – ფუნაში ჩავარდნილი ნუ მიეცემი უიმედობას, ყოველთვის მოიძებნება კეთილი სულიერი, რომელიც თქვენ იქიდან ამოგიყვანთ; მეორე – იჯდე ფუნაში, ეს ჯერ კიდევ არა არის ყველაზე უარესი. და ბოლოს - ღვთის გულისათვის, იჯექით ჩუმად და არ იჭიკჭიკოთ.

ივანიშვილის უპირატესობა ჯერჯერობით მჟღავნდება არა გამარჯვების მოპოვების უნარში, არამედ უნარში – უბიძგოს სააკაშვილს და ნაციონალებს დამარცხებისაკენ. ხელისუფლებას არასოდეს არ მოიპოვებენ – ეს, მოწინააღმდეგე კარგავს მას, თუმცა ხელისუფლებას ლანგრით არავინ მოგართმევს, იგი უნდა მოიპოვო, რისთვისაც მოწინააღმდეგეზე ნაკლები შეცდომა უნდა დაუშვა.

ივანიშვილმა და მისმა გუნდმა უკვე დაუშვა რამდენიმე შეცდომა:

1. როცა მედია, განსაკუთრებით ტელევიზიები, მონოპოლიზებულია ხელისუფლების მიერ, ამ ვითარებაში არ უნდა გაუშვა შანსი დარჩენილი ოაზისების (მაესტრო, კავკასია) კეთილგანწყობის მოპოვების. ივანიშვილი შეცდა, როცა თავიდან დაუპირისპირდა მაესტროს და კავკასიის ჟურნალისტებს, ასევე ცალკეულ ექსპერტებს და მიმომხილველებს.

2. როცა უპირისპირდები ისეთ მონსტრს, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობა, უნდა ეცადო არა მარტო ტელევიზიების, არამედ რაც შეიძლება მეტი პარტიის მხარდაჭერა მოიპოვო. ყველამ კარგად იცის, თუ ვინ არიან ლეიბორისტები, ქრისტიან-დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, ახლანდელი ედპ, მაგრამ ვფიქრობ, არ ღირდა მათი მტრად მოკიდება და ამით ხელისუფალთა გახარება. სასწრაფოდ ბლოკში მისაწვევია ეროვნული ფორუმი.

3. პროფესიონალთა დეფიციტი გარემოცვაში. მლიქვნელთა თათბირი ჯერ არც ერთ ლიდერს არ გამოდგომია არაფერში. ცხადია, რომ ივანიშვილი დღევანდელ ქართულ რეალობას ბუნდოვნად იცნობს და ისიც – “მაესტროთი” და “კავკასიით”, იგი დიდხანს არ ცხოვრობდა საქართველოში. ნამდვილი პროფესიონალები და საქმის ხალხი კი იშვიათად გამოდის ტელევიზიით.
მრჩევლებს ისინი უნდა ცოდნოდათ, და თუ მოინდომებდნენ, მოძებნიდნენ კიდეც. ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. ქაოსი და ანარქია მალე უნდა დამთავრდეს და საქმის კეთებას უნდა შეუდგნენ - უნდა შემუშავდეს ყველა საპროგრამო დოკუმენტი.

4. თუ მართლაც ახალი და პატიოსანი პროფესიონალები არ გამოჩნდნენ ივანიშვილის გვერდით, მარტო ფულის იმედად ყოფნა დიდი ილუზიაა, მით უმეტეს ხელისუფლებას ბიძინაზე მეტი ფული აქვს და თუ დაჭირდათ მათი გლობალისტი მფარველები კიდევ მიაშველებენ.

5. თუ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის სახელწოდება “ქართული ოცნება” მეტ-ნაკლებად მისაღებია, პოლიტიკური პარტიისთვის ასეთი სახელის დარქმევა მიზანშეუწონელია. ახლა ოცნებას კი აღარ უნდა მივეცეთ, არამედ რეალური საქმის კეთებაა საჭირო, მოფიქრებული უნდა იქნას ახალი სახელწოდება ოპტიმისტური სახელწოდებით.

ბევრი რამ თავად ივანიშვილზეც არის დამოკიდებული. მას ბევრი დადებითი თვისება გააჩნია, თუმცა ლიდერებს ხშირად ახასიათებთ ქედმაღლობა და ფხუკიანობა, არ უყვართ პირში მთქმელი ხალხი.

ეს ყველაფერი უნდა გამოირიცხოს.

ივანიშვილს აქვს დიდი შანსი ხელისუფლებაში მოსვლის იმიტომ, რომ სიმართლე მის მხარესაა (კარგად ამბობდა ჰიუგო, რომ შეიძლება შეაჩერო მთელი არმიების შემოსევა, მაგრამ არა ის იდეები, რომელთა დრო უკვე დადგა). 

მან უნდა მოახერხოს მთელი ჯანსაღი ქართული ძალების მობილიზება, რადგან მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი და ვერაგია (მარტო ნაციონალთა დამარცხება ძნელი არ იქნებოდა, მაგრამ მათ დღემდე მფარველობენ გავლენიანი გლობალისტური ძალები, რომლებმაც ისინი ხელისუფლებაში დასვეს და რომლებსაც არ უნდათ მათ მიერ გაუკონტროლებელი პატრიოტი ქართველი ბიზნესმენის მოსვლა ხელისუფლებაში).

P.S. ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილი არის პოტენციური ძალა, წყნარი ძალა. საჭიროა წყნარი ცვლილებები - წყნარი ადამიანისგან – წყნარი საქართველოს ასაშენებლად. ქართველმა ერმა ეს ძალა ქვეყნის სასიკეთოდ უნდა აამუშაოს და ამ დაცემას და დეპრესიას თავი დააღწიოს.

როცა რეიგანი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, ასე მიმართავდა ამომრჩეველს: “დაცემაა - როცა სამსახურს კარგავს თქვენი მეზობელი, დეპრესიაა - როცა სამსახურს თქვენ კარგავთ, ხოლო აღმავლობაა – როცა სამსახურს კარგავს ჯიმი კარტერი (მაშინდელი პრეზიდენტი).

საქართველოს აღმავლობაც მაშინ დაიწყება, როცა ნაციონალები სამსახურს (ე.ი. ხელისუფლებას და ფულს) დაკარგავენ.