ევროინტეგრაცია და საქართველო

ევროინტეგრაცია და საქართველო

რა იგულისხმება “ევროპაში”? სინამდვილეში რას წარმოადგენს ევროპა? რა ხალხები და ერები მოიაზრებიან ევროპაში? ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მოსაზრება გამოთქვა პოლ ვალერიმ – დიდმა ფრანგმა პოეტმა და მოაზროვნემ, ჭეშმარიტმა ევროპელმა: “ყველა რასა, ყველა მიწა, რომელიც თანმიმდევრულად იყო რომანიზებული, გაქრისტიანებული, ექვემდებარება ბერძნული დისციპლინის შეგნებას, აბსოლუტურად ევროპულია” 1.

პოლ ვალერის ამ ფორმულიდან გამომდინარე საქართველოც ისეთივე ევროპული ქვეყანაა, როგორც პოლონეთი, უნგრეთი ან რომელიმე სხვა მათი მსგავსი. თუ არ ჩავთვლით დმანისის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ევროპაში უძველესი ადამიანის 1,7 მილიონი წლის წინანდელ ნაშთებს, რომლის ასაკი ორჯერ აღემატება ესპანეთსა და იტალიაში აღმოჩენილ დღემდე უძველეს ანალოგებს (ატაპუერკო და ჩეპრანო, 800 ათასი წლის ასაკი), მაშინ ქართველთა ურთიერთობა ევროპულ ცივილიზაციასთან (აიეტი, მედეა, “ოქროს საწმისი” და ბერძენთა ექსპედიცია იაზონის მეთაურობით კოლხეთში) 30 საუკუნეს ითვლის.

დიახ, საქართველო ევროპული ქვეყანაა. გამოჩენილი არქეოლოგების აზრით სწორედ აქ იწყება ევროპა. ცნობილი მაეცნიერის ვარანიაკის აზრით, სინამდვილეში საქართველოდან დაიძრა ემიგრაციის პირველი დიდი ტალღა ევროპისკენ. მოგვიანებით მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის (შავი ზღვის ქართულ სანაპიროებზე ბერძნების მიერ ქალაქების დაარსება და სავაჭრო-კულტურული ურთიერთობები).

პომპეუსმა საქართველოში რომი შემოიყვანა (ძვ.წ 65წლიდან) და უკვე ჩვ.წ-ის პირველ საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა შემოიჭრა, რომელმაც მესამე-მეოთხე საუკუნეების მიჯნაზე მთელი ქვეყანა მოიცვა. ამრიგად, დასავლეთის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე საქართველო მასში მონაწილეობდა და მისი მზერა ყოველთვის მიმართული იყო დასავლეთისკენ (პეტრე იბერი, გიორგი მთაწმინდელი, მეფეები დავით IV აღმაშენებელი, თამარი, გიორგი IV ლაშა, გიორგი V ბრწყინვალე, სიმონ მეფე, თეიმურაზ, ვახტანგ VI, ერეკლე II და სხვ), ვიდრე საქართველო რუსეთმა მოტყუებით და ვერაგობით არ შეიერთა.

ცნობილი ქართველი ემიგრანტი მეცნიერის, პროფესორ მიხეილ მუსხელიშვილის აზრით “იყო პერიოდი, როდესაც ქართველებმა შეიგნეს, რომ ისინი ევროპას მიეკუთვნებიან. ევროპა ახლა (იგულისხმება 1950-იანი წლების დასაწყისი – ვ.შ) აკეთებს ამ დასკვნას. ასევე აუცილებელია, რომ ქართველებმა დაამტკიცონ თავიანთი არსებობა ევროპაში და მიაღებინონ საქართველო დასავლეთის ერების ოჯახში”.

ამრიგად, ევროპა და ევროპელობა არ განისაზღვრება არც გეოგრაფიით, არც რასით, არც ენით, არც ზნე-ჩვეულებებით, არამედ მისი სულის უტყუარი თვისებებით, სულისა, რომელიც პოლ ვალერის მიერ განსაზღვრული იმ სამი გავლენის მემკვიდრეა.

ქართველთა ევროპელობის დამამტკიცებელი ფაქტორები მრავალია, აღვნიშნავთ მხოლოდ ზოგიერთ არსებითს.

1. მიხეილ მუსხელიშვილი საქართველო და ევროპა, საქართველოს ურთიერთობა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან, თბ; 1995, ტომი 2 გვ.182


ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით ქართული ფეოდალიზმი და პატრონყმობის სისტემა გასაოცრად მიემსგავსება და გვაგონებს დასავლეთ ევროპის საშუალო საუკუნეების ფეოდალურ წეს-წყობილებას... პატრონყმობა მთელს ძველს საქართველოს ნიშანდობლივ ელფერს აძლევდა: იგი სუფევდა როგორც სოციალურს, ისე სახელმწიფო წეს-წყობილებაში..., “პატრონი” მეფესაც ეწოდებოდა და ჩვეულებრივ მოკვდავსაც, თუ მათ ყმები ჰყავდათ. “ყმაც” (სიტყვიდან “ყმა”) ქვეშევრდომსაც ნიშნავდა და პატრონთადმი ყმობრივი სამსახურითა და ერთგულებით ვალდებულებასაც... თითქმის მაშინდელი მთელი საქართველო, მეფისგან მოყოლებული, უბრალო მდაბიომდე, პატრონყმობის უღელში იყო შებმული... ომიანობის დროს საქართველოს მხედრობა პატრონყმულად იყო დარაზმული” 1.

პატრონყმობის სისტემაა ასახული სწორედ უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის რენესანსულ შედევრში “ვეფხისტყაოსანი”. ტახტის მემკვიდრეობის უფლება, ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა, ფეოდალური საზოგადოების თითოეული წოდებებისათვის სავსებით გარკვეული უფლებებისა და მოვალეობის დადგენა, ომისა და აჯანყების უფლება-აი, ის მთავარი საკითხები, რომლებიც წარმოდგენას გვაძლევს რუსთველის სამართლებრივ და პოლიტიკურ შეხედულებებზე, რომელიც მას გადაწყვეტილი აქვს ე.წ. “მართალი სამართლის” (ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად) მიხედვით და რომელსაც შემდგომ დაეფუძნა ევროპული ცივილიზაცია. შემთხვევითი არაა, რომ რუსთველის იდეალია მეფე თვითმპყრობელი, რეფორმატორი და ტოლერანტი (შემწყნარებელი), მეფე მოსიყვარულე და ქვეშემვრდომთათვის სამართლის მიმნიჭებელი, ქვრივ-ოხრებზე და გაჭირვებულებზე მზრუნველი, ერთგული შემდგომში ევროპული სოციალური იდეალისა: “მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები”. 

სწორედ ასეთი მეფე (თამარი) აუქმებს ასოების მოკვეთას, აჩერებს სიკვდილით დასჯას, ავითარებს ქველმოქმედებას – შემდგომში წმინდა ევროპულ იდეალებს და პრინციპებს, ამკვიდრებს სახელმწიფო სამსახურში დგომის ტრადიციას და არა ცარიელ გვარიშვილობას, არააბორიგენების მიმართ შეღავათებს და მათი კულტურის, რელიგიის შენახვას, მათ დაცვას, კერძო საკუთრებას (დავით IV). რელიგიური მშვიდობიანობა, ყველა რელიგიის პატივისცემა და დახმარება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა იყო, რაც ძალუმად ეხმიანება ევროპულ იდეებს.

წმინდა ევროპულ მოვლენათა რიგს უნდა მივაკუთვნოთ ისეთი დიდი მნიშვნელობის საკითხი, როგორიცაა სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და ძალუფლების დანაწილების ყუთლუ-არსლანისეული ხედვა XII საუკუნის საქართველოში, 1184წელს. ყულთუ-არსლანის დასის პროგრამაში მთელი ფეოდალური საქართველოს სახელმწიფო წყობილების გარდაქმნის იურიდიულ საფუძვლად მიჩნეულია სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების საერო მოძღვრება (რომლის კლასიკური საფუძვლები ლოკმა და მონტესკიემ ჩამოაყალიბეს XVIII საუკუნეში).

ამ პროგრამაში 2 უმთავრესი პუნქტი იყო - ა) პარლამენტის მსგავსი დაწესებულების შექმნა; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილება და მისი განხორციელება სხვადასხვა ორგანოების მიერ 2. 

1. ივანე ჯავახიშვილი თხზ. ტომი VI, თბ; 1981 გვ 448-452
2. ვაჟა შუბითიძე პოლიტოლოგია, თბ; 2006, გვ.76



ამ მოვლენას, როგორც ივანე ჯავახიშვილი წერდა, იმ ეპოქის მსოფლიო ისტორიაში ანალოგი შეიძლება მოეძებნოს მხოლოდ ინგლისის თავისუფლებათა დიდ ქარტიაში (1265წ), რაც ყუთლუ არსლანის დასის მოძრაობის მსოფლიო-ისტორიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს 1. 

XII საუკუნის ეს უდიდესი პოლიტიკურ-სამართებრივი მოვლენა შემზადებული იყო წინა ეპოქის მოღვაწეთა, განსაკუთრებით კი ათონის მთაზე (ბიზანტია) მოღვაწე უდიდესი მოაზროვნის გიორგი მთაწმინდელის (ათონელის) მემკვიდრეობით, რომელმაც ქართული მონასტრების წინამძღვართა დანიშვნისას შემოიღო “წილნაყრობის წესი”, ანუ დღევანდელი გაგებით პირდაპირი და ფარული არჩევნები: “საკმარისია XI საუკუნის დამდეგს ქართულს სამონასტრო წეს-წყობილებაში მომხდარი ცვლილება გავიხსენოთ, როდესაც წინანდელი მამასახლისისგან თანამდებობის პირთა დანიშვნის მონარქიული წესი რესპუბლიკურ წესად შეიცვალა და მონასტრებში ყველა წევრთა “თანადგომითა და ერთნებობით” მოწყობილი არჩევნები იქნა შემოღებული, რომ თამარის დროს ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკური მოძრაობის შედეგად საქართველოს სახელმწიფო წეს-წყობილებაში მომხდარი ცვლილებების იდეური სათავის სათაურობა ცხადი შეიქნას 2.

ევროპულთან ძალზე ახლოს იყო ბავშვთა აღზრდა-განათლებისა და მეცნიერების განვითარების ქართული ტრადიციები. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ IV საუკუნეში დასავლეთ საქართველოში, ფაზისში უკვე არსებობდა ფაზისის აკადემია. XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე დავით აღმაშენებელმა გელათის და იყალთოს აკადემიების დაარსებით ქართული უმაღლესი სკოლა მაშინდელ მოწინავე ევროპულ დონეს გაუთანასწორა. 

მაშინდელი ქართული სამართალი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და დემოკრატიული სამართალი იყო. სიკვდილის დასჯის შეჩერებით და წამების აკრძალვით თამარის საქართველომ შორს გადაუსწრო ევროპულ ქვეყნებს: “სამართლის საქმეთა ორგანიზაციაშიც საქართველომ იმ ეპოქაში საგრძნობ პროგრესს მიაღწია: სისხლის სამართლის თეორიის უდიდესი მიღწევების გვერდით, იმ მიღწევების, რომელთა მშვენიერი მაგალითი მოცემულია ექვთიმე ათონელის მოძღვრებაში მკვლელობისა და ჭრილობათა მიყენების შესახებ, საქართველოში მთელი რიგი ღონისძიებები იყო ჩატარებული პრაქტიკული ხასიათისაც. შექმნილი იყო საგანგებო დაწესებულება, რომელიც განაგებდა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს... ამგვარად გამიჯნული იქნა სფერო სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმის წარმოებისა. შემდეგ საკასაციო საჩივართა გარჩევა დავით აღმაშენებელმა ჩამოართვა უზენაესი ხელისუფლების ფუნქციებს (ე.ი. სასამართლო გამოყო აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან და დამოუკიდებელ ხელისუფლებად აქცია – ვ.შ.) ნაცვლად ამისა შეიქმნა უზენაესი საკასაციო კოლეგიური სასამართლო“ 3.

ქართული ხელისუფლების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება იყო ისიც, რომ სახელმწიფო შემოსავლის 10% ქველმოქმედებასა და ღარიბთა დახმარებას ხმარდებოდა, რაც თანამედროვე განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოთა სოციალური ნორმა და წესია. სწორედ ეს განაპირობებდა სოციალურ მშვიდობიანობას ქვეყანაში, სადაც “შიგან მათთა სიბრძნისაგან თხა და მგელი ერთად სძოვდეს”.

1. ივანე ჯავახიშვილი თხზ. ტომი II, თბ; 1983. გვ 374
2. იქვე, გვ 376
3. იქვე, გვ 409



თურქ-სელჩუკებთან და მონღოლებთან თავგანწირული ბრძოლებით საქართველომ შეანელა ევროპის ქვეყნებზე ამ დამპყრობლების შეტევითი ტალღები, თუმცა თავად გახდა შემდგომ მსხვერპლი ოსმალთა და სპარსელთა გაუთავებელი და გამაჩანაგებელი თავდასხმებისა. 1453 წელს ოსმალთა მიერ ბიზანტიის და კონსტანტინოპოლის დაპყრობამ საქართველო დიდი ხნით მოწყვიტა ევროპას და ევროპულ ფასეულობებს და იგი ბარბაროსთა შორის აღმოჩნდა.

თვით ამ ურთულეს პირობებშიც კი ქართველობას არ შეუწყვეტია სწრაფვა ევროპისაკენ და ევროპული იდეალებისაკენ (სიმონ მეფე, თეიმურაზ I, ვახტანგ VI, სულხან-საბა ორბელიანი, ანთიმოზ ივერიელი, ერეკლე მეორე და სხვა.) ქართველთა თავდადება ქრისტიანობისათვის (ქეთევან წამებული) მთელ იმდროინდელ ევროპაში გახმიანდა და მისაბაძ მაგალითად იქნა დასახული ევროპელი მისიონრებისა და სამღვდელოების მიერ.

თუ ადრე საქართველო ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ევროპულ ქვეყნებს და ბევრ საკითხში უსწრებდა კიდეც მათ, ირან-ოსმალეთის და რუსეთის ხელში ჩავარდნილი ქვეყანა საკმაოდ ჩამორჩა და ახლა უკვე ევროპიდან იღებდა განვითარების სასიცოცხლო იდეებსა და ტექნოლოგიებს.

ყველა ამ დამპყრობლის სასტიკი კოლონიური მმართველობის მიუხედავად ქართველებს არასოდეს არ აუღიათ ხელი უმთავრეს ევროპულ ფასეულობაზე -ერისა და პიროვნების თავისუფლებაზე, მტერთან შეურიგებლობაზე, ცივილიზებული მმართველობის დამყარებაზე. მაგ: 1832 წელს რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების დროს ქართული არისტოკრატიის უმთავრესი იდეა იყო ინგლისის მსგავსი სახელმწიფოებრივი მართვა-გამგებლობის დამყარება. ჯერ კიდევ ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ (1798 წ.) კონსტიტუციური მონარქიის იდეამ დიდი მხარდაჭერა ჰპოვა ქართველი მოღვაწეების - სოლომონ ლიონიძის, ალექსანდრე ამილახვარის, ჭაბუა ორბელიანის და სხვათა მსოფლმხედველობაში. ალექსანდრე ამილახვარი თვით მეფის არჩევის პრინციპის დანერგვასაც მოითხოვდა მემკვიდრეობის ნაცვლად 1.

სასტიკი და ბარბაროსული რუსეთის მარწუხებში მოქცეულ დიდ ქართველებს (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, არჩილ ჯორჯაძე, ივანე მაჩაბელი, ივანე ჯავახიშვილი და სხვ.) აღაფრთოვანებდა ევროპული ფასეულობანი და ღირებულებები, სოციალურ-პოლიტიკური და ფილოსოფიური იდეები.

ევროპული წესის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება - როცა თავად წყვეტ საკუთარ პრობლემებს და სხვისი ხელის შემყურე არა ხარ.

დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქის საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იყო. საქართველო იყო ეკონომიკურად და სოციალურად გამართული სახელმწიფო. სპარსელი გეოგრაფის ჰამდალა ყაზვინის ცნობით, საკუთრივ საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო სალაროს ფულადი შემოსავალი 3 მილიონ 750 ათას ოქროს მანეთს უდრიდა (ყმადნაფიცი ქვეყნების გარეშე, საიდანაც ალბათ 1,5-2 მილიონი მანეთი შემოდიოდა კიდევ ხარკის სახით – ვ.შ.) თვით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ცნობილი მეცნიერის ზომბარტის ცნობით, ინგლისის მეფის შემოსავალი 1300 წელს 4 მილიონ ოქროს ფრანკს, ხოლო საფრანგეთის - 1311 წელს 3 მილიონ ფრანკს არ აღემატებოდა. საქართველოს შემოსავლის ზემოაღნიშნული თანხა მხოლოდ ფულადი შემოსავლის ოდენობაა. ამას გარდა, მას სულად დაწესებული გადასახადების შემოსავალიც ცალკე ჰქონდა” 2.

1. ელბერდ ბატიაშვილი ილია და საქართველო, თბ; 1998, გვ 33
2. ივანე ჯავახიშვილი თხზ. ტომი II, თბ; 1983. გვ 372


კოლონიურ მდგომარეობაში მყოფ საქართველოში გამეფდა აზიური ინერტულობა და სხვისი მოიმედეობა, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდნენ ჩვენი ეროვნული მოღვაწეები. ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის და არჩილ ჯორჯაძის სახელთანაა დაკავშირებული ევროპული ღირებულებების შემოტანა და დაბრუნება საქართველოში, ქართული აზროვნებისა და პოლიტიკური კულტურის ევროპეიზაცია, მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული რადიუსით გამართვა, ევროპული პროგრესული აზროვნებისათვის ქართული ნიადაგის შეფარდება და საეტაპო დემოკრატიული ღირებულებების შექმნა, ერის ვიწრო ნაჭუჭში ჩაკეტვის მცდელობის უკუგდება.

ილიას აზრით ერის სულიერი და ხორციელი აღორძინება უპირველესად მხოლოდ შინაგანი ძალებით არის შესაძლებელი და არა მხოლოდ “ უცხოური დახმარებებით’: “გვეყო ბატონებო, ჩვენის აწმყოს და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება. ჩვენი გაჭირვების, გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ, მძიმეა ეს უღელი, მაგრამ მით უფრო სახელოვანია მისი ერთგული გამწევი. მძიმეა, მაგრამ უმაგისოდ ვერ შოებულა ამ ქვეყანაზედ სიკეთე და ძალ-ღონე ხალხისა, სხვა გზა არ არის, ჩვენის ცხოვრების შარაგზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ” 1.

ილია ჭავჭავაძემ საფუძველი ჩაუყარა სწორედ ევროპისათვის დამახასიათებელ “საერთო ნიადაგის” თეორიას (ილია ამას წოდებათა შერიგებას უწოდებდა) რომელიც განავითარა და გააღრმავა არჩილ ჯორჯაძემ (სწორედ მან უწოდა ამ თეორიას “საერთო მოქმედების” თეორია).

ილიას მიაჩნდა, რომ სანამ ერი მთლიანი და ერთიანია, იგი უძლეველია; როცა ერში იწყება “განთვითოეულება”, იგი გარდაუვალი დაღუპვის წინაშე აღმოჩნდება: “ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის, თითოში-ყველა, საცა თითოეული ყველასთვის არ ფიქრობს და ყველა-თვითოეულისათვის, საცა “მე” ხშირია, “ჩვენ”-იშვიათი... ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა იცოდეს, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელი ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე” 2. არჩილ ჯორჯაძის აზრით, “საერთო მოქმედების” თეორია არის გარანტი ერის წინაშე წამოჭრილი ფუნდამენტური საკითხების სამართლიანად და ეროვნული ინტერესების პრიზმით გადაწყვეტისა: “უდავოა, - წერდა იგი, - რომ ევროპაში მოკამათე დასნი დგანან საერთო მოქმედების ნიადაგზე. ამ გარემოებამ არ უნდა გაგვაკვირვოს. დემოკრატიულ დაწესებულებათა შექნისთვის საჭიროა ყველა პროგრესული პარტიის შეერთებული ძალა და ამ მიზნით ხშირად საჭიროა კლასთა ბრძოლის სიმწვავის შესუსტება” 3.

სწორედ ილია ჭავჭავაძემ მოუწოდა ქართველობას თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის იმ პრინციპების დანერგვისაკენ, რომლის სამშობლოა ევროპა: “ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხანისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ახლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს, დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულითა და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა, ეხლაც ომია, ხოლო სისხლის 

1. ი. ჭავჭავაძე თხზ. ტომი IV, თბ; 1987, გვ 235
2. ვაჟა შუბითიძე პოლიტოლოგია, თბ; 2006, გვ.80
3. არჩილ ჯორჯაძე თხზ. წიგნი IV, თბ; 1911, გვ.23



ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი - ეს ომი შრომისაა და ვითარცა შრომა – პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავგამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე” 1. ამ იდეის არგათვალისწინება დაღუპვას უქადდა ქვეყანას და უქადის ახლაც: “ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვათვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა.. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო რა, შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული კი თან გაგვიტანს, ფეხქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგწყვეტს. სახსენებელი ქართველთა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერ ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვები დაეპატრონებიან” 2.

თერგდალეულთა ახალმა თაობამ (ნ. ნიკოლაძე, გ. წერეთელი, კ. ლორთქიფანიძე, ს. მესხი და სხვ.) შეძლო ქართველი ერის ისტორიაში ახალი ბილიკების გაკვალვა: “ამ ახალი თაობის საქებრად უნდა ვთქვათ, რომ ეს ახალი გზა იმათ მალე მონახეს, ეს გზა- დასავლეთ ევროპის გზა არის 3. ეს განსაკუთრებით უნდა ითქვას ნიკო ნიკოლაძეზე.

ნიკო ნიკოლაძე ერთერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც დასავლური შეხედულებები ჯერ კიდევ 1870-იან წლებში იქადაგა. ის იყო ევროპული პრაგმატიზმისა და საქმიანობის, ევროპული პოლიტიკური რეალიზმის, ევროპული განათლებისა და ტექნიკის, კულტურის დამნერგავი საქართველოში.

დასავლეთ ევროპის პროგრესულ აზროვნებას მან ქართული ნიადაგი შეუფარდა და შექმნა ღრმა ეროვნული მსოფლმხედველობა და საკუთარი სოციალურ-პოლიტიკური კონცეფცია: “არც ერთ მაშინდელ ჩვენს მოღვაწეს არ უგრძვნია ეპოქის სული ისე, როგორც ნ.ნიკოლაძემ იგრძნო - წერდა სიმონ ხუნდაძე – არავის არ მოუტანია ჩვენში იმდენი პროგრესიული და ევროპული აზრი (ამ სიტყვის კულტურული მნიშვნელობით), რამდენიც შემოიტანა ნ.ნიკოლაძემ 4.

გერონტი ქიქოძეს ნიკო ნიკოლაძე მიაჩნდა ევროპული აზროვნების პირველ წარმომადგენელად საქართველოში 5. ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, რომელმაც უცხოეთში, ციურიხში 1868 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია უაღრესად აქტუალურ თემაზე “განიარაღება და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები”, რომელიც ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა ჟენევაში.

ნიკო ნიკოლაძე ევროპული ტრადიციით განვითარების ეროვნული მოდელის შექმნას უჭერდა მხარს უცხოური დადებითი გამოცდილების გამოყენების გათვალისწინებით და თვლიდა, რომ შეუძლებელი იყო უცხოელს, ქართული სპეციფიკისა და რეალობის არ მცოდნეს, ქვეყნისათვის ზუსტად მისადაგებელი განვითარების რეცეპტი მოენახა: “ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისთვის, - წერდა იგი – დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას... უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედა ენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს” 6.

1. ვაჟა შუბითიძე პოლიტოლოგია, თბ; 2006, გვ.82-83
2. იქვე, გვ 82
3. ნაწერები სერგეი მესხისა, ტომი I, 1903 გვ 104
4. ს. ხუნდაძე სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტომი I, თბ; 1927,გვ 182
5. ქ. ჯიჯეიშვილი ქართული დემოკრატიის სათავეებთან, (ნ. ნიკოლაძე, ა. ჯორჯაძე) თბ; 2002, გვ.81
6. ვაჟა შუბითიძე პოლიტოლოგია, თბ; 2006, გვ.85



ქვეყნის აღორძინების უმთავრეს პირობად ნიკო ნიკოლაძეს თავჩაუხრელი შრომა, თვითგანვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობის (ერობის) განვითარება და სწავლა მიაჩნდა. ამასთან იგი თვლიდა, რომ “სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება” 1. ნიკოლაძე აქცენტს აკეთებდა უმთავრესად საკუთარი რესურსებით და შრომით ქვეყნის განვითარების აუცილებლობაზე და არა მხოლოდ უცხოელთა ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებაზე, რაც არასოდეს უანგაროდ არა ხდება: “ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყო სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით და ჯანით. ადვილად შესაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს და არც მთელ საზოგადოებას. კაცისათვის და ქვეყნისთვის მარტო ის არის გამოსადეგი და ძვირფასი, რაც იმას თავისი საკუთარი შრომით, ოფლისღვრითა და შრომით შეუძენია” [იქვე].

ნიკო ნიკოლაძე ეროვნული საქმეების გადაწყვეტის პროცესში გადაჭრით უარყოფდა ყოველგვარ რადიკალიზმს და თვლიდა, რომ “ქართველობის მიზნები მხოლოდ ზომიერების გზით მიიღწევა”. მას ქართველთათვის მისაბაძად მიაჩნდა ევროპული თაობათა მემკვიდრეობითობის ის ოქროს წესი, როცა ახალი თაობა განძად თვლის წინასგან დატოვებულ მემკვიდრეობას და თვითონაც ზედ ამატებს თავის ნაღვაწს. ნ.ნიკოლაძემ ერთ-ერთმა პირველმა ქართველ მოღვაწეთაგან წინა პლანზე პრაქტიკული და პრაგმატული საკითხები წამოსწია, რაც მთლიანად შეესაბამებოდა ქვეყნის განვითარების მოთხოვნებს. აი, როგორ აფასებდა მას 1913წელს ჟურნალი “კლდე”: “ნიკოლაძე და რუსეთში ნასწავლი ინტელიგენცია ორი ანტიპოდია, სულ სხვადასხვა ტიპები. ნ.ნიკოლაძე სულით და გულით ევროპელია, ევროპაში ნასწავლი, ევროპის იდეებით გამსჭვალული, ევროპის ტექნიკა-ინდუსტრიის მცოდნე, ინიციატივის კაცი, პრაქტიკული და საქმიანი. ჩვენი ინტელიგენცია კი უმთავრესად აღზრდილია რუსეთის სკოლაში, ამ მონური სულით, ჩინოვნიკური რუტინით და სოციალისტიკით გაჟღენთილი. ამიტომ ჩვენი ინტელიგენტები უმთავრესად არიან თეორეტიკოსები, მეოცნებე, აკადემიური მსჯელობის ხალხი. ამათი სფეროა თბილი კაბინეტი, რბილი სავარძელი, უნიადაგთ თეორიული მსჯელობა, მეტაფიზიკური მორალი და სხვადასხვა პარტიულ-პოლიტიკური ოცნება, ფანტაზიები. ნიკოლაძე კი, უწინარეს ყოვლისა, მუშაკია დაკაპიწებული ხელებით, ცხოვრების ტექნიკი და ლაბორანტი. იგი რეალისტია, რეალური პოლიტიკის მწარმოებელი, ცხოვრების მცოდნე, მის ქარტეხილში ჩავარდნილი” 2.

ნიკო ნიკოლაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალაქ ფოთის აღმშენებლობაში, პორტის ელექტროფიკაციასა და მექანიზაციაში. მან ფოთის პორტის ამოქმედებით ფანჯარა გაჭრა ევროპაში საქართველოსთვის. იგი 20 წლის განმავლობაში იყო ფოთის ქალაქის თავი. ამ ხნის განმავლობაში ქალაქის ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა. უდიდესი შრომა გასწია მან ტყიბულის ქვანახშირის საბადოს ათვისებისა და ჭიათურის მანგანუმის წარმოების გასაფართოებლად. მან გაიყვანა შორაპან-ჭიათურის სარკინიგზო ხაზი, რითაც მანგანუმის გადაზიდვის საქმეც მოაგვარა და გააიაფა.

1. ვაჟა შუბითიძე პოლიტოლოგია, თბ; 2006, გვ.86
2. ნიკო ნიკოლაძე - 150 საიუბილეო კრებული, თბ; 1996, გვ10



იგი აქტიურად მონაწილეობდა თბილისის წყალსადენის მშენებლობაში, კახეთის რკინიგზისა და სურამის გვირაბის გაყვანაში, ტრანსციმბირის რკინიგზის მშენებლობაშიც კი. მან მოიწვია ფრანგი მილიარდელი როტშილდი კავკასიაში, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ძმებ ნობელებთან. მან დააარსა ფოთში თანამედროვე ბანკი. ქართულ სინამდვილეში პირველმა ნიკო ნიკოლაძემ დაბეჭდა ობლიგაციები, ლატარიის ბილეთები და მთელი შემოსავალი ქალაქის კეთილმოწყობას მოახმარა, რაც უპრეცედენტოდ ნოვატორული ნაბიჯი იყო მაშინდელ საქართველოში.

ნიკო ნიკოლაძემ გერმანელ დიპლომატებთან ოფიციალურ საუბარში 1918 წელს წამოაყენა იდეა ევროპის აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთან ვაჭრობის ფოთზე გატარების თაობაზე (ბერლინი-ფოთი-პეკინი), რაც დღეს უკვე პრაქტიკულად ხორცს ისხამს ევრაზიული დერეფნის-აბრეშუმის გზის სახელწოდებით.

1874 წელს ნიკო ნიკოლაძემ პარიზში ყოფნისას დაწერა ნაშრომი “ფრანგული პრესის დეკადანსი”, რომელმაც ცნობილი ფრანგი მოაზროვნეების და ჟურნალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა და ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა კიდეც.

ნიკო ნიკოლაძეს პირადი ნაცნობობა ჰქონდა ცნობილ ევროპელებთან-ვიქტორ ჰიუგოსთან, მარსელ დეპრესთან, კარლ მარქსთან და სხვებთან.

მან შეისწავლა ევროპის ქვეყნების და იაპონიის მდიდარი გამოცდილება ეროვნული სახელმწიფოს შენების საქმეში და დაწვრილებით გაუანალიზა იგი ქართველობას.

იგი მიუთითებდა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ქვეყნის სიდიდეს და მოსახლეობის მრავალრიცხოვნებას, არამედ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და საშემსრულებლო დისციპლინას. “ძალა და ძლევა რიცხვსა და სივრცეს კი არა, - წერდა იგი, არამედ ცოდნას, ორგანიზაციას ეკუთვნის, იარაღს, წესს და დისციპლინას 1. და დღეს, მართლაც უზარმაზარი და ნედლეულით უმდიდრეს რუსეთზე გაცილებით წინ არიან პატარა ქვეყნები - შვეიცარია, შვეცია, ბელგია, ჰოლანდია და სხვ. რომლებმაც განავითარეს საწარმოო ძალები, ცოდნა და შრომის გონივრული ორგანიზაცია შეძლეს. საქართველომ სწორედ მათ უნდა მიბაძოს.

ქართველ მოღვაწეთაგან ნოე ჟორდანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ევროპაში სწავლის შემდეგ გააცნობიერა, რომ ევროპა “ჩვენი მტერი არ არის, პირიქით, ის არის სისხლი-სისხლთაგანი ჩვენი და ხორცი-ხორცთაგანი ჩვენი. ჩვენ ჩვენითვე ვევროპიელდებით და მაშასადამე, მის გვერდით, მასთან შეკავშირებით უნდა ვიცხოვროთ” 2. და რომ “გაევროპელება წარმოებს ქართულ ნიადაგზე, ქართულ კულტურაზე” 3.

ევროპაში იძულებით ემიგრაციასა და მრავალი წლის განმავლობაში იქ ცხოვრების დროს ნოე ჟორდანია კიდევ უფრო ცხადად დარწმუნდა, რომ “ევროპის გზა მსოფლიო გზაა, ახლა ისტორიის სხვა გზა არ გამოუგონია და თავისთავად მისახვედრია ჩვენი მასზე შედგომა” 4. ჟორდანიას უეჭველად მისაღებად მიაჩნდა ევროპის შრომის საშუალებანი, მისი ტექნიკა, მისი მეცნიერება, მისი ნივთიერი და სულიერი კულტურა.

თავის მოგონებებში დავით სარაჯიშვილზე ნოე ჟორდანიამ მოგვცა “ევროპელი ქართველის სანიმუშო ტიპი: “ის იყო პირველი ქართველი მრეწველი ევროპელი ტიპისა. ერთხელ მან მითხრა: “ძნელია ჩვენში ეკონომიკურად წინ წაწევა. როგორც კი ერთი ცოტაოდენ ქონებას შეიძენს, ასი მშიერი უკან დასდევს და სანამ არ გახრავენ, თავს არ დაანებებენ. ასეთ პირობებში მართლაც დიდი პრაქტიკული ნიჭია საჭირო, რომ შემოსეულ ხროვას გაუძლო და შეძლება გონიერად მოიხმარო.”

1. ვაჟა შუბითიძე პოლიტოლოგია, თბ; 2006, გვ.86
2. ნოე ჟორდანია რჩეული, თფილისი, 1920, ტომი II, გვ196
3. ნოე ჟორდანია რჩეული ნაწერები, თფილისი, 1911, გვ 114
4. ნოე ჟორდანია ევროპა და კაცობრიობა, რჩეული ნაწერები, თბ; 1990,გვ 154



დავითი რომ წმინდა ქართველი მრეწველი ყოფილიყო, კაი ხანია ქართველურად დაამთავრებდა-მისი შეძლებისგან არაფერი დარჩებოდა. Mმხოლოდ ევროპელ კაცს შეეძლო ყველა მადლიერი ჰყოლოდა და თანაც შეძლება არ გაეფლანგა. შეაერთეთ ქართული გულკეთილობა და პურ-მარილი ევროპულ საქმიანობასთან და მიიღებთ დავით სარაჯიშვილს. ამ პიროვნებაში სამაგალითოდ შეზავდა საქები ქართველობა და საქები ევროპელობა და მე მგონია, ქართველის გაევროპელება სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს, როცა თითოეული ჩვენგანი ისწავლის ევროპიულ მუშაობას, ევროპიულ საქმიანობას და თან ნაციონალურ ხასიათს არ დავკარგავთ - ჩვენი გაევროპელება ფაქტი იქნება. დავით სარაჯიშვილი ქართველი ევროპელი იყო” 1. 

ნოე ჟორდანიას დასკვნით საქართველო ევროპაში უნდა შევიდეს არა რუსეთთან ერთად, არამედ როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. მისი აზრით, რუსეთმა ორჯერ აქცია ზურგი ევროპას (პეტრეს შემდგომ და 1917 წლიდან), საქართველო კი მუდამ ევროპისკენ ისწრაფოდა... საქართველო თავისი ისტორიული და სოციალური ძირითადი შენობით ნაჭერია ევროპის, დასავლეთის კულტურის და მისი შუა გზაზე ძალით, უცხო ხიშტებით გაჩერება, მისთვის არაევროპული ურთიერთობის თავზე მოხვევა იქნება ხალხის სიკვდილი, ერის გადაშენება. რუსეთს არ მოელის ასეთი გადაშენება, ვინაიდან ის თავის ისტორიულ საფუძველზე დგას; აზიელობა ბოლოსდაბოლოს უნდა გათავდეს ევროპიელობით. ეს ბუნებრივი მსვლელობაა. მაგრამ ევროპული ერის - საქართველოს გააზიელება ძალმომრეობით - ეს სრული არევაა ბუნებრივი მსვლელობის, ეს სასიკვდილო ნახტომია... ჩვენი მომავლის რუსეთის მომავალთან გადაბმა ნიშნავს ჩვენს სავსებით განადგურებას არა მარტო პოლიტიკურად და ნაციონალურად, არამედ ფიზიკურადაც... ბოლშევიზმის ხიდან დემოკრატიზმი ვერ ჩამოვარდება. ეს შორეული ეტაპია. ამიტომაც გვინდა რომ საქართველო ჩამოშორდეს დროულად ამ რუსულ ექსპერიმენტებს, აღადგინოს თავისი სუვერენობა და გასწიოს წინ თავის საკუთარი გზით... ქართველი ერი უნდა შევიდეს საბოლოოდ ევროპის ოჯახში. 2. 

საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით 1921წელს ემიგრაციაში მიდის არა ირან-თურქეთში, სადაც მიდიდოდნენ ჩვენი ხელისუფალნი ადრე, არამედ ევროპაში. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ პრაქტიკული საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს ევროპულ ორიენტაციას და თანამედროვე ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ იდეებსა და მიმართულებას. 

თანამედროვე ევროინტეგრაციის იდეის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში ცნობილ ევროპელ მეცნიერთა და პოლიტიკოსთა შორის საპატიო ადგილი უკავია ორ ქართველ ემიგრანტ-მკვლევარს, პროფესორებს – მიხეილ მუსხელიშვილსა [1903-1964] და ალექსანდრე ნიკურაძეს [1901-1981].

მიხეილ მუსხელიშვილი თბილისის ლევანდოვსკის გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1921წლიდან სწავლობდა ჯერ გერმანიაში – გიოტინგენისა და მიუნჰენის უნივერსიტეტებში იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ საფრანგეთში – ლიონისა და პარიზის უნივერსიტეტებში ეუფლებოდა იურისპრუდენციას.

1932-33 წლებში იგი ლექციებს კითხულობდა პარიზის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოკვლევათა უმაღლეს ინსტიტუტში. 1945-1948 წლებში მ.მუსხელიშვილი მუშაობდა ეგვიპტეში ქაიროს სამართლის ფრანგული სკოლისა და ქაიროს უნივერსიტეტის პროფესორად.

1. ვაჟა შუბითიძე ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი, თბ; 2008, გვ 345
2. ნოე ჟორდანია ბრძოლის საკითხები, პარიზი, 1923, გვ 25



ამის შემდეგ მიხეილი ბრუნდება საფრანგეთში და მუშაობას იწყებს სტრასბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორად, სადაც მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე.

მიხეილ მუსხელიშვილი(ევროპაში მას იცნობდნენ როგორც მუსხელს) ევროპაში ეწეოდა ფართო სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1948 წელს იგი გახდა საუნივერსიტეტთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ-დამაარსებელი, ხოლო 1954 წლიდან ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დამაარსებელი და გენერალური მდივანი.

ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკურ ცენტრში-სტრასბურგში მიხეილმა შექმნა ძალიან ავტორიტეტული სამეცნიერო ცენტრი - “მუსხელის ცენტრი”, რომელიც იკვლევდა ევროინტეგრაციის საკითხებს. ამ ცენტრში მან დააარსა საერთაშორისო სამეცნიერო კრებული. რომელშიც მონაწილეობდნენ გამოჩენილი მეცნიერები ჟორჟ კედელი, რობერ მოსსე, გუი ერო, ანრი შამბრი და სხვ. პროფესორმა მიხეილ მუსხელიშვილმა გარდაცვალებამდე მოასწრო ამ ცენტრის კრებულის ორი დიდი ტომის მომზადება და გამოცემა, რომლებსაც უძღვის მისი ვრცელი წინასიტყვაობა. ორივე ტომმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც საერთაშორისო იურიდიულ მეცნიერებათა სამყაროში, ისე პრესაში (მაგ. გაზეთი “ფიგარო” 2.03.1965).

მიხეილ მუსხელიშვილის სტატიები იბეჭდებოდა ცნობილ სამეცნიერო კრებულებში გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მისი სტატიები ქვეყნდებოდა ასევე პარიზში გამომავალ ქართულ ჟურნალში “ბედი ქართლისა” – მაგალითად “საქართველო და ევროპა” (15, 1953 გვ. 1-3), “ერთა თვითგამორკვევის უფლებისათვის” (¹18, 1954, გვ.15-16) და სხვ.

სახელმოხვეჭილ ქართველ მეცნიერს ლექციების წასაკითხად ხშირად იწვევდენენ აშშ-ში, ნორვეგიაში, იტალიაში. ჟურნალ “ბედი ქართლისა” ¹17-ში ვკითხულობთ, რომ მიხეილ მუსხელიშვილმა 1954 წელს მოხსენება წაიკითხა ჩრდილოეთ ამერიკის ყველა დიდ ქალაქში: უნივერსიტეტებში, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში, რელიგიურ საზოგადოებებში. მის ლექციებს ყველგან დიდძალი ხალხი ესწრებოდა. ვაშინგტონში მის მოხსენებაზე მივიდნენ მთელი დიპლომატიური წარმომადგენლობათა წევრები. 

ამერიკიდან დაბრუნებისთანავე პროფესორი მუსხელიშვილი გაემგზავრა სკანდინავიაში ოსლოსა და უპსალას უნივერსიტეტების მიწვევით, სადაც წაიკითხა მოხსენება ევროპის ცივილიზაციის კრიზისზე და ევროპის კულტურის გაცოცხლების აუცილებლობაზე. 1. 

მიხეილ მუსხელიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომისშემდგომი ევროპის გაერთიანების, მისი ფედერაციის იდეა წამოაყენა და დაიცვა. მისი აზრით, ევროპული ფედერალიზმი - ეს არის არა მარტო სასიცოცხლო აუცილებლობა ევროპელი ერებისათვის, არამედ მშვიდობის განმტკიცებისა და ევროპაში საერთო აყვავების, ადამიანთა თავისუფლებისა და ღირსების დაცვის გარანტია - წერდა იგი ნაშრომში “ევროპის ფედერალიზმის სტრუქტურა”.

მიხეილ მუსხელიშვილი იყო ევროპის ხალხთა კონგრესის, ერთიანი ევროპის შექმნის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და პირველი პრეზიდენტი, “ფედერალური ევროპის მოძრაობის” კომიტეტის წევრი, ევროპის ერთიანობის საერთაშორისო ცენტრის ბიუროს ვიცეპრეზიდენტი... იგი აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთში “ერთიანი ევროპის” წარმომადგენელთა არჩევნებში, იყო ჟურნალის “ევროპის 

1. გურამ შარაძე უცხოეთის ცის ქვეშ, წიგნი I, თბ; 1991, გვ 446 


ფორმირება” რედაქციის კომიტეტის წევრი. 1953 წლის 10 აგვისტოს ოფიციალურად დაარსდა “ევროპული ქართული მოძრაობა” (საპატიო თავმჯდომარე პროფესორი მიხეილ წერეთელი), რომლის სულისჩამდგმელი ასევე მ. მუსხელიშვილი იყო. 1. 

მკვლევარი არ კმაყოფილდებოდა წმინდა იურიდიული მეცნიერებით და აქტიურად ჩაერია ცოცხალ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომისშემდგომი ევროპის გაერთიანების, მისი ფედერაციის იდეა წარმოადგინა და დაიცვა. მიხეილ მუსხელი იყო ადამიანისა და ერის უფლებების მგზნებარე დამცველი. ამასთანავე მიხეილი ყოფილა მგზნებარე ალპინისტი, რომლის მსხვერპლიც შეიქმნა იგი. 1964 წელს იტალიაში, აოსტას ხეობაში იგი კლდიდან ჩამოვარდა და ტრაგიკულად დაიღუპა. მის დაკრძალვას მთელი უნივერსიტეტი დაესწრო. სამგლოვიარო სიტყვა წარმოსთქვა სტრასბურგის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა დ. ფ. ანჟელოსმა, ევროპის საბჭოს გენერეალური მდივნის მოადგილემ პოლ მოდინმა .დიდი მეცნიერი დაკრძალულია სტრასბურგის სასაფლაოზე.

ევროინტეგრაციისა და ”ევროპოლოგიის”– როგორც სამეცნიერო ინტერ-დისციპლინარული დარგის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში ასევე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გამოჩენილმა მეცნიერმა, პროფესორმა ალექსანდრე ნიკურაძემ (1901-1981).

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე ნიკურაძე თავის ძმასთან ივანესთან (შემდეგში გერმანიაში მოღვაწე მსოფლიოში ცნობილი მათემატიკოსი და თეორიული მექანიკის უდიდესი სპეციალისტი) ერთად ჩაირიცხა ახალგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით ნიჭიერი ძმები სასწავლებლად გაგზავნეს გერმანიაში, სადაც მათ დიდი სახელი მოიხვეჭეს.

თავისი ძირითადი სპეციალობის გარდა (იგი მუშაობდა მყარი სხეულების ფიზიკაში და ენერგეტიკაში, ბოლოს განაგებდა საკუთარ ინსტიტუტს მიუნჰენში) იგი სერიოზულ კვლევებს ატარებდა ისტორიის და პოლიტიკურ მეციერებებში, არქეოლოგიაში და სხვ.

იგი იყო დირექტორი კონტინენტალური ევროპის კვლევა-ძიების ინსტიტუტისა მიუნჰენში (მასთან ერთად ამ ინსტიტუტში მოღვაწეობდა გამოჩენილი მეცნიერი ზურაბ ავალიშვილი, რომელმაც ალექსანდრეს ხელში დალია სული), სადაც მისი ხელძღვანელობით ჩატარდა სერიოზული ანალიტიკური სამუშაო. ალექსანდრე ნიკურაძემ გერმანულ ენაზე გამოსცა ხუთი წიგნი. მათ შორის აღსანიშნავია: “აღმოსავლეთ ევროპა”, “კავკასია”, “ოცნებითგან ვიდრე საქმემდე,” რომლებშიც მოცემულია ძალიან საინტერესო დებულებანი როგორც ევროინტეგრაციის იდეისთვის, ასევე საქართველოს ისტორიისთვის. 1951 წლის სექტემბერში მან პარიზის ქართულ სათვისტომოში წაიკითხა მოხსენება “ზოგადი სურათები ქართულ-ევროპული წარსულიდან”, რომელშიც გამოთქმულია ორიგინალური იდეები.

1952 წლის 22-24 სექტემბერს საფრანგეთში, ქ. კომპიენთან ალექსანდრე ნიკურაძის ინიციატივით “ლა ბრევიერის” სასახლეში შედგა ევროპელ მეცნიერთა კონგრესი, რომელმაც მიიღო პროფესორ ალექსანდრე ნიკურაძის წინადადება მცნება-ტერმინის “ევროპოლოგიის” შემოღების შესახებ, რაც გაზიარებულ იქნა ევროპელ მეცნიერთა მიერ.

ალექსანდრე ნიკურაძეს ლექციების წასაკითხად იწვევდნენ პარიზის, ვაშინგტონის, აახენის, ბერლინისა და მიუნჰენის უნივერსიტებში, ოქსფორდში გამართულ მეცნიერთა მსოფლიო კონგრესზე. 1956 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა მისი ნაშრომი “არგონავტების მითი”. მაღალი მეცნიერული დონით გამოირჩევა მისი ნაშრომები საქართველოს ისტორიაში, არქეოლოგიაში, არქიტექტურასა და სხვა დარგებში გერმანულ ენაზე. მაგ: ”ქართული არქიტექტურის საკითხისათვის შუა საუკუნეების 

ევროპულ აღმოსავლეთში”, “სკანდინავიელები და ქართველები პონტო-ბალტიის სანაპიროზე”, “დოქტორი ოტტო ფონ ვეზენდოკი, როგორც ქართველოლოგი”, “დასავლეთ ევროპის რომანული არქიტექტურისა და ქართული არქიტექტურის პარალელების ახსნის ცდა”, “დასავლეთ ევროპა და კავკასია პარალელების სახით”, “სუმერთა პირვანდელი ადგილსამყოფელის საკითხისათვის (კავკასია შესაძლო პირველსამშობლოა სუმერთა ლითონის)” და სხვ. 1.

ალექსანდრე ნიკურაძე გარდაიცვალა 1981 წლის 13ივნისს მიუნჰენში. 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ევროპულ ორიენტაცია არ გააჩნია ალტერნატივა, რომ ქართველი ხალხი აუცილებლად, საბოლოოდ დაუბრუნდება თავის პირვანდელ სამშობლოს-ევროპას, თავის სისხლსა და ხორცს., რომლისკენაც მუდამ ისწრაფოდა კულტურით, რელიგიითა და პოლიტიკური სისტემით... ამასთან უნდა ითქვას რომ ითქვას, რომ ევროინტეგრაციის და “ევროპოლოგიის” განვითარებში შეტანილია ქართული წვლილიც,, რითაც შეგვიძლია დღეს ჩვენ ვიამაყოთ.

1. გურამ შარაძე უცხოეთის ცის ქვეშ, წიგნი I, თბ; 1991, გვ 446