ბოლშევიკური დეჟავიუ

ბოლშევიკური დეჟავიუ

ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლამ აქამდე არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი, გნებავთ ბალანსი, თვისობრივად შეცვალა. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენდა ხელისუფლების მიერ ისტორიულად შერაცხული საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ვიზიტის მეორე–მესამე დღეს საინფორმაციო სივრციდან გაქრობა. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ურცხვად ატყუებდა ჩვენს მოსახლეობას, როდესაც ორგანიზებულად მოეზიდებოდა მათ რეგიონებიდან და თბილისის სხვადასხვას უბნებიდან ისტორიულ მოვლენაში თანამონაწილეობის მისაღებად. მე ნამდვილად არ გახლავართ კონსპირაციების თეორიების მოყვარული, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტს რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მართლაც რაიმე ისტორიული, ან თუნდაც პირადად მისთვის სასიკეთო ეთქვა, იგი, სულ მცირე მთელი ოქტომბრის განმავლობაში ფრანგი კოლეგის გამონათქვამების ციტირებაში იქნებოდა და აეროპორტშიც თავად გააცილებდა. 

ამ ვიზიტს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის ვიზიტიც დაემატა, სადაც კიდევ ერთხელ გამოითქვა აშშ–ს ადმინისტრაციის პოზიცია: „კონკურენტული გარემო და თანაბარი პირობები პოლიტიკური ძალებისთვის; 2013 წელს უნდა განხორციელდეს ხელისუფლების სრულად გადაცემა თავისუფალი და დემოკრატიული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გზით; ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკურ ძალასა თუ ლიდერს“ და ა.შ. 

უმცირესობაში დარჩენილმა პესიმისტებმა მაშინვე განაცხადეს, ეს განცხადებები ადრეც გვსმენია და უფრო მაღალი დონიდანაც და მერე რაო, რა მოხდაო. მერე რაო და ის მოხდაო, რომ ამ დროს ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს მოქალაქეობას ართმევდნენ, მის ბანკს – ფულს, დაცვას – იარაღს. სახელისუფლებო ექსტრემიზმი, სახელისუფლებო ძალადობა და ყაჩაღობა, – ასე შეაფასა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლების ქმედებები და სრულიად სამართლიანადაც. 

განსხვავებული აზრის მიუღებლობა ადრეც გვინახავს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მაგრამ დღისით, მზისით, ქართველი კაცისთვის ქართველობის წართმევა ხელისუფლებაში გამაგრებული და მათთან დაახლოებული „კაი ბიჭებისთვისაც“ კი სიახლე იყო. ყოველივე ამის ფონზე 18 ელჩის ვიზიტმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, პირადად ჩემთვის, ძალიან მკაფიო გახადა საერთშორისო თანამეგობრობის ნეგატიური დამოკიდებულება ისეთი ქმედებების მიმართ, რომელთაც 21–ე საუკუნეში „თავისუფლების ჩირაღდნობაზე“ პრეტენზიის მქონე ქვეყნის ხელისუფლებას არავინ აპატიებს. 

ამიტომაც იყო, რომ ნაციონალურმა ელიტამ და მისმა ლიდერმა სტრატეგია ოდნავ შეცვალეს და ბ.ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის გარდა, მისი პოტენციური პარტნიორების – „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ დაიწყეს პოლიტიკური დევნა ბოლშევიკების საუკეთესო ტრადიციების დაცვით. 

„საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში არ ყოფილან; პოლიტიკური და ამბიციური განცხადებების საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებდნენ; აბა რა ეგონა, დასუფთავების სამსახურის ფორმით რომ ატარებდა აქციებს“ – ეს ფრაზები გაისმოდა გიგი უგულავას „ტროიკის“ – ახვლედიანი, იონათამაშვილი, ხაჩირიშვილის ბაგეთაგან. უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებზეც ეს–ეს არის პრეზიდენტმა „პიარ“ მზრუნველობა გადაწყვიტა, მათი განცხადებების გაგონებაზე ნამდვილად ბოლშევიკური დეჟავიუ დაემართებოდათ. სადღაც ნანახი, სადღაც გაგონილი, მაგრამ საბჭოურ წარსულს ჩაბარებული. ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა ჩვენი მშობლების თაობა, რომ 20–30 იან წლებში, ან თუნდაც ბრეჟნევის ეპოქაში კვლავ მოუწევდათ ხანმოკლე მოგზაურობა. 

თუმცა, ვჩქარობ დავამშვიდო უფროსი თაობაც და ახალგაზრდობაც. ნაციონალური მოძრაობის თავკაცებს საქართველოში საბჭოთა კავშირის აღდგენა ნამდვილად არ გამოუვათ. სტივ ჯობსის ეპოქაში ვცხოვრობთ, ფეისბუქის ეფექტებიც ვიხილეთ, რონალდ რეიგანმა კი მაინც საშვილიშვილო საქმე გააკეთა – რკინის ფარდები, ახალი კედლები შეიძლება ცოტა ხნით კიდეც აშენონ, მაგრამ ისინი აღარც ენგურზე იმუშავებს, აღარც თბილისის საკრებულოში და ცოტა ხანში აღარც ტელევიზიაში. 

ამიტომ დასასრულს იმათ მივმართავ, ვინც გიგი უგულავას კაბინეტში იქნება თუ ზაალ სამადაშვილის, უსაშვოდ დადიხართ – ნუ გაქრებით ბოლშევიკურ დეჟავიუსთან ერთად! დარჩით თქვენივე შვილების ნათელ მომავალთან ერთად!