გულძმარვა და კუჭის წვენი

გულძმარვა და კუჭის წვენი

აი, ის, კოცნის თუ ზასაობის თუ მტლაშამტლუშის თუ ამბორის აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო და რომელიც ვერ გაიმართა, თუ ზოგის აზრით, გაიმართა და ზოგის აზრით - ვერა, მართალი გითხრათ, თავიდანვე გულზე არ მეხატებოდა. არა მგონია, ეგეთი რამეები სწორი იყოს. არა იმიტომ, რომ მორალისტი ვარ და ვინმეს ჭკუას ვარიგებ, არამედ საჯაროდ ეგეთი რაღაცის კეთება გამართლებულად არ მიმაჩნია.

თუ კოცნა გინდა - აკოცე, ზასაობა გსურს - იზასავე, ხმაურიანი მტლაშამტლუში გიზიდავს - იხმაურ-იმტლაშამტლუშე და თუ პატივისცემისა და მოწიწების დადასტურებას ხელზე ამბორით ანიჭებ უპირატესობას, ეგეც გააკეთე. ოღონდ - ჩუმად.

ინტიმური ურთიერთობა მხოლოდ რიტმულ შეყოფა-გამოყოფას არ ნიშნავს, მით უმეტეს - საჯაროდ, ყველას დასანახად. 

ის, რომ ვიღაც ჰალსტუხიანებმა ვიღაც ჯინსიანებს კოცნა აუკრძალეს, აღმაშფოთებელი ქაჯობაა, მაგრამ ის, რომ ვიღაც ჯინსიანებმა ვიღაც ჰალსტუხიანების გულის გასახეთქად აქციის მოწყობა განიზრახეს, არანაკლები ქაჯობაა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.

რა აქცია... წადი და, თუ გეზასავება - იზასავე.

მაგრამ, ამ ამბავში, მთავარი პროტესტი კი არ იყო, მთავარი იყო აქცია, რომელიც, თუ შედგებოდა, ორგანიზატორს ფეისბუქის სამეგობრო წრის ცერა თითით საჩვენებელ ლიდერად აქცევდა. აქცია არ შედგა და ახლა, ალბათ, დარდობს - ჰგონია, რომ გაბანძდა.

ეგრე არ არის, ოქრო, და ნუ დარდობ. 

საერთოდ, არის ისეთი რამეები, რასაც ორგანიზებული აქცია და საყოველთაო პროტესტი არ ჭირდება. კოცნის ამბავიც ასეთი შემთხვევაა. კოცნაზე ვინმე რომ დაეჭირათ და დაეჯარიმებინათ, საპროცესო გაეფორმებინათ, ტერორისტად და კრემლის აგენტად გამოეცხადებინათ - სხვა საქმეა, მაგრამ ასეთ ჯერ არაფერი მომხდარა და დარწმუნებული ვარ, არც მოხდება.

გურამ პეტრიაშვილიც იძახდა, ფრანგული სუნამოს პკურება ერის ღალატის ტოლფასიაო, მაგრამ ფრანგული სუნამოს მხარდამჭერი აქცია არავის გაუმართავს. საპროტესტო აქცია მაშინ უნდა მოგვეწყო, ერთმა დიდმა გაუზრდელმა ასობით პატარა გასაზრდელს ბუჩქებში ძრომიალისკენ რომ მოუწოდა. 

ვიღაცას ფრანგული სუნამოს პკურება მიაჩნია ერის ღალატად და ვიღაცას მიაჩნია, რომ კულტურისა და დასვენების პარკში შეყვარებულისთვის (თუნდაც - საყვარლისთვის) კოცნის აკრძალვა ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების ხელყოფაა.

ამას, ორივეს, თუ არ ვცდები, ძველ ენაზე „ჩუკუნობა“ ჰქვია. თავისუფალი დროის სიჭარბისა და შინაგანი თავისუფლების დეფიციტის ამბავია. ამის გამოა, რომ ვიღაცამ კოცნის აკრძალვა მოითხოვა, ხოლო ვიღაცამ დაიყვირა: „ეჰა, მეომარნო, შევიკრიბოთ და ვიზასაოთ. ხელები შორს საჯარო ზასისგან!!!“

ჰოდა, ორივე ვიღაც ცოტა არ იყოს, პოპულარული გახდა. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა არ დაუკლიათ. რავი... მე კი, ორივე მკიდია და ახლა, ის - აღშფოთდება, რატომ გკიდივარო და ეს - პერფორმანსს მოაწყობს: „ნუ დავიკიდებთ ერთმანეთს“. ის - ღირსების ორდენს დაიმსახურებს, ეს - 37 „ლაიქს“ ფეისბუქზე. იმას ბრწყინვალების ორდენი უნდოდა, ამას - უფრო მეტი „ლაიქი“. თუმცა, დასაწყისისთვის მაინც არა უშავს.

ამ ქვეყანაში ღირსების ორდენსა და ფეისბუქურ „ლაიქს“ შორის ტოლობის ნიშანი იწერება. ყოვლად უღირსი ადამიანი სასამართლოში ღირსების ხელყოფაზე ჩივის, ხოლო ყოვლად უმეგობრო მავანს ფეისბუქში ათასობით მეგობარი ყავს.

იმას, უფლება რომ მისცე, გოგი ცაბაძეს აკრძალავს, რადგან „თუკი სუფრას გამიშლი, კოცნას ნუღარ დამიშლი...“

ამას, საშუალება რომ მისცე, რუსთაველის საფლავს იპოვნის და ამოთხრის, რადგან „მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში“.

და, ეს ყველაფერი - პოპულარობისთვის.

პოპულარობა სურთ და, შეეკითხე, თუ გინდა. მცდელობას არ აკლებენ. იმან, პაპანაქება სიცხეში, მკაცრად გამოინასკვა ჰალსტუხი. ამან, ყინვა-ყიამეთში ჯინსები მუხლებთან გადაფხრიწა და მიბლანდ-მობლანდა. პოპულარობა მსხვერპლს მოითხოვს.

თუ იცით, რა არის პოპულარობის მწვერვალი? პოპულარობის მწვერვალია სათაური ჟურნალ „თბილისელებში“ – „რა ფერის ტრუსებს იცვამს ჯემალ ბანძელაძე". პოპულარობის მწვერვალია, როდესაც საქართველოს მომავალი ელჩი ჩინეთში დაძაბული სახით გისვამს ურთულეს კითხვას: „კომში, ანუ?“ პოპულარობის მწვერვალია, როდესაც სარეკლამო რგოლში შენი სახელის ხსენებაზე ხმა უწყდება მაია ასათიანს. პოპულარობის მწვერვალია, როდესაც წელამდე სისხლში მდგარი პრეზიდენტი ბრწყინვალების ორდენს გადმოგცემს. პოპულარობა მსხვერპლს მოითხოვს და ზოგი იმაზეც თანახმაა, რომ ორდენის მიღების მომენტში კოჭებამდე სისხლში იდგეს. შემდეგ - გარბის და ფეხებს იბანს.

მგონი, გადავუხვიე, მაგრამ ყველას დასანახად ზასაობის დროს, ზოგიერთს, თავად ზასაობა კი არ ანიჭებს კმაყოფილებას, არამედ იმის განცდა, რომ რამდენიმე გამვლელის ყურადღება მიიპყრო.

......................

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სანამ რიყეზე „აქციის“ გამართვას ცდილობდნენ, ათობით სკვერში, ასობით წყვილი კონსპირაციას იცავდა, გამალებული ზასაობდა და ძალიან, ძალიან მაგრად ეკიდა ჰალსტუხიანის სანქციაც და ჯინსებიანის პროტესტიც.

სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ამას „ადექვატურობა“ ჰქვია.