15–პუნქტიანი შეთანხმება

15–პუნქტიანი შეთანხმება

ერთი აზრი მომივიდა თავში. ეს აზრი რამდენიმე ქვეაზრისგან შედგება:

1.    მივიდეს ვინმე აგრარულ უნივერსიტეტში და გაარკვიოს სპეციალისტებთან, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ცხინვალის მოსაზღვრე ქართული სოფლების უზრუნველყოფა სარწყავი წყლით. ანუ, რა გვაქვს და რისი გაკეთებაა საჭირო – ნებართვა, პროექტი, სამშენებლო მასალები, მიწის სამუშაოები, მუშახელი, ხარჯთაღრიცხვა და ა.შ.

2.    როდესაც ეს ვინმე ამ ყველაფერს გაარკვევს, გაარკვიოს ისიც, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ამის შემდეგ – შეიქმნას სპეციალური ფონდი და გაიხსნას სპეციალური ანგარიში, თუ რომელიმე არსებული ფონდი (მაგალითად, “იავნანა”) აიღებს საკუთარ თავზე სამართლებრივი საკითხების მოგვარებას.

3.    შემდეგ… პროექტი არის, ფონდი არის, ხარჯთაღრიცხვა შედგენილია. ამ ვინმემ ჩამოუაროს მედიასაშუალებებს და სთხოვოს მათ მფლობელებს ფონდის შესახებ ინფორმაციის განთავსება, ანგარიშის გამოქვეყნება და ა.შ. მოკლედ – ე.წ. პრომოუშენი.

4.    პროექტი არის, ფონდი არის, ხარჯთაღრიცხვა შედგენილია, საზოგადოება ინფორმირებულია, ანგარიშზე ზის ნული ლარი და ნული თეთრი. საჭიროა ფული. იმ ვინმემ უნდა გადარეკ–გადმორეკოს და ჩამოიაროს ფულიანი ორგანიზაციები, კომპანიები (რომლებიც გაკოტრებას გადაურჩებიან), მეწარმეები (რომლებიც გადაურჩებიან დაჭერას) და უთხრას, აუხსნას, განუმარტოს ფონდის მიზნები და ამოცანები. მოკლედ, შეაწუხოს. შეწუხებულებმა ფონდში გადარიცხონ ფული.

5.    პროექტი არის, ფონდი არის, ხარჯთაღრიცხვა შედგენილია, საზოგადოება ინფორმირებულია, ანგარიშზე ზის მრგვალი თანხა. ზემოთხსენებული ვინმე მიდის სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებში და კრებს მოხალისეებს.

6.    მარტის დასაწყისში ხდება მასალების და სამუშაო იარაღის შესყიდვა. ასევე ყველაფერი იმის ყიდვა, რაც საჭიროა საველე პირობებში დასაქმებული ადამიანისთვის – კარვიდან დაწყებული, მშრალი სპირტით დამთავრებული.  

7.    აპრილის პირველ რიცხვებში პირველი ჯგუფი მიემგზავრება და იწყებს თხრას, მერე მიდის მეორე ჯგუფი და იწყებს ბეტონის ჩასხმას. სულ რამდენი ჯგუფი იქნება და ვინ რას გააკეთებს, ამას თავი–კაცი გადაწყვეტს. თავი კაცი უნდა იყოს სპეციალისტი, პატრიოტი და კეთილსინდისიერი ადამიანი. 

8.    მაისში ყველაფერი მზად არის.

9.    ივნისში სამაჩაბლოელი გლეხები იწყებენ ბაღების მორწყვას.


10.    ივლისში და აგვისტოში ბაღები კვლავ ირწყვება.


11.    სექტემბერში მოსავალი იკრიფება. ყველა კმაყოფილია – გლეხები და მათი ოჯახები, ქალაქელები და მათი ოჯახები, გადამამუშავებლები და მათი ოჯახები, ექსპორტიორები და მათი ოჯახები…


12.    სეპარატისტები და მათი ოჯახები, ასევე ოკუპანტები და მათი ოჯახები არიან საშინლად უკმაყოფილონი.


13.    ქართველი პოლიტიკოსები (ხელისუფლებაც და ოპოზიციაც) არიან დაბნეულები და უკმაყოფილოები, რადგან იმ ვინმემ და დანარჩენმა ვინმეებმა მათ პოლიტიკური ქულების ჩაწერის საშუალება არ მისცეს.


14.    ფონდი არის, ხალხი არის, გამოცდილება არის. ვინმე და ვინმეები ძალიან კმაყოფილები არიან. ისინი მზად არიან ასეთი რამეები სხვაგანაც გააკეთონ.


15.    ფონდის სახელწოდებაა “გადავარჩინოთ სამაჩაბლო”.

ასეთი აზრი მომივიდა. ახლა საჭიროა ის ვინმე და დანარჩენი ვინმეები.

ერთად ვიფიქროთ. მე კი ამ დღეებში აუცილებლად მოვინახულებ აგრარულ უნივერისტეტს და, ალბათ, ტექნიკურ უნივერსიტეტსაც.