დაყოფის ტაბულა

დაყოფის ტაბულა

თურმე, ფაშიზმის მხარდამჭერი ვყოფილვარ… ეს რაღაც ახალია, მაგრამ არც ისე ახალი. თუ კაცი ერთ დროს ექსტრემისტი იყო, მერე კრემლის აგენტი და ბოლოს ხალხის მტერი, სავსებით ლოგიკურია, რომ ბოლოს იგი ფაშისტად უნდა ჩამოყალიბებულიყო. ფაშიზმის მხარდამჭერი იგივე ფაშისტია. ჰოდა, გამოდის, რომ ფაშისტი ვარ.

ბასილ მკალავიშვილი მეუბნებოდა, მართლმადიდებლობის მტერი ხარო, ლიბერალებმა – ჰომოფობიო. ლიბერალები კოლექტიურ წერილებს წერენ, მამაბასილისტები მთელი კოლექტივით მოვიდნენ და რედაქციის რკინის კარი შეადუღეს. ახლა ვზივარ და ველოდები – მოვლენ და ნიურნბერგის პროცესს მომიწყობენ.

ბრალმდებლები იქნებიან მიხრწნილი კომუნისტები, ბებერი ზვიადისტები, მათი ტოლი შევარდნაძისტები და “ახალგაზრდა” იურისტები, ახალგაზრდა “ნაციონალები”, ახალგაზრდა ე.წ. “ქრისტიან–დემოკრატები”… შუახნის ხალხი ჩარეცხილია.

სამარცხვინოდ ჩამომახრჩობენ, მაგრამ იქნებ დავასწრო და საკანშივე მოვიწამლო თავი. პერანგის საკინძეში ჯერ კიდევ 1987 წელს ჩავიკერე კალიუმისციანიდიანი ამპულა და აჰა – მგონი გამომადგა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ წინდახედული და შორსმჭვრეტელი ვიყავი. ვყოფილვარ…

პირველად მოხდა, რომ საკუთარი თავი შევაფასე – წინდახედული ფაშისტი ვარ. ერთად მივედით ამ დასკვნამდე მე და ის 500 თუ 539 ხელმომწერი. მე – ინდივიდუალურად, ისინი – კოლექტიურად. 

“მიხეილ სააკაშვილის სახელობის კოლმეურნეობა ერთსულოვნად უჭერს მხარს პარტიის მიერ არჩეულ კურსს და გმობს ყოველგვარი პიროვნულის გამოვლინებას…”

“ხათუნა ოჩიაურის სახელობის მეფრინველეობის ფერმა პირობას დებს, სახელმწიფოს ჩააბაროს 4 მილიონ 300 ათასი კვერცხი…”

კოლმეურნეობა ერთ დროს ზვიად გამსახურდიას სახელს ატარებდა, შემდეგ დროშაზე შევარდნაძე დაახატა. კვერცხებს მანანა არჩვაძე დებდა, შემდეგ – მანანა გიგინეიშვილი. დადეს. მაია ნადირაძე დააჯდა და გამოჩეკა. გამოიჩეკნენ კობა ბექაური და ზაზა ბეგაშვილი. და ახლა კობა ბექაური არის დუაიტ ეიზენჰაუერი, გია ყარყარაშვილი – კლაუს ბარბიე. ზაზა ბეგაშვილი არის პაბლო პიკასო, ხოლო ზალიკო სულაკაური – ადოლფ ეიჰმან; ზაზა ბურჭულაძე არის ბრეხტი, ჭაბუა ამირეჯიბი კი… “დათა თუთაშხიას” ავტორი, საუკეთესო შემთხვევაში, არის იულიან სემიონოვი – ავტორი რომანებისა “გაზაფხულის 17 გაელვება” და “საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს”.

მე უბრალო ფაშისტი ვარ. ახტუნგ, ახტუნგ!!! ჰაერშია ალიოშა წურწუმია! რა ვართ ეს ფაშისტები… და რას გვერჩიან ეს ბოლშევიკები?

ისე გამოვიდა, რომ იმათნაირად ავლაპარაკდი – ბოლშევიკურად. მომიტევეთ. ბექა მინდიაშვილს და ირაკლი შენგელაიას, ერთ კონტექსტში ვერ განვიხილავ. ვერც გია ნოდიას და თორნიკე გორდაძეს. ეგრე რომ მოვიქცე, ვახო ბაბუნაშვილი რუსლანას ფანი გამოვა, ხოლო ლელა ოჩიაური – ერეკლე დეისაძის. სად ბაკურ სულაკაური და სად ზალიკო სულაკაური. არც სიკო ჯანაშიაა დასაკარგი კაცი, არც პაატა შეშელიძე, არც დათო პაიჭაძე, არც ლადო ლომსაძე. ზურა კასრაძეს რომ კაცი დაკარგავს, ის არც კაცია და არც ადამიანი.

აი, მაგალითად, გია ნოდიას ვიცნობ, თორნიკე გორდაძეს – არა. ნოდია უსაქმურია, გორდაძე კი, ზუსტად ვიცი – განათლებული, წესიერი და საქმიანი. გორდაძე, ზოგადად, ფაშისტების წინააღმდეგია, ნოდია კი, ზოგადად, ხელისუფლების მხარდამჭერი.

მართლა… იმ ბურთის საქმე როგორ არის, ნოდიას მინისტრობის დროს რომ გაიბერა?ეს რა ფაშისტური რამე ვთქვი! რა ვართ, მაინც, ეს ფაშისტები… არა, მაინც წინდაუხედავი ვარ. ჩამოივლის ნოდია და შექმნის ერთ კოლექტიურ წერილს. კოლექტივი კი, ამ ქვეყანაში ყოველთვის მოინახება. კოლექტიურად მოაწერენ ხელს და არჩევნების წინ კოლექტიურად დაარიგებენ ნახევარ–ნახევარ კილო ფქვილს. 

შევარდნაძის დროს ნახევარ–ნახევარ ტომარას არიგებდნენ, მაგრამ, მოგეხსენებათ, ეკონომიკური კრიზისი, ხორბლის დეფიციტი… თუმცა, ეს გაჭირვებული ხალხი იმ ნახევარ–ნახევარ კილოსაც დაუფიქრებლად აიღებს. მოგეხსენებათ, სულიერი კრიზისი – გია ბუღაძის სტუდენტებმა დიპლომები ერთმანეთის ფურთხებით მოიპოვეს.

გადავუხვიე, მაგრამ ყველა გზა მაინც იქით მიდის, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც მე ფაშისტების მხარდამჭერი მიწოდეს, ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ, თუნდაც იმიტომ, რომ მათგან ძალიან ბევრია ისეთი, რომლებმაც დამარცხებას გამარჯვება არ დაარქვეს და რუსთაველზე “სარკო, სარკო”–ს არ ყვიროდნენ. სარკო იმას და ჯანდაბა! ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ, რადგან მათგან უამრავი ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს, როდესაც 12 წლის ბავშვების ციხეებში ჩაყრა დაკანონდა.  

ეს იყო ფაშიზმი და მე მაშინ ფაშისტი არ ვიყავი. ფაშისტი ვარ ახლა, როცა ერთს ვითხოვ – შეწყდეს 17 წლის ბავშვის დევნა, რომელმაც საზღვარი გადალახა.

უბრალოდ, ის ნახევარ–ნახევარი კილო ფქვილი გამოილია და ამ გაჭირვებულ ხალხს იმით კვებავენ, რომ მე ფაშისტი ვარ. ფაშიზმში მითვლიან იმას, რომ ჩემთან ერთად ხელმომწერთა სიაში აღმოჩნდნენ მანანა არჩვაძე და ედუარდ შევარდნაძე. არადა, 91–ში კრემლის აგენტი ვიყავი, 99–ში – ხალხის მტერი. ჩემთან ერთად არის სიაში ეროსი კიწმარიშვილი, რომლის დამსახურებაც არის ის, რომ დღეს ხელისუფლებაში არიან ის ადამიანები, რომლებისთვისაც განსხვავებული აზრი ისევე მიუღებელია, როგორც იაკინთე ლისაშვილისთვის მიხეილ ჯავახიშვილი. 

ჩემთან, უაღრესად არაპრაქტიკულ ადამიანთან ერთად, იმ სიაში არიან უაღრესად პრაქტიკული და–ძმა ლორთქიფანიძეები. მაგრამ მე თხოვნას ვაწერ ხელს და არ მაინტერესებს, კიდევ ვინ იქნება ხელმომწერი.

ცოტაც და, დევნას გამოუცხადებენ გია ყარყარაშვილს იმის გამო, რომ მისთვის მიუღებელია 17 წლის ბავშვის დევნა, საზღვარი რომ გადალახა. საზღვარი რომ გადმოლახეს, იმ ფაშისტებს მძღოლებად ემსახურებოდა ლადო ვარძელაშვილის სამხარეო ადმინისტრაცია. დღეს ვარძელაშვილი სპორტის მინისტრია და ორმა მოჭიდავემ ლამის ცოცხლად შეჭამა ერთმანეთი. 

აი, ეგეთი კვერცხი დაიდო ხათუნა ოჩიაურის სახელობის მეფრინველეობის ფერმაში და ახლა კვერცხი დებს კვერცხებს და ამ კვერცხისდებაში ყველას მიავიწყდა გორის სანახებში მიწაზე გაწოლილი მთავარსარდალი და მგონი აღარავის ახსოვს გია ნოდიას განათლების სამინისტროში გაბერილი ბურთი.

ხალხი ღელავს, ბურთი ბადეშია.
ტერმინი “ხალხის მტერი” 1927 წელს შემოვიდა ხმარებაში. მასობრივი რეპრესიები 1937 წელს დაიწყო.
“ვარდების რევოლუციის” 10 წლის იუბილეს 2013 წელს აღვნიშნავთ.