ირაკლი ღარიბაშვილი - დასაქმება და სამუშაო ადგილების გაზრდა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

ირაკლი ღარიბაშვილი - დასაქმება და სამუშაო ადგილების გაზრდა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დასაქმება და სამუშაო ადგილების გაზრდა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "რედისონ ბლუ ივერიაში", საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენციის სახელწოდებაა - "აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში ღირსეული დასაქმების, სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხები". 
"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს – გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლობებს.
მივესალმები ჩვენს საპატიო სტუმრებს - სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის მთავრობების წევრებს. მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობენ კერძო სექტორისა და ბიზნესპალატების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აგრეთვე დასაქმებისა და სოციალური საკითხებით აქტიურად დაკავებული დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველო მასპინძლობს რეგიონალურ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება დასაქმების საკითხებს",-აღნიშნა პრემიერმა. 
მისივე თქმით, დღევანდელი კონფერენცია კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ წარიმართოს დიალოგი დღეისათვის შრომის ბაზარზე არსებულ ყველაზე მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით. 
ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა შეძლოს თავის შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება, თავისი ცოდნის, კომპეტენციის სწორი მიმართულებით წარმართვა, სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერთ და მივესალმებით ასეთი კონფერენციის ჩატარებას და ყველა ინიციატივას, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრის გზებს დასახავს.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსექტორის ხელშეწყობა. სწორედ ბიზნესს, ბიზნესსექტორის განვითარებას შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ხალხის დასაქმება. ამიტომ, ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას", -განაცხადა ღარიბაშვილმა. 
პრემიერმა ისაუბრა კონკრეტულ მიღწევებზე, რომლებიც ბიზნესსექტორის განვითარების კუთხით არსებობს. 
"მაგალითისთვის ვიტყვი, რომ 2015 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით ბიზნესსექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია როგორც მოთხოვნის ზრდა, ისე ზოგადად ბიზნესაქტივობის გამოცოცხლება. თითქმის 61 ათასით არის გაზრდილი დასაქმება ბიზნესსექტორში - ეს არის 12-პროცენტიანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ჩვენ წამოვიწყეთ არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემსახურება ბიზნესის ხელშეწყობას და ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას. მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევძელით მეწარმეების ხელშეწყობა, ახალი საწარმოების შექმნა და არსებულის განვითარება, რამაც შედეგად მოიტანა მოქალაქეების დასაქმება. 
დღეს წარმატებით მუშაობს ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა ,,აწარმოე საქართველოში", ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის". მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში მთავრობის მიერ დაწყებულ პროგრამებში - მათ შორის ახალი საწარმოების შექმნის მიმართულებით, დამატებით 10 ათასი ადამიანამდე დასაქმდა. 
ეს პროგრამები ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და, ისევ და ისევ, სამუშაო ადგილების შექმნა", - განაცხადა პრემიერმა. 
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით შემუშავდა ,,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა", რომლის თანახმადაც განისაზღვრა მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმები. 
"მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით, პირველად განხორციელდა შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი. ჩვენ გამოვიკვლიეთ შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა განწყობები; გამოვლინდა თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და გადამზადების აუცილებლობა; მოხდა სამუშაო ადგილების შექმნაზე გავლენის მქონე ფაქტორების იდენტიფიცირება; გამოვლინდა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში დასაქმების შესაძლებლობები.
ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ განათლებას და ამავე დროს დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ გვყავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრები, რომლებიც დააკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს და იქნებიან კონკურენტუნარიანი, მათ შორის, საერთაშორისო შრომის ბაზრებზე. 
აი, ეს გახლავთ ის ნაბიჯები, რომლებითაც ჩვენ ვცდილობთ დავძლიოთ დასაქმების პრობლემა. 
დარწმუნებული ვარ, ამ კონფერენციაზე მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდება საერთო მიდგომა სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, საერთო, რეგიონალურ დონეზე", -განაცხადა ღარიბაშვილმა.