მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებული "ბიზნესის წარმოების" ახალ რეიტინგში საქართველოს ეკონომიკა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვან ოთხეულში მე-4 ადგილზეა.
ბიზნესის წარმოების სიმარტივის ყოველწლიური შეფასების თანახმად, გასული წლის განმავლობაში ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებელი რეფორმები ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დაახლოებით 90-მა პროცენტმა განახორციელა.
"საქართველომ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვან ოთხეულში მეოთხე ადგილი დაიკავა მაკედონიის, ლიტვისა და ლატვიის შემდეგ. გლობალურად, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველომ მაჩვენებლები ყველაზე მეტად გააუმჯობესა "ბიზნესის წარმოების ანგარიშის" მიერ შეფასებულ სფეროებში. ამ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის მოცულობა საქართველოში 66%-ით, ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა კი სამჯერ და მეტად გაიზარდა. ეკონომიკური შედეგების ზრდას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივი მეწარმეებისთვის ბიზნესის წარმოების გამარტივებაა. "ბიზნესის წარმოების ანგარიშის" შეფასებაში საქართველო წამყვან პოზიციას ინარჩუნებს," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამხრეთ კავკასიაში ივან ო"ჰალორანმა.
მისივე განმარტებით, საქართველო მსოფლიოს თვრამეტი ქვეყნიდან ერთ–ერთია, რომელმაც გასულ წელს ორი რეფორმა გაატარა. კერძოდ, გაამარტივა ხელშეკრულებების აღსრულება სასამართლოს მომხმარებლებისთვის ელექტრონული წარდგენის სისტემის დანერგვით და შეამცირა მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო დრო.
"წლევანდელ ანგარიშში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ინდექსის შინაარსისა და მეთოდოლოგიის კუთხით. სწორედ ამან განაპირობა საქართველოს 24-ე ადგილი 189 ქვეყანას შორის. გასულ წელს გამოქვეყნებულ შეფასებასთან შედარებით წლევანდელი რეიტინგის ამგვარი ცვლილების მიზეზი არის მისი ახლებური გამოთვლა გაფართოებული მეთოდოლოგიის საფუძველზე," – განმარტა მან.
"ბიზნესის წარმოების ანგარიში 2016: რეგულირების ხარისხის და ეფექტიანობის შეფასება" – ასე ჰქვია კვლევას, რომელშიც რეგიონის 25 ქვეყნიდან 23-ში განხორციელებული 58 რეფორმაა შეფასებული.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის განმარტებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გატარებული რეფორმები გასული წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული 231 რეფორმის 25 პროცენტია. რეგიონს მიეკუთვნება გაუმჯობესებული მაჩვენებლების მქონე მსოფლიოს წამყვანი ათეულის სამი ქვეყანა - ე.ი. ის ქვეყნები, რომლებმაც სამი რეფორმა მაინც განახორციელეს და ამით გლობალურ რეიტინგში მაღალ პოზიციებზე გადაინაცვლეს. ესენია: კვიპროსი, ყაზახეთი და უზბეკეთი.
"აღსანიშნავია, რომ ევროპის და ცენტრალური აზიის თითქმის ყველა ქვეყანამ უკანასკნელი წლის განმავლობაში, საკუთარი ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, ერთი რეფორმა მაინც განახორციელა. აღნიშნული რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკურმა პასუხისმგებლობამ და თავდაუზოგავმა შრომამ რეგიონის ქვეყნებს საშუალება მისცა, მოხვედრილიყვნენ საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს შორის ანგარიშის მიერ შეფასებული ინდიკატორების უმეტესობის მიხედვით", - განაცხადა "ბიზნესის წარმოების პროექტის" ხელმძღვანელმა, რიტა რამალომ.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, "ბიზნესის წარმოების" წლევანდელი ანგარიშით სრულდება სტანდარტების გაფართოების ორწლიანი ძალისხმევა, რომელიც აფასებს რეგულირების ხარისხს, ისევე, როგორც ბიზნესის მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტიანობას, არსებული რეალობის უკეთ ასახვის მიზნით.
"ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დადებითი ტენდენცია აღინიშნა იმ ხუთ ინდიკატორთან დაკავშირებით, რომლებზეც ცვლილებები აისახა. ასეთებია: სამშენებლო ნებართვები, ელექტროენერგიის წარმოება, ხელშეკრულებების აღსრულება, ქონების რეგისტრაცია და საერთაშორისო ვაჭრობა. ამან დადებითი გავლენა იქონია შესაბამისი ქვეყნების საერთო გლობალურ რეიტინგზეც.
გლობალურ ფონზე რეგიონი გამოირჩევა ქონების რეგისტრაციის მაჩვენებლით. საყოველთაოდ, ქონების რეგისტრაციის საფასური აქ ყველაზე დაბალია, საშუალოდ ქონების ღირებულების 2.6 პროცენტი. შესაბამისად, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონშიც ქონების რეგისტრაციას მხოლოდ 22 დღე სჭირდება. ეს კი გლობალური მასშტაბით მინიმალური დროა.
ერთ-ერთი უდიდეს პრობლემას წარმოადგენს დრო, რომელიც ხმარდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას. საშუალოდ, აღნიშნულს 119 დღე სჭირდება, განსხვავებით OECD-ის წევრი ქვეყნებისგან, სადაც ამისათვის 78 დღეა საკმარისი. თუმცა, რეგიონს კარგი მაჩვენებლები აქვს მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხის თვალსაზრისით, უმნიშვნელო გათიშვებით და წყვეტილობით", - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
ანგარიშის სრული ვერსია და მონაცემთა დანართები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://www.doingbusiness.org