ნიკა გვარამია - მსოფლიოში არის სრული კონსენსუსი, რომ საქართველოში მთავრობა ითვისებს დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიას

ნიკა გვარამია - მსოფლიოში არის სრული კონსენსუსი, რომ საქართველოში მთავრობა ითვისებს დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიას

მსოფლიოში არის სრული კონსენსუსი იმაზე, რომ საქართველოში მთავრობა ითვისებს დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ სასტუმრო "თბილისი მარიტოში" განუცხადა, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეათე საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ესწრება.
როგორც ნიკა გვარამიამ შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, აქ არის შეკრებილი ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოება, პირველ რიგში, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოება, ასევე ადგილობრივი მსხვილი ბიზნესმენები.
"ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრები ვართ და ჩვენც მივეკუთვნებით მსხვილ ადგილობრივ ბიზნესს. ამიტომაც გავუზიარებ იმ შეშფოთებას, რომელიც გვაქვს "რუსთავი 2"-ის მიმართ წარმართულ ქმედებებთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. როგორ ხდება ამ ორგანიზაციის, როგორც ბიზნესის და როგორც მედიის შევიწროვება და რა მოლოდინები გვაქვს ჩვენ, ადგილობრივი თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის", - განაცხადა გვარამიამ.
როგორც შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრინციპში ყველამ ყველაფერი იცის ამ საქმეზე და არავისთვის არაფერი სიახლე არ ყოფილა იმაში, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრა. "შეკითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვგეგმავთ, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს პროცესზე. ჩვენ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას ვფიქრობთ და რა გეგმები გვაქვს", - განაცხადა გვარამიამ. 
კითხვაზე, მან ცოტა ხნის წინ დიპლომატებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და არის თუ არა მხარდაჭერა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მხარდაჭერა არის სრული და ეს აისახება საერთაშორისო პრესაშიც.
"ვაშინგტონ პოსტის" ედიტორიალი ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას ლამის. თუმცა ასეთი განცხადებებიც მოვისმინეთ ჩვენ. სამი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ეს უპრეცედენტოა ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით და დაახლოებით ამდენივე იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება. გუშინ იყო განცხადება ევროკავშირის, ამაზე ევროპის პრესაც წერს. სრული შეთანხმებაა იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესების რღვევა, რომ მთავრობა ითვისებს დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიას, ამაზე არის სრული კონსენსუსი მსოფლიოში. ამ კონსენსუსის მიღმა დგას ბიძინა ივანიშვილი, მისი მარიონეტული მთავრობა და პარლამენტი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.