ნიკა გვარამია რასაც ექსტაზში შესული იტყვს, არგუმენტი ვერ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
ივანიშვილის თქმით, ის თავიდანვე სკეპტიკურად მოეკიდა ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მასზე თვალთვალი და ზეწოლა ხორციელდება, თუმცა ამ განცხადების ნამდვილობა სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ.
"ხელისუფლების ვერც ერთი ქცევა ვერ ვნახე თქვენს წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ რომ ძალადობს გვარამია და ისტერიკებშია, ამას ვხედავ. ჩემი ნათქვამი იმიტომ კი არაა, რომ მთავრობა წაახალისოს, იმიტომ გაძლევთ შენიშვნებს, რომ უფრო არგუმენტირებულები იყოთ და ფაქტები არ დაამახინჯოთ. ამდენი ხანია გვაკრიტიკებთ, სამი წელიწადია და სად ნახეთ ძალადობა?! ნიკა გვარამია რომ ამბობს მითვალთვალებენო, ეს უნდა დაამტკიცოს სასამართლოში. ნიკა გვარამია ვერ გახდება კანონი. მე არაფერს გამოვრციხავ, მაგრამ რასაც ნიკა გვარამია ექსტაზებში შესული იტყვის, ის ვერ გახდება საფუძველი, რომ ეს არგუმენტი იყოს. ჯერ რაც თქვა, დაამტკიცა? იმ კაცმა [ალექსი ახვლედიანმა] უარი თქვა, როგორც მე ვიცი", - განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, თუ საიდან აქვს ინფორმაცია ალექსი ახვლედიანის ჩვენებაზე მაშინ, როდესაც პროკურატურას არაფერი გაუსაჯაროებია, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ახვლედიანს რომ გვარამიას ნათქვამი დაედასტურებინა, ამას პროკურატურაზე ადრე ისევ "რუსთავი 2"-სგან გაიგებდა.
"ახლა იმას იტყვიან, რომ ახვლედიანისგან ან პროკურატურისგან მივიღე ინფორმაცია. ახვლედიანი თვალით არ მინახავს და არც პროკურატურით დავინტერსებულვარ. თავშივე სკეპტიკურად მივუდექი გვარამიას განცხადებას, ცრუობს მგონია. იმდენს ცრუობთ უკვე, თქვენი სიმართლის გაგებაც ძალიან რთულია. გახსოვთ, ბავშვობაში რომ გვასწავლიდნენ, მგელი მგელიო, რომ იძახდა, იქ ხართ უკვე", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, "რუსთავი 2"-ის ირგვლივ აჟიოტაჟი გადაჭარბებულია, ასევე გაუგებარია რა შუაშია გვარამია და რატომ არ იღებენ ხმას მფლობელები – ძმები ყარამანაშვილები.
რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებას, ივანიშვილი ამბობს, რომ გაუგებარია რატომ უნდა დაიჯეროს ის, რასაც ევროპის სახალხო პარტია ამბობს და არა ის, რაც ცხვირწინ უდევს.
"თქვენ სურვილი გაქვთ, ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლემ საქმე გაარჩიოს, მოსამართლე დაიჭიროთ თავშივე. გახსოვთ, ვერის უბნის მელოდიებში სიმღერა, თუ მომჩივანს მოვსპობთ თავშივე, დანაშაულიც აღარ იქნებაო. დაახლოებით ეს პოზიცია გაქვთ დღეს, რომ თუ ქიბარ ხალვაშს მოუხერხებთ რამეს ან სასამართლოს, ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სასამართლო არ დასრულებულა და შიდაპროცესებში გინდათ ჩამიყვანოთ, ეს უკვე მცდარი პოზიციაა. თქვენ რომ გინდათ, ევროპიდან და ამერიკიდან მოსული ინფორმაციით შეაფასოთ მთავრობა ახდენს თუ არა ზეწოლას "რუსთავი 2"-ზე, ჩვენზე კარგად როგორ შეიძლება ეს გარედან შეაფასონ? როგორ შეიძლება ჩვენზე კარგად ევროპიდან დაინახონ, საქართველოში რა ხდება? ერთი ფაქტი დამისახელეთ, რომ მთავრობა ზეწოლას ახდენს მედიაზე. გარეთ ახერხებდნენ ადრეც საუბედუროდ და ჩვენ ეს ძალიან მძიმედ გადავიტანეთ, მე პირადად პრემიერ-მინისტრის როლში 90%-ს დროს და ენერგიას იმაზე ვხარჯავდი, რადგან სააკაშვილმა და ამ გუნდმა საოცარი დემოკრატიის მშენებლობა გააფორმეს საზღვარგარეთ მაშინ, როდესაც აქ ხდებოდა ის წამებები, რაც კადრებშია. ახლაც არც ერთი მაგალითი არა გაქვთ იმის, რომ მთავრობა ძალადობს მედიაზე და გინდათ, ისევ საზღვარგარეთი დაიხმაროთ. შიგნით ძალიან გაფუჭებული გაქვთ საქმე, ყველაფერი გასაგებია უკვე ქართველი ხალხისთვის და შემდეგ შემოდგომაზე, არჩევნებზე ამაზე საბოლოო პასუხს მიიღებს "ნაციონალური მოძრაობა". ახლა ეს გინდათ თქვათ, რომ ნახეთ გარედან როგორ შფოთავენ... უბედური ევროპელები და ამერიკელებიც, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მსხვერპლია პირდაპირი მნიშვნელობით. არ ასვენებენ დღესაც, ის ხალხი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ამდენ ხანს ატყუებდნენ და დღესაც ნაცნობობა აქვთ. მაჩვენეთ ერთი ზეწოლა მთავრობის მხრიდან მედიაზე. მსგავსი მაგალითი არა გაქვთ და აწუხებთ იმ საცოდავებს _ საცოდავები ისე ვთქვათ, შესაცოდი არაფერი სჭირთ, ჩვენზე კარგად არიან ყველანაირად, მაგრამ საცოდავები იმ დარგში არიან ესენი აქ ვერაფერს ახერხებენ და ისევ მათ აწუხებენ. კახი კალაძეს ის წამოცდა, რომ ქიბარ ხალვაში იყო მეპატრონე ტელევიზიის და ეს არის ზეწოლა? ბოდიში მოიხადეთ. ქიბარ ხალვაში იქნება თუ დვალი, მათ ჰქონდათ ამ ტელევიზიასთან კავშირი, მაგრამ რა კავშირშია გვარამია?! ვინ არიან ყარამანაშვილები, რომლებიც ვერც კი ჩდებიან ეს საცოდავები, იმიტომ რომ ფორმალურად ჰყავთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ გვარამიასი რომ არ არის ტელევიზია, ყველამ იცის.
იგი ასევე გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ის შენობასთან კამერების დამონტაჟებას და აღნიშნა, რომ თუ ეს ტელევიზიას აწუხებს, კანონის შესაბამისად, უნდა გააპროტესტოს.
ივანიშვილს ასევე დაუსვეს კითხვა, ხომ არ გეგმავს ქიბარ ხალვაშთან შეხვედრას, რაზეც აღნიშნა, რომ ამის სურვილი არც ხალვაშს გამოუთქვამს და არც მას აქვს კითხვები ქიბარ ხალვაშთან, თუმცა თუ ასეთი სურვილი იქნება, "შეიძლება, რატომაც არა".