ქართველი ამომრჩევლის ჩანაწერები (ნაწილი პირველი)

ქართველი ამომრჩევლის ჩანაწერები (ნაწილი პირველი)

2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ყველამ შვებით ამოისუნთქა.

ხელისუფლებამ მიიღო მის მიერვე დაანონსებული გამარჯვება. თანაც ისე, რომ თავხედური და ღია გაყალბება არც კი დასჭირვებია.

ოპოზიცია ერთიმეორეს ეჯიბრებოდა 31 მაისს ამაყი განცხადებებით - არა მე ვარ და არა მე მთელ ოპოზიციაში ყველაზე მაგარიო. ცნობილ გამოთქმას თუ დავუჯერებთ - ”სოფელში პირველობა სჯობს ქალაქში მაჩანჩალობასო” - ალბათ ასეთ საქციელშიც იყო ლოგიკა.

ყველაზე განსაცვიფრებელი კი მაინც ”ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების” ანუ დასავლეთის ქვეყნების რეაქცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს წარმომადგენლობითმა მონიტორინგის ჯგუფმა საკმაოდ კრიტიკული დასკვნა მოამზადა ბოლო ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით, სამთავრობო წრეებთან დაახლოებული დასავლელი ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობა, მათივე ქვეყნების სახელისუფლო საინფორმაციო წყაროებთან ერთად, არ იშურებდა ეპითეტებს, რათა ხოტბა-დიდებით შეემკო ჩვენი ხელისუფლება ვითომდა უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის საქართველოში.

დღევანდელ მსოფლიოში რამ უნდა გაგაკვირვოს კაცი, მაგრამ ცინიზმსაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი? ხშირად მსმენია ჩვენი პოლიტიკოსებისაგან: ”რას ვერჩით ამერიკასა და ევროპას, ჩვენზე რაd უნდა ზრუნავდნენ. იმათ ხომ თავისი ინტერესები აქვთო”.

ჰქონდეთ და, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს დასავლეთს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს თეთრზე შავი იძახო და შავზე - თეთრი?

ზემოთ ეუთოს დასკვნა ვახსენე. ამ ორგანიზაციასთან ნამდვილად ვერ გვექნება ამჯერად დიდი პრეტენზიები. საკმაოდ კეთილსინდისიერად აღნუსხა ეუთომ ყველაფერი და მათ შორის მთავარი დარღვევებიც, რის გამოც 2010 წლის 30 მაისის არჩევნებს დემოკრატიულობისა არაფერი ეცხოთ.

ეს დარღვევებია:
• ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ინტენსიური გამოყენება.
• ნაციონალური ელექტრონული მედიის თითქმის სრული მონოპოლიზება გიგი უგულავასა და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ.
• ასტრონომიული სხვაობა საარჩევნო კომპანიაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ დახარჯულ თანხებს შორის.

ძალიან მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა ბრიტანელებს. სულ ახლახანs, მათ ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გორდონ ბრაუნის ლეიბორისტულმა პარტიამ დეივ ქემერონის ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიაზე 100-ჯერ მეტი ფული დახარჯა?

პასუხი ცალსახაა: რა თქმა უნდა - არა! სწორედ მაგიტომაც გაიმარჯვეს კონსერვატორებმა, თორემ საქართველოსავით რომ ყოფილიყო, სადაც ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის ძირითადად კონკურენტზე - ”ალიანსი საქართველოსათვის” - 100-ჯერ მეტი ფული მოახმარა საკუთარ საარჩევნო კომპანიას, დიდ ბრიტანეთში კანონიერი გზით ხელისუფლება არასოდეს შეიცვლებოდა.

დავიჯერო, ინგლისში, ამერიკასა თუ საფრანგეთში არ იციან ყველაფერი ეს?

ნუთუ დასავლეთში არ იციან ყველა დემოკრატიული ქვეყნისათვის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ არჩევნების შედეგების რეპრეზენტატულობასა და მათი ჩატარების ობიექტურობაში სისხლხორცეულად ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული?

ნუთუ არ იციან ის, რომ არჩევნები პოლიტიკურად გაკოტრებული და არაკომპეტენტური რეჟიმების სიცოცხლის გასახანრძლივებელი საშუალება კი არა, ის სარკე უნდა იყოს, სადაც დროდადრო იხედებიან ქვეყნის პოლიტიკური ძალები, რათა რეალურად გაიგონ არსებული ელექტორალური განწყობილებები და მიიღონ შესაბამისი საზოგადოებრივი შეკვეთა?

მშვენივრადაც იციან, მაგრამ ”გვაბოლებენ”, თითქოს ჩვენი ქართველი ”დამბოლებლები” არ გვყოფნიდნენ აქ!

ავიღოთ თუნდაც ”დემოკრატიის მხარდასაჭერად” ამერიკიდან და ევროპიდან მილიონობით დოლარისა და ევროს ”გადმოსროლა” საქართველოში. ყველა ხვდება, რომ ეს ფული მეტწილად მხოლოდ ”ფასადური” და არა რეალური დემოკრატიის განმტკიცებას ხმარდება.

გვესმის, რომ ზემოაღნიშნული თანხები დასავლეთისთვის სასურველი რეჟიმის სტაბილურობის შენარჩუნებისათვისაა გამიზნული. კი, ბატონო! დაეხმარონ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ქართველ ხალხს და საქართველოს სახელმწიფოს ნუ ამადლიან ამას!

ისიც გვესმის, რომ დასავლეთს ასე აწყობს. დღევანდელ ჩვენ ხელისუფლებაზე უფრო მორჩილი და ერთგული მხარდამჭერების პოვნა საქართველოში მათ ხომ ნამდვილად გაუჭირდებოდათ, მაგრამ თუ ეს ასეა, დაანებონ მაშინ თავი ”დემოკრატიობანას” თამაშს. კმარა ორმაგი სტანდარტები და ”იმიტირებული” დემოკრატიის ქება-დიდება საქართველოში! თუ ასე ძალიან მოსწონთ ჩვენებური დემოკრატია გაგვიცვალონ მაშინ ის თავიანთ ევრო-ამერიკულში.

ხშირად სვამენ ერთ შეკითხვას. სადამდე გააგრძელებს დასავლეთი ”ვარდების ხელისუფლების” მხარდაჭერას?

ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში პასუხი მარტივია – მხარდაჭერა, ძალიან დიდი ალბათობით, 2023 წლამდე (ან მეტი დროით) გაგრძელდება. ზუსტად მანამდე, სანამ თავის შესაძლებლობებს ბოლომდე არ ამოწურავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

ასე რომ, სავსებით რეალურია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არაერთხელ წავიკითხოთ ვაშინგტონ პოსტში, ნიუ-იორკ ტაიმსში, დეილი ტელეგრაფში ან მოვისმინოთ სი-ენ-ენიდან, ბი-ბი-სიდან, ტვ-5-დან თუ დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელებისაგან რომ:

• საქართველო ”დემოკრატიის შუქურაა” და სააკაშვილს (მერაბიშვილს თუ უგულავას) ალტერნატივა არ ჰყავს.
• ქართველი ხალხი პოლიტიკურად უმწიფარია, ქართული ოპოზიცია კი – ძალიან სუსტი.
• საქართველომ არ უნდა შეუშალოს ხელი რუსეთისა და დასავლეთის ”დაძმობილებას”.

სულაც არ გამიკვირდება თუ მომავალში (ადრე იქნება თუ გვიან) იმასაც გავიგონებთ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ უნდა გადახედოს თავის ”შეურიგებელ” პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, რომ დასავლეთმა ისედაც ზედმეტი პატივი სცა საქართველოს და ეყო ამ ქვეყნის გამო ”თავის ტკივილი” (ისე, ჩვენში რომ დარჩეს, საქართველო 1801-1918 წლის მსგავსად თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახით რომ შედიოდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დასავლეთს საქართველოს გამო ”თავის ტკივილი” ალბათ ნამდვილად აღარ შეაწუხებდა).

შეიძლება ცოტა ვამუქებდე კიდეც ფერებს, მაგრამ ამის უფლებას მხოლოდ იმის სურვილი მაძლევს, რომ შეძლებისდაგვარად ”ავუხილო თვალი” მას, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა ზღაპრებისა:

კეთილი და უანგარო დასავლეთის შესახებ;
• ჩვენი ხელისუფლების უალტერნატივობისა და შეჩვეული ჭირის შეუჩვეველ ჭირზე უპირატესობის შესახებ;
• ქართული ოპოზიციის მარადიული უსუსურობის შესახებ.

სინამდვილეში კი:

• დასავლეთი მხოლოდ თავისთვის არის კეთილი. ბუნებრივია, რომ აშშ, საფრანგეთი, გერმანია თუ დიდი ბრიტანეთი საკუთარ ინტერესებს ყოველთვის საქართველოს ინტერესებზე მაღლა დააყენებენ და შესაბამისად პოლიტიკურ არჩევანსაც ყოველთვის რუსეთის სასარგებლოდ გააკეთებენ (ქალბატონი ჰილარი კლინტონისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ რამოდენიმე დღის წინ საქართველოში წარმოთქმული მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ ამერიკის რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას საქართველო არ შეეწირება, მხოლოდ დიპლომატიურ რიტორიკაა). კითხვაზე – მაშ რუსეთი ვინ არისო – ვუპასუხებ: რუსეთი დასავლეთის მეგობარი და ჩვენი მტერია. ახლა კი მე დავსვამ კითხვას. შეიძლება თუ არა ვინმეს ჩვენs მტერთან მეგობრობა ყველაფერს ერჩივნოს და იმავდროულად ჩვენ მეგობრად რჩებოდეს? პასუხი ცალსახაა – არა! ვერ იქნება დასავლეთი ჩვენი ჭეშმარიტი მეგობარი, სანამ საქართველო და რუსეთი ვერ მოახერხებენ მტრობისა და ურთიერთსიძულვილის ჭაობიდან ამოსვლას (მარტო მაღალმა ღმერთმა უწყის, ეს როდის მოხდება, მაგრამ ცხადია, რომ ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება).
• შეჩვეული ჭირი შეუჩვეველს არასოდეს არ უნდა ვარჩიოთ. ჭირი – ჭირია და ის მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოვიშოროთ.
• ქართული ოპოზიცია მანამდე იქნება უსუსური, სანამ პასიური და უსუსური დარჩება ქართული საზოგადოება.

ისე, ძალიან მაინტერესებს კიდევ რამდენიმე რამ. კერძოდ:

• ”ვარდოსნები” რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმის მერე გახდა ჩვენი ხალხი დასავლეთის თვალში პოლიტიკურად უმწიფარი და ოპოზიცია სუსტი?
• 2003 წელს და მანამდეც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში არ იყო?
• 2003 წელს ”ვარდების რევოლუცია” რომ მოახდინა სიბრძნით სავსე იყო ქართველი ხალხი და ”ვარდების” ხელისუფლების შეცვლა რომ მოინდომა, მაშინ გახდა ”პოლიტიკურად უმწიფარი”?

ამიტომ, თუ მართლა ისეთი ”პოლიტიკურად უმწიფარები” არ ვართ ქართველები დასავლეთის ქვეყნებში რომ ვგონივართ, უპრიანი იქნებოდა ბოლოს და ბოლოს, არჩევნებზე მაინც გვესწავლა განსხვავების პოვნა ცუდსა და ცუდზე უკეთესს შორის, უკეთესსა და უფრო უკეთესს შორის.

სანამ ქართული საზოგადოება შავ-თეთრ ფერებში პოლიტიკურ აზროვნებას არ მოიშლის დღევანდელზე უკეთეს ხელისუფლებას ვერასოდეს ვეღირსებით.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საარჩევნო პროცესის ანალიზს საქართველოში ძალიან სამწუხარო დასკვნამდე მივყავართ – არჩევნები საქართველოში არ არის არც თანაბარი, არც საყოველთაო და არც ფარული.

არადა, სწორედ ამ სამ მითს ეფუძნება ხელისუფლების მიერ უკლებლივ ყველა არჩევნების შედეგების მუდმივი და წარმატებული გაყალბება (რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ინტენსივობით).

თანაბარზე უკვე ზემოდ მოგახსენეთ (სასაცილოა თანაბარ არჩევნებზე ლაპარაკი, როდესაც ოფიციალური მონაცემებით ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 14 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა არჩევნებზე, მაშინ როდესაც ”ალიანსმა საქართველოსათვის” სულ რაღაც 100 ათასი ლარზე ოდნავ მეტი).

ამომრჩევლების რაოდენობის ხელოვნურ ზრდაზე რომ არაფერი ვთქვათ (საოცარია, თუ როგორ ვერ გახდა ხელისუფლების ეს აღმაშფოთებელი თაღლითობა არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის მხრიდან უმძაფრესი რეაქციისა და პოლიტიკური პროტესტის საბაბი), ზედმეტია არჩევნების ჭეშმარიტ საყოველთაობაზე ლაპარაკი, როდესაც სინამდვილეში სახელმწიფოს ბედს კენჭისყრის დროს წყვეტს მოსახლეობის უმცირესობა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში, როგორც უმაღლესი, ისე ადგილობრივი ხელისუფლების არჩევის პროცესში:

• ერთის მხრივ, საერთოდ არ მონაწილეობს ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეთა ყველაზე უფრო მაღალინტელექტუალური, ეკონომიკურად, სოციალურად და შესაბამისად პოლიტიკურად ყველაზე უფრო გონიერი ნაწილი (მხედველობაში მყავს პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არჩევნებისადმი ნიჰილისტურად განწყობილი მოსახლეობა და ემიგრაციაში მყოფი 2 მილიონამდე ქართული თუ არაქართული წარმოშობის ჩვენი თანამემამულეები).
• მეორეს მხრივ კი, არჩევნებში აქტიურად მონაწილეობენ და ტრადიციულად ხელისუფლებისათვის გარანტირებულად სასურველ შედეგს უზრუნველყოფენ ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად უაღრესად პასიური საქართველოს მოქალაქეები (სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი და, შესაბამისად, ხელისუფლების მიერ ”მძევლად” აყვანილი პენსიონერები, კომპაქტურად დასახლებული იძულებით გადაადგილებელი პირები და ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებული და არაინტეგრირებული, ქართული ენის არმცოდნე კომპაქტურად მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები).

მაშასადამე, საქართველოში ჩატარებული არჩევნები (ბოლო ადგილობრივი არჩევნების ჩათვლით):

არ არის თანაბარი და საყოველთაო.
მასში მეტწილად მონაწილეობს და, შესაბამისად, განსაზღვრავს არჩევნების საბოლოო შედეგებს არა აქტიური, გონიერი და საქართველოს პოლიტიკურ, სულიერ და კულტურულ გარემოში ინტეგრირებული ელექტორატი, არამედ სოციალურად უუნარო, დაშინებული, დაუძლურებული.
გაუთვითცნობიერებული და ხშირად ქართული ენის აბსოლუტურად არმცოდნე მოსახლეობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2010 წლის 30 მაისის არჩვნები (წინა არჩევნების მსგავსად) აპრიორი არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად, მიუხედავად იმისა მოიწონებს ამას დასავლეთი თუ არა.

სად არის ამ ჩიხიდან გამოსავალი?

უკეთესი პოლიტიკური პერსპექტივა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამისათვის გონიერი და პრინციპული პოლიტიკური ბრძოლაა საჭირო. მხოლოდ ასეა შესაძლებელი პერსპექტივის რეალობად გადაქცევა. მით უფრო აქტუალურია ეს ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც დღევანდელ საქართველოშია შექმნილი.

პირველ რიგში აუცილებელია დემოკრატიისათვის ბრძოლის პრიორიტეტების ნათლად გამოკვეთა. ასეთ პრიორიტეტად კი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მესახება, მაგრამ ამაზე ორსაბათს, ზემოაღნიშნული წერილის მეორე ნაწილში ვისაუბროთ.