ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, მას 2006 წლის 16 ნოემბერს პირადად ესაუბრა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მოსთხოვა, რომ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ტელეკომპანია სხვისთვის გადაეფორმებინა.
როგორც ხალვაში აცხადებს, 2006 წლის 17 ნოემბერს „რუსთავი 2“ დიმიტრი ქიტოშვილს გადაუფორმეს. ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოპასუხეები რაზეც საუბრობენ, არის მიშა სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ტექსტი. 2006 წლის 16 ნოემბერს, 22:30 საათზე შევედით სალაპარაკოდ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამომიყენა მოთხოვნა, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია იმისთვის, რომ ჩემს ოჯახს და მე პრობლემები არ გვქონოდა. 2006 წლის 17 ნოემბერს დილით ქიტოშვილი მოვიდა და გადაუფორმეს „რუსთავი 2“. მე კომპანიაში გადამიხადეს 300 ათასი ლარი, მე კი 7 მილიონ 300 ათას დოლარად ვიყიდე“, - განაცხადა ხალვაშმა.
პრეზიდენტის რეზიდენციაში, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.