„რუსეთი არა მხოლოდ ტერიტორიების, არამედ ქართველების აზროვნების ოკუპაციას ახდენს“

„რუსეთი არა მხოლოდ ტერიტორიების, არამედ ქართველების აზროვნების ოკუპაციას ახდენს“

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია რუსეთის საბოლოო მიზანი არ ყოფილა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს ტერიტორიები არის პლატფორმა შემდგომი ნაბიჯებისა, რათა რუსეთმა თავისი კონტროლი გაზარდოს არამხოლოდ საქართველოზე, არამედ რეგიონშიც.

უსუფაშვილის განცხადებით, პრობლემები, რომლებიც საქართველოში დგას, არც გუშინ და არც გუშინწინ არ დაწყებულა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის იმპერიული მიდრეკილებები არ შეცვლილა.

„სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა რუსეთში, ვერ აღიქვეს, რომ 21-ე საუკუნე დაფუძნებულია განსხვავებულ ღირებულებებზე. ეს გახდა პრობლემა არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამის მაგალითია უკრაინაში მიმდინარე პროცესები“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იგი ისურვებდა, რომ ისეთი კონფერენციები, რომლებზეც უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, ყოფილიყოს უფრო მოსაწყენი და არ ახდენდეს მსგავსი საკითხები აზროვნების ოკუპირებას.

„მაგრამ სამწუხაროდ, უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციები უფრო და უფრო საინტერესო ხდება. საქართველოზე რომ ვისაუბროთ, რუსეთი ახდენს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ აზროვნებისაც, რაც ძალიან დამაზიანებელია. ყველა წამი, ყველა წუთი, რომელსაც ვუთმობთ ამ საკითხებს, აკლდება სხვა საკითხებს, რომლებზეც ყველა ხელისუფლება უნდა იყოს ფოკუსირებული. ეს არის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, განათლების საკითხები. სამწუხაროდ, მე და ჩემი კოლეგები მთელ დროს უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ ვხარჯავთ, ეს კი ხელს არ უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სანქციები საბოლოო ჯამში ყველას ვნებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური სანქციები საბოლოო ჯამში ყველას ვნებს. არ შეიძლება ეს სიკეთის მომტანი იყოს და საქართველო ამით აგებს. ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, მხარს ვუჭერთ მძიმე სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, დააზიანოს უსაფრთხოების სისტემა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებულია“, - აღნიშნა უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

თბილისში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მესამე კონფერენცია იმართება.