პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, არამედ, მან გამოამჟღავნა მისწრაფება, რომ მთელ მსოფლიოს დღის წესრიგი უკარნახოს.
როგორც დავით უსუფაშვილმა რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა, საქართველო ისტორიულ ქარცეცხლში ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყანა აღმოჩნდა.
„რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, არამედ, მან გამოამჟღავნა სრულიად მკაფიო მისწრაფება იქით, რომ მთელ მსოფლიოს დღის წესრიგი უკარნახოს. მსოფლიო ამას არ შეეგუა იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო ასპარეზზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფო და რომელსაც მართლა შეეძლო იმ პერიოდში დიდი ზიანის მიყენება, მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ, შეუძლებელია, გამორიცხულია მსოფლიო შეეგუოს იმ ვითარებას, როდესაც რუსეთი ცდილობს უკარნახოს დანარჩენ ცივილიზაციას, რომ რაღაც სხვაგვარად განვითარდეს. ამიტომ, ისტორიული თვალსაზრისით, ყველაფერი ნათელია. უბრალოდ, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ამ ისტორიულ ქარცეცხლში, რომლის საბოლოო შედეგი სრულიად ცალსახაა, რომ თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა გაიმარჯვებს, ჩვენ ამ პროცესში არ აღმოვჩნდეთ ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანა. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ეს მხოლოდ ავღანეთში ჩვენი მონაწილეობით არ შემოიფარგლება, მაგრამ უნდა გვეყოს ჭკუა და გამოცდილება იმისთვის, რომ არ ვიყოთ ყველაზე უფრო დაზარალებული და დასახიჩრებული ამ პროცესში. ამაშია მთელი სირთულე, მაგრამ ამაშია სინათლეც. ჩვენ სწორი გზით მივდივართ, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ დანაკარგები უნდა შევამციროთ“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს კვირეულის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.