პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებამ.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა კვაჭანტირაძის განცხადების პათოსს, რომ ოპოზიცია „რუსთავი 2“-ის გარშემო ვითარების დაძაბვას ხელს უწყობს, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში პოლიტიკურმა ძალებმა სრულიად ცალსახა პოზიციები დაიკავეს.
მე არ ვიცი რატომ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა ამ განცხადებამ. მე თავად ვესწრებოდი იმ შეხვედრას, სადაც ბატონმა ზვიადმა ბრძანა, რომ მას ჰქონდა განცხადება, როგორც უმრავლესობის ლიდერს. ეს არ იყო უმრავლესობის მიერ მომზადებული, უმრავლესობასთან შეთანხმებული, მაგრამ რადგან უმრავლესობის ლიდერია, ამიტომ მას სიტყვის თავისუფლება არ აქვს წართმეული. მას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს. ასე რომ, არ მგონია ამ თვალსაზრისით გაუგებრობა იყოს. ეს იყო მისი გადაწყვეტილება და ჩვენც გვითხრა, რომ ასე აპირებდა. რაც შეეხება დანარჩენ ასპექტებს, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ უყურებს, მე არ მგონია კვაჭანტირაძის განცხადება იყოს საჭირო იმის გასააზრებლად, რომ დიახ, ამ პროცესში პოლიტიკურმა ძალებმა სრულიად ცალსახა პოზიციები დაიკავეს. მე არ მინდა დეტალებში ჩასვლა. პროცესი უნდა წარვმართოთ როგორმე ისე, რომ არ დავაზარალოთ მედია არც ზედმეტი შეტევებით და არც ზედმეტი მეურვეობით. მე ვხედავ ორივე ნიშნებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მოვლენების დაძაბვას, ოპონენტები შეგნებულად ინსპირირებას უკეთებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველა მედიასაშუალება ქვეყანაში დაუბრკოლებლად მუშაობს, მათ შორის, "რუსთავი 2"-იც.