საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა. 
როგორც "ინერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესზე და იმ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ახორციელებს.
შეხვედრისას განიხილეს NATO-ს მინისტერიალის და მომავალ წელს დაგეგმილი NATO-ს სამიტისათვის მზადების კონკრეტული საკითხები, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები.
სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, პრეზიდენტთან საუბარი შეეხო ქვეყანაში ღია და მშვიდი პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. 
"ვისაუბრეთ ასევე, ქვეყანაში სასამართლოსა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე. ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც NATO-სათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი და ყველა ვისთანაც მქონდა დღეს შეხვედრა თანხმდება ამ საკითხების მნიშვნელობაზე. 
საკმაოდ ვრცელი დისკუსია გვქონდა საშინაო ურთიერთობების შესახებ. 
განვიხილეთ NATO-სა და საქართველოს ურთიერთობები და ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას NATO-სთან. 
დისკუსია შეეხო ასევე, იმ განსხვავებულ იდეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ "მეტ NATO-ს" საქართველოში. 
შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო და მე მოუთმენლად ველი ჩემს შემდეგ ვიზიტს ამ არაჩვეულებრივ ოფისში", - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.