დავით დვალი: „პირველ რიგში, ჩვენს თავს ვადანაშაულებ, რადგან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები უმძიმესი არჩევანის წინაშე დავაყენეთ“

დავით დვალი: „პირველ რიგში, ჩვენს თავს ვადანაშაულებ, რადგან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები უმძიმესი არჩევანის წინაშე დავაყენეთ“

„ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ თუ არ ვცდები 10-კაციანი სია აქვს ზონდერ-ჟურნალისტების, რომლებიც რუსთავი 2-ში მისი დაბრუნების შემთხვევაში არხზე ვერ იმუშავებენ, სხვა არც ერთ ჟურნალისტს პრობლემა არ შეექმნებაო… თქვენც ხომ არ გაქვთ ასეთი სია მომზადებული?“ - ეს კითხვა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტმა „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს დავით დვალს დაუსვა, რაზეც დვალმა უპასუხა:

 „არ ვეთანხმები მე მაგას. არანაირი სია არ მაქვს. ჩვენ მანამდე გვქონდა ეგეთი დამოკიდებულება, რომ მე, ეროსი და ჯარჯი ვიყავით კედელი, რომლის უკანაც ეს ბაშვები იდგნენ. მე არ ვიძახი, რომ ყოველთვის სამართლიანად იქცეოდნენ.  მათ სულ ყოველთვის ჰქონდათ იმის იმედი, რომ ჩვენ დავიცავდით და ისინი რაღაცის პირისპირ თვითონ არ იდგნენ. 2004 წლის შემდეგ ეგ შეიცვალა. ერთ მშვენიერ დღეს ეგ ხალხი სრულიად დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელშიც თვითონ უნდა გადაერჩინათ თავი. ამიტომ, არავისთან არ მაქვს პრეტენზია. ყველა შეეცადა თავი გადაერჩინა, ვიღაც პარტიულ მუშაკად წავიდა, ვიღაც სადღაც წავიდა, ვიღაცამ დაკვეთილი სიუჟეტების კეთება არჩია… არავისთან მაქვს პრეტენზია. პირველ რიგში, ჩემს თავს და ჩვენს თავს ვადანაშაულებ, რადგან ეს ხალხი უმძიმესი არჩევანის წინაშე დავაყენეთ. დღეს გამოვიდე და ვიღაცაზე ზონდერი ვთქვა, ჩემი მხრიდან უსინდისობა იქნება. განა მომწონს, რასაც აკეთებენ, მაგრამ კატეგორიულად არ ვთვლი ზონდერებად. მით უმეტეს, იმ გადაცემის ნახვის შემდეგ მე გულშემატკივრობის განცდა უფრო გამიჩნდა იმასთან დაკავშირებით თუ რა მდგომარეობაში არიან ახლა. მანდ ისეთი ატმოსფეროა, რომ, დარწმუნებული ვარ, ეგენი 2012 წლიდან თვლიან, რომ მტრის გარემოცვაში არიან, იბრძვიან გადასარჩენად... ექსტრემალურ სიტუაციაში ვინ რას აკეთებს, მაგის განხილვა არ გვინდა. მე ასე ვთვლი, რომ ნებისმიერს მაგ ადამიანებიდან შანსი უნდა მივცე. თუ ვინმე თვითონ იტყვის, რომ ზონდერი ვარ, პარტიული მუშაკი ვარ და შენთან არ ვიმუშავებო, კი ბატონო, მაგრამ მე მანდ ადამიანებს არ ვყოფ ზონდერებად და არაზონდერებად“.