„წარმატებას ვუსურვებ ქიბარს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჩვენთვის ეს სამართლიანობის აღდგენის პირველი ეტაპია“

„წარმატებას ვუსურვებ ქიბარს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჩვენთვის ეს სამართლიანობის აღდგენის პირველი ეტაპია“

„როცა ეს სასამართლო დაიწყო, ჩვენ გამოვედით და მას მხარი დავუჭირეთ. ყველანაირად მხარს ვუჭერთ ამ პროცესს მარტივი მიზეზის გამო: მე არ მგონია, რომ სამართლებრივ გზაზე სასამართლოს გარდა რამე სხვა საშუალება არსებობდეს... რაც არ უნდა არსებობდეს, მე არ მინდა ეს ტელევიზია ისე დაბრუნდეს, რომ კითხვის ნიშანი დარჩეს, რომ რაღაც რევიზია შეიძლება მოყვეს მას მომავალში და ასე შემდეგ. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მივიჩნევ, რომ სასამართლო არის ერთადერთი გზა და გამოსავალი“, - აცხადებს ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი.

„რაც შეეხება ქიბარის ამბავს, ის, რაზეც ჩივის მთელი ეგ ჯაჭვი, საუბარია იმაზე, მას შემდეგ რაც მოხდა, ვგულისხმობ ტელევიზიის ხელიდან ხელში გადასვლის ამბებს, ჩვენი საჩივრის თუ სარჩელის 90 პროცენტს შეადგენს. ანუ, ამ ნაწილში ჩვენი სრულიად ვიკვეთებით. მე ვამბობ მარტივ რამეს, ქიბარმა თუ თავისი სიმართლე დაადასტურა და დაამტკიცა, რომ ჯაჭვის ეს დანარჩენი რგოლები საქმეს უნდა ჩამოშორდეს, ჩემთვის ეს უზარმაზარი წინსვლაა. მე ამის შემდეგ სალაპარაკო მხოლოდ ქიბართან მრჩება, თუ კარსანიძეს არ ჩავთვლით. თუ ქიბარი ამბობს, რომ აქვს ჩვენთან ლაპარაკის ნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ. მოვისმენ, თუ მისაღები იქნება, ძალიან კარგი, თუ არ იქნა, მე ჩემს ბრძოლას ვაგრძელებ. მე მართლა არ მინდა ამდენი წვალების შემდეგ რაღაც კომპრომისულ წინადადებაზე წავიდე ან დეკორაციის ფუნქცია შევასრულო. ნამდვილად მყარი პოზიცია გვაქვს. თუ რეალურად იქნება ლაპარაკი იმაზე, რასაც ჩვენ ვთვლით, რომ სამართლიანია, ღმერთმა გაუმარჯოს და მივესალმებით, ხოლო თუ არ იქნება, ვიდავებთ. მართლა არსად აღარ მეჩქარება. ეს ტელევიზია ტკივილად მომყვება. მირჩევნია სამართლიანობა აღდგეს, ვიდრე ის, რომ აჰა, შენ ფინანსები და ახლა კარგად იყავი. არ მინდა ასე. მე მართლა სამართლიანობა მინდა ამ შემთხვევაში. ამ გადმოსახედიდან, ხაზს ვუსვამ, აბსოლუტურად მხარს ვუჭერ ქიბარის მოთხოვნას. მე ამ წუთას ვერ ვერთვები პროცესში და არც ჩავერთვები. ახლა ჩართვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავეტაკებით ერთმანეთს და დღევანდელი ვითომ მფლობელი იხეირებს. ამიტომ სრულიად შეგნებულად გვერდზე ვუდგავარ და წარმატებას ვუსურვებ ქიბარს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჩვენთვის ეს სამართლიანობის აღდგენის პირველი ეტაპია. დასაწყისია მხოლოდ და არა - ზეიმი.

მე სამართლიანობის აღდგენა მირჩევნია კომპენსაციებს. აქედან გამომდინარე ვიძახი, რომ მე ბოლომდე მივაწვები. მირჩევნია სადმე, რომელიმე სასამართლოში ბოლოს დაიწეროს, რომ აი, ამათ უსამართლოდ ჩამოართვეს და ეს იყო ძალადობა. ეს მირჩევნია იმას, რომ ვიღაცამ რაღაც კომპენსაცია მომცეს“- აცხადებს დავით დვალი.