დავით დვალი: „ქიბართან ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომ 1 200 000-დან ჩვენ უკვე ვთავისუფლდებოდით და ის დაფარავდა ამ სესხს“

დავით დვალი: „ქიბართან ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომ 1 200 000-დან ჩვენ უკვე ვთავისუფლდებოდით და ის დაფარავდა ამ სესხს“

ტელეკომპანის „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას პაატა კარსანიძეზე და ქიბარ ხალვაშზე საუბრობს.  

„ტელეკომპანიის წილების გადაფორმებისას, იქ, სადაც ხელი უნდა მოგვეწერა საბუთებზე, დაგვხვდა კარასანიძე. მის შესახებ არაფერი ვიცოდით. მე არ მახსოვს, მაგრამ ჯარჯი იძახის, რომ „შლოპანცებით“ იყო მოსული. გვითხრეს, რომ ამ ადამიანს უნდა გადაუფორმოთო.

როგორც გავიგე, ეს ადამიანი ბათუმში 2-ოთახიან „ხრუშოვკაში“ ცხოვრობდა. ანუ, ეგ თანხა, ალბათ, თვალით არ უნახავს, ხოლო „რუსთავი 2“-ის მფლობელობაზე სიზმარშიც არ უოცნებია -

დაზუსტებისაგან თავს შევიკავებ, კონტრაქტში 100 ათასი დოლარი წერია, მაგრამ რეალურად თანხა ცოტა უფრო მეტი იყო“, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას დავით დვალი.

ჟურნალისტის კითხვაზე 1 200 000 აშშ დოლარი, რომელიც ქიბარ ხალვაშმა დაფარა მათ ნაცვლად დაფარა იმ ფინანსურ ვალდებულებაზე, რომლის გარანტიადაც მისი და აქიმიძის სახლები, ასევე „ჯორჯიან ონლაინი“ იყო ჩადებული, იყო თუ არა კარსანიძესთან გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილი? დვალი პასუხობს:

„არა. იყო სიტყვიერი დაპირება. მათ თავიდანვე ასეთი პირობა წამოაყენეს, რომ თუ „რუსთავი 2“-ის წილებს დათმობთ, „ჯორჯიან ონლაინს“ შევეშვებითო, რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ ვალდებულებიდან უნდა ჩაგხსნან. ხელშეკრულებაში სიტყვა არ იყო ნახსენები ამაზე პირველ დღეს. მეორე დღეს, როცა ნოტარიუსთან მივედით, იქ დაგვხვდა ქიბარ ხალვაში. ჩვენ შეგვამზადეს, რომ კარსანიძე აღარაა მფლობელი, ქიბარია მესაკუთრეო და ქიბარმა თქვა, მე ვიღებ თქვენს ვალდებულებებსო. ქიბართან ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომ 1 200 000-დან ჩვენ უკვე ვთავისუფლდებოდით და ის დაფარავდა ამ სესხს.

რეალურად, მან დაფარა „რუსთავი 2“-ის ეს ვალი და, შესაბამისად, ამ კუთხით შეიძლება მოვიაზროთ, მაგრამ წილში გადახდაში, არ ვიცი რამდენად... ეგ იყო „რუსთავი 2“-ის ვალი და  არა „ჯორჯიან ონალინის“. ეგ ფული მე, „ჯორჯიან ონალინს“ კი არ უნდა გადამეხადა, არამედ „რუსთავი 2“-ს. რამდენადაც ვიცი, ქიბარმა ეგ თანხა პირდაპირ და სრულად დაუფარა. ეს ვიცი იქიდან, რომ მივიღეთ MDLF-ის წერილი: ამოწურულია ეგ საკითხიო“, აცხადებს დვალი და იქვე ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის დეტალებზეც საუბრობს, რომელიც 2012 წლის შემდეგ შედგა. ასევე დვალი ბიძინა ივანიშვილზე და „მე-9 არხზეც“ საუბრობს.

„ქიბარტან შეხვედრა ბევრად ადრე იყო ამ სარჩელის ინიცირებამდე სასამართლოში. აქ ლაპარაკია იმ დროზე, როცა მასაც და მეც პროკურატურაში გვქონდა საჩივარი შეტანილი და პოტენციურად რაღაც საქმეები იკვეთებოდა. თუ სწორად მახსოვს, ქიბარი ამტკიცებდა, რომ ძალიან ბევრი დაახარჯა და მასაც აქვს წვლილი, მე ვუთხარი, რომ ამას არავინ უარყოფს, მაგრამ იმასაც ვერავინ გაექცევა, რომ ეს ტელევიზია მე წამართვეს უსამართლოდ და პირველი მსხვერპლი მე ვიყავი. მთავარი მესიჯი, რაც რეალურად მე მაშინ მივიღე, მდგომარეობს იმაში, რომ  „მე ვიცი ეს და ვიცი, რომ თქვენ უსამართლოდ მოგექცნენ“… მე დამრჩა ასეთი განცდა, „ეს არ ნიშნავს, რომ მარტო მე მინდა ჩემთვის...“

რაც შეეხება ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლს, დვალის თქმით ივანიშვილთან შეხვედრა 2011 წლის ბოლოს ან 2012 წელს ჰქონდა.

„ჩვენ შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა. მისგან მივიღე წინადადება, რომ მე-9 არხს სათავეში ჩავდგომოდი… საკმაოდ რთული საუბრები იყო. შემდეგ გერმანიაში ვიყავი სამკურნალოდ. როცა ჩამოვედი, საუბრები გაგრძელდა, მაგრამ არავითარი შედეგი არ მოუტანია. ჩავთვალოთ, რომ ვერ შევთანხმდით. არ დაემთხვა ხედვები და საკმაოდ ცუდად დავშორდით... ძალიან გაბრაზებული იყო. არანაირი კონტაქტი აღარ მქონია მას შემდეგ“.

ჟურნალისტის კითხვაზე - გერმანიაში ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე, მას ხომ არ უთქვამს რამე ივანიშვილზე? ამზე დვალი შმდეგნაირად პასუხობს:

„ქიბარმა მითხრა, რომ შეხვდა დიუსელდორფში. გავიგე, რომ ჩამოდიოდა და ჩავედიო. მითხრა, რომ გაცნობითი შეხვედრა ჰქონდა, ხოლო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არაფერი უხსენებია...

თუ რატომ ვერ მიიყვანა მისი და აქიმიძის საჩივარი ბოლომდე პროკურატურამ, ამაზეც დვალი განმარტავს:

„მე შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება სკამაოდ ინტენსიურად დაიწყო. ძალიან ბევრი ადამიანი დაიკითხა. ერთ მშვენიერ დღეს რაღაც შეფერხდა. როცა მოვიკითხეთ, გვითხრეს გამომძიებელი შეიცვალაო, ახალმა გამომძიებელმა თქვა, ცოტა დრო უნდა მომცეთ, რომ საქმეში გავერკვეო. რამდენადაც ხმები მოდის ჩემამდე, ის საქმე პრაქტიკულად დამთავრებულია, ყველა დაკითხულია, მაგრამ თაროზე დევს.

ახლა მე გკითხავთ პირიქით, როცა მეუბნებით, რატომ არ გამოიძიესო: სხვა საქმეები რატომ არ გამოიძიეს? მე მაქვს განცდა, რომ პროკურატურას ან უფლებას არ აძლევენ, ან თვითონ არ ყოფნის შნო, რომ რაღაცები ბოლომდე მიიყვანოს. იქ რა ჩვენებებიც დაიდო, იმავე ოპონენტების მხრიდან, ეროსიმაც მისცა ჩვენება, რაც თვითონ ეროსისგან ვიცი, რადგან შემდეგ მომიყვა, რაც ილაპარაკა, ყველაფერი მეტყველებს ერთ რამეზე: სახეზეა დანაშაული ჩვენ წინააღმდეგ. არ ვკარგავ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს პროკურატურას მოუწევს ან „ა“ თქვას ან „ბ“...

ეროსი კიწმარიშვილი მოყვა, რა სახის ჩვენება მისცა პროკურატურას. მითხრა, რომ ყველა დეტალი გულახდილად მოყვა, როგორ ავალებდა სააკაშვილი ჩვენი თავის მიბმას, როგორ დაავალეს, რომ გაკოტრებაზე გაეშვათ „რუსთავი 2“, ოღონდ ხსნიდა, რომ მოატყუეს, რადგან ჰპირდებოდნენ ამნისტიას და დავალიანების ჩამოწერას და შემდეგ მეც მომიშორესო. ანუ ის, რომ უშუალოდ ხელისუფლება იყო ჩარეული ამ დეტალებში. მთლიანად დადასტურებული აქვს ეს, მე რამდენადაც ვიცი“.