ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი ტელეკომპანიის ირგვლი მიმდინარე მოვლენებს იხსენებს, სადაც საუბარია დიპკორპუსთან ურთიერთობაზე, რომელმაც ყურად არ იღო ტელეკომპანიის მესაკუთრეების განცხადებები.
დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ს MDLF-ის სპეციალური, დაბალპროცენტიანი მედიასესხი ჰქონდა, რომლის მომსახურება არავითარ პრობლემას არ ქმნიდა, მაგრამ პრობლემა იყო სხვა რამეში:
„ამ სესხის გარანტიად ჩადებული გვქონდა ჩვენი მეორე კომპანია „ჯორნიან ონლაინი“, ასევე ჩემი და ჯარჯის სახლები. რეალურად ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით: მოგვივიდა წერილი, რომ, რადგანაც კომპანია კოტრდება, სასწრაფოდ ითხოვდნენ ვალის დაფარვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ვკარგავდით“.
ჟურნალისტის კითხვაზე რატომ არ განაცხადეს მათ ამ პრობლემების შესახებ მედიაში, ან თუნდაც დიპკორპუსთან, დვალი პასუხობს: „არავის აინტერესებდა. ბევრს შევხვდით, ბევრს ველაპარაკეთ, მაგრამ… იგივე MDLF ... რეალურად ხომ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი იმათგან კი არ მოდიოდა, ამათი ინიცირებული პროცესი იყო. ჯამში, ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ამ ქაღალდებთან წვდომის დაკეტვით ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, ახლა აირჩიეთ - ან „რუსთავი 2“-ს დათმობთ, ან უკაცრავად და ტრუსიკებით დაგტოვებთო.
ამის შემდეგ კიდევ ვფიქრობდით, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ. მაისიდან ივნისამდე დაახლოებით ერთი თვე მიმდინარეობდა ეს პროცესი. წილები 26 ივნისს გადავუფორმეთ. აბსოლუტურად გამოუცდელები ვიყავით იმ თვალსაზრისით, რომ ალბათ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მაშინ იმ ახალი სისტემის ქმედებებს შეეჯახა. მანამდე რომ სხვა სახის პრეცედენტი ყოფილიყო, შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავით. შეიძლება მეც მეყვირა და ქუჩაში პლაკატით გამოვსულიყავი.
მაშინ მე და ჯარჯის აზრები ორად გაგვეყო, ჯარჯი ამბობდა, რომ ბოლომდე წავიდეთ, დავრჩეთ ტრუსიკებით. მე ვუთხარი, კარგი ჯარჯი, კი ბატონო, მე მარტო ვარ, საერთოდ არ მადარდებს, შენ გყავს ოჯახი და შენ გადაწყვიტე. მარტო შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი და თან მე უკვე მაქვს იმის განცდა, რომ ესენი ბოლომდე მიიყვანენ ამ გეგმას-მეთქი, დაგვიჭერენ…“