დავით დვალი: „მე და ჯარჯი უნდა წავსულიყავით, ეროსი გვჭირდება, ის დირექტორი იქნებაო…“

დავით დვალი: „მე და ჯარჯი უნდა წავსულიყავით, ეროსი გვჭირდება, ის დირექტორი იქნებაო…“

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი  „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იმ დეტალებზე საუბრობს, რამაც აიძულა „რუსთავი 2“ დაეთმო. 

„2004 წლის დასაწყისში რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ხედვები არ დაემთხვა. მე და ჯარჯი ვიყავით იმის მომხრე, რომ „რუსთავი 2“ თავისუფალ და კრიტიკულ ტელევიზიად დარჩენილიყო, ხოლო ეროსი თვლიდა, რომ ტელეკომპანია მხარში უნდა დადგომოდა ხელისუფლებას და ამოცანების შესრულებაში დახმარებოდა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, თითქმის აღარც გვქონდა კონტაქტი… ამ ფონზე ნელ-ნელა რაღაც უცნაური მოვლენები დაიწყო, მაგალითად, შემოგვითვალეს, რომ სააკაშვილს სურდა ჩვენი ნახვა და ტელევიზიის მომავალზე საუბარი.

ერთ მშვენიერ დღეს ეროსიმ დამირეკა და მითხრა, რომ ასეთი წინადადება არსებობსო. მე ვუპასუხე, რომ სააკაშვილთან  ტელევიზიის ბედზე სალაპარაკო არაფერი მქონდა.

ამის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი (მისი ვინაობა პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში წერია. ასე ვთქვათ, „მესინჯერი“), რომელიც სხვა მხრიდან მოგვიდგა. მან გვითხრა, რომ ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს უნდოდათ დალაპარაკება.

საბოლოო ჯამში, ეს შეხვედრა შედგა. დღე ძალიან კარგად მახსოვს - 29 მაისი, ჩემი დაბადების დღე. ჩვენ იქ მივიღეთ წინადადება, რომ ტელევიზია უნდა დავთმოთ… ლაპარაკი არ ყოფილა იმაზე, რომ უნდა ვაჩუქოთ, ან უნდა იყიდონ, სიმბოლურ ერთ დოლარს ახსენებდნენ. ჩვენ არ მოვუსმინეთ და იქვე დავასრულეთ ლაპარაკი. წინადადებების მთელი კომპლექტი დაახლოებით ასეთი იყო: მე და ჯარჯი უნდა წავსულიყავით, ეროსი გვჭირდება, ის დირექტორი იქნებაო… ანუ ჩვენ არ გჭირდებით-მეთქი ხომ, - ასეთი რაღაც ვუთხარით. ფაქტობრივად გვითხრეს - დიახ, ქვეყნის შენებას ასე სჭირდება და ა.შ.“

დავით დვალის განცხადებით, მოგვიანებით კიწმარიშვილმა მას  სააკაშვილის სიტყვები გადასცა: „ჩვენზე უთქვამს, ეგ ხალხი მომაშორეო. მე მაგათთან არაფერი გამომდის და თქვენით მიხედეთო“. 

დვალის თქმით, ამის შემდეგ გამოჩნდა მეორე შუამავალი, რომელიც მოვიდა და ამ შეხვედრაზე, რომელმაც იგი ადეიშვილ-მერაბიშვილთან მიიყვანა.

„ჩვენი პასუხი იყო კარის გამოჯახუნება, უარსაც ვერ დავარქმევ ამას. ვუთხარით, კარგად ბრძანდებოდეთ და წამოვედით“-, იხსენებს დავით დვალი.

„ამის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო... დემონსტრაციულ დევნაზეც გადმოვიდნენ, ესკორტის დონეზე 2-2 მანქანა დაგვყვებოდა… ერთხელ ექსპერიმენტიც ჩავატარე: საღამოს ჯარჯისთან მომიწია სახლში გასვლა. უკან მომყვებოდა, ორი (თუ არ ვცდები) ნივა, რომელშიც შავ ნიღბებში გამოწყობილი ადამიანები ისხდნენ. მაშინ, როცა ჯარჯის სახლისკენ მარჯვნივ უნდა გამეხვია, მე მიმართულება შევცვალე და მარცხნივ წავედი. ამათ ჩამიჭრეს, გადმოვიდნენ და წინ დადგნენ. რა უნდა ქნა? უკან მოტრიალება მომიწია. ასე იდგნენ. ეს ნიშნავდა იქით წასვლა არ შეიძლება, თავისუფალი მოძრაობის მარშრუტი არის ეს - შენი სახლიდან, ჯარჯის სახლამდე…

იმდენად აღმაშფოთა ამ კონკრეტულმა შემთხვევამ, რომ ადეიშვილს დავურეკე. ვუთხარი, შეხვედრა მინდა-მეთქი.

ადეიშვილთან მივედი, გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მითხრა, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ მოგიწოდებთ, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდით და არაფერი პრობლემა არ იქნებაო.

დიდხანს ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რა გვექნა, ჩაგვერთო თუ არა თანამშრომლებიც. ვიღაცები მოდიოდნენ და იძახდნენ, თუ საჭიროა მხარს დაგიჭერთო. ძალიან ბევრი არ მოდიოდა და ჩუმად ადევნებდა თვალს, რადგან ნათელი მომავალი და კომფორტი ამჯობინა… თუმცა არავისთან პრეტენზია არ მაქვს, ყველასი მშვენივრად მესმის.

მეორეცაა, რომ სრულიად ამოვარდნილები ვიყავით თემიდან. მთელი ქვეყანა ფიქრობდა, რომ აღმშენებლობის გზაზე იდგა ქვეყანა, წინ მივიწევთ, იქ აჭარის რევოლუციაა ახალი მომხდარი და ამ დროს ვიღაც გამოდის, რომ ტელევიზიას გვართმევენ. მგონი, სრული აბსურდი იყო, ეს რომ გაკეთებულიყო. თან, მიუხედავად ყველაფრისა, შინაგანად დარწმუნებული ვიყავი, რომ ომშიც არსებობს ბრძოლის წესები და კომპანიას არ გააკოტრებდნენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ფაქტის წინაშე დავდექით“.

ამის შემდეგ დვალი გამოცემასთან ყვება როგორ აამოქმედეს

გაკოტრების მექანიზმი.

„მე მაქვს იმის დამადასტურებელი ქაღალდები, რომ 2004 წლის თებერვალში ტელეკომპანიას გარკვეული დავალიანება ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, რის გამოც კომპანია კოტრდება. 2004 წლის მაისის მონაცემებით 10-ჯერ გაიზარდა ეს დავალიანება... არ ვიცი რა მექანიზმებით და მანიპულაციებით მოხდა ეს, მაგრამ მაისში უკვე დაახლოებით 9 მილიონ ლარზე იყო საუბარი“.

დვალის განცხადებით, ტელეკომპანიაში ქიტოშვილი იყო მისული და ბუღალტერიაში რაღაც ქაღალდებს აკეთებდა.

„დავურეკე ეროსის და ვუთხარი - რა ხდება-მეთქი. ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენეთ, ყურმილი დავუკიდეთ, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ მე იქ აღარ მიშვებდნენ და ამ ქაღალდებით რა ხდებოდა, არ ვიცი. ჯამში, 9 მილიონამდე გაიზარდა დავალიანება“, - აცხადებს დვალი.