დავით უსუფაშვილი:   პოლიტიკოსებმა ხელი უნდა შეუწყონ სამოქალაქო თანხმობას

დავით უსუფაშვილი: პოლიტიკოსებმა ხელი უნდა შეუწყონ სამოქალაქო თანხმობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ისე მომავალი საპარლამენტო არჩევნების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები.

მათივე განმარტებით, გამოითქვა საერთო მიდგომები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური პროცესები უნდა წარიმართოს, ერთი მხრივ, კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებში და, მეორე მხრივ, სიტყვის და სხვა პოლიტიკური თავისუფლებების დაცვის პირობებში.

"პოლიტიკოსებმა ცალსახად და უპირობოდ უნდა დაგმონ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება და ხელი უნდა შეუწყონ სამოქალაქო თანხმობას; შიდაპოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად უნდა შევძლოთ კოორდინირებული ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გასაძლიერებლად", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა მსგავსი საკონსულტაციო შეხვედრების რეგულარულად გამართვის თაობაზე.