"თუ შემოხვედით იმისთვის, რომ დებოში ატეხოთ, დატოვეთ სხდომა" - კამათი პრემიერსა და ლონდარიძეს შორის

მთავრობის კანცელარიაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრ ტარიელ ლონდარიძეს შორის მცირე კამათი მოხდა.

სხდომა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება დღის წესრიგის გამო დაიწყო.

"ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ მივიღებდით მთის კანონს, ეს დაპირება შესრულებულია, ძირითადი შეღავათები, რომელიც შემოღებული იქნება მთაში - ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, შეღავათები დაწესდება მათთვის, მეწარმე პირი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისგან, პენსიებზე ყოველთვიური დანამატი იქნება არანაკლებ 20%, სოციალური პაკეტის 20%-ით ზრდაა გათვალისწინებული. ოჯახებისთვის ყოველთვიური დანამატი პირველი და მეორე ბავშვისთვის ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის დახმარება, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარება. ვაპირებთ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ყოველთვიურად 50% ავუნაზღაუროთ, ასევე საჯარო სკოლის მასწავლებლების საბაზისო ხელფასები გაიზრდება მტაში 35%-ით, სეცუალური პროგრამების მონაწილე ა მასწავლებლებისთვის შრომის ანაზრაურება გაიზრდება არანაკლებ 50%-ით. დანამატებია გათვალისწინებული ექიმებისთვის, ასევე სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით ექთნისთვის სახელმწიფო პენსიის ოდენობით. ჩვენ ასევე შემუშავების პროცესში გვაქვს სხვა შეღავათები, რომლებიც დაწესდება კანონის ამოქმედებისთანავე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის წესრიგის მიხედვით პირველი საკითხი რეგიონული განვითრების მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს უნდა წარმოედგინა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ტარიელ ლონდარიძემ დღის წესრიგთან დაკავშირებით კითხვის დასმა მოინდომა, რაც მასსა და პრემიერს შორის კამათში გადაიზარდა.

"დღის წესრიგთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები მაქვს", - აღნიშნა ლონდარიძემ.

ლონდარიძეს პრემიერმა კითხვის დასასმელად შესაბამისი დროის შერჩევა მოსთხოვა.

"თუ შემოხვედით იმისთვის, რომ დებოში ატეხოთ, დატოვეთ სხდომა. სახელმწიფო კომისიის სხდომაა და ნუ შემოგაქვთ ქაოსი და დაპირისპირება. დაელოდეთ და მოგცემთ სიტყვას. უფლება არ გაქვთ, ასე ისაუბროთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა, რის შემდეგაც ტარიელ ლონდარიძემ სხდომა დატოვა.