საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების შუამდგომლობა ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ ტელეკომპანიის წარმომადგენლებს წილების დაყადაღების შემდეგ მოსალოდნელი ზიანის ამსახველი კალკულაციის წარმოდგენა 30 ოქტომბრისთვის მოითხოვა. ამავე დღეს დააფიქსირებენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საკუთარ პოზიციას ზიანის ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ს თუ კი რაიმე ზიანი მიადგა, ეს არაკანონიერი მოქმედებით არის გამოწვეული და ამიტომ, რაიმე კომპენსაციის გადახდაზე ლაპარაკი ზედმეტია.
„ეს ხელშეკრულება დადებული იყო არა მართლზომიერად, ანუ მხარეს არ ჰქონდა ამ ტიპის ხელშეკრულების დადების უფლება. „რუსთავი 2“-ს არ ჰქონდა უფლება მიეღო აღნიშნული თანხები, რადგან არ არსებობდა „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრების ოქმი, სასამართლო განჩინებას რომ თავი დავანებოთ. შესაბამისად, საწესდებო კაპილტალში ცვლილებების მიღება ვერ განხორციელდებოდა. ამდენად, თუ რაიმე ზიანი ადგება მხარეს, ეს გამოწვეულია არამართლზომიერი მოქმედებებით და ეს ვერ იქნება ჩვენთვის რაიმე თანხის დაკისრების საფუძველი“, - განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა და მისი მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სასამართლოს ტელეკომპანიისა და მისი პარტნიორების წილების დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს. მოპასუხე მხარე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისგან, ყადაღით გამოწვეული ზიანის, 700 ათასი და 400 ათასი დოლარის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში ითხოვს, თუკი დავა მათ სასარგებლოდ დასრულდება.