საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვა ხვალისთვის გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი გვარამიას ადვოკატის, ლევან ვეფხვაძის მოუცლელობაა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, დაკითხვა დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა ადვოკატი დღეს სხვა პროცესზე მუშაობს. ნიკა გვარამია ხვალ, 13:00 საათზე დაიკითხება.
ადვოკატის ინფორმაციით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებაში დასაკითხად გამოცხადდება.
ნიკა გვარამიას დაკითხვა მისი განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანისგან ხელისუფლების მესიჯი მიიღო, რომელიც მუქარასა და შანტაჟს შეიცავს.
პროკურატურამ ნიკა გვარამია და ალექსი ახვლედიანი უკვე დაკითხა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნიკა გვარამიასა და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა და გამოძიება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დამატებით დაკითხავს.