აქა ზღაპარი საქართველოში მორბენალ ებრაულ საბრძოლო ეტლებზე

აქა ზღაპარი საქართველოში მორბენალ ებრაულ საბრძოლო ეტლებზე

ჩრდილოელი მტრის ინტერნეტ–საიტებმა ლილიპუტინისთვის მომაკვდინებელი ამბავი გვამცნეს.

ქართულ სააგენტოებზე მითითებით, რომლებიც თავის მხრივ რუსულ საიტ  http://www.militaryparitet.com/–ს ემყარებიან და რომელიც თავის მხრივ მეორე რუსულ საიტ http://ekonbez.ru/–ს ემყარება, ისრაელს ამერიკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დაუდგენია უახლეს ტანკ „მერკავა–4“–ის მიყიდვა მეგობრული ქვეყნებისათვის.

ისრაელის მეგობრულ ქვეყნებს შორის კიო, ბრძანებს რუსული საიტი საქართველოც შედისო.

და ატყდა ერთი ამბავი. არიქა ისრაელური ტანკები გვექნება და რუსების ჟანგიან ტანკებს ბდღვირს ავადენთო. საკითხზე გაკეთებულმა კომენტარებმა ვითარება კი არ გაარკვიეს, არამედ უფრო ჩახლართეს, ვინაიდან არ გასცეს პასუხი მთავარ კითხვას: თუგინდ თეორიულად მაინც თუ არსებობს ალბათობა იმისა, რომ ხსენებული ტანკები ჩვენი არმიის შეიარაღებაზე მოხდვნენ.

დავიწყოთ იმით, რომ ტანკს :“მერკავა –4“ კი არ ჰქვია, არამედ „მერკავა mk.4”. “მერკავა” (מרכב) ეტლს, სახელდობრ „საბრძოლო ეტლს“ ნიშნავს. იეზეკილის ხილვაში ეს სიტყვა აღნიშნავს ღვთაებრივ ეტლ–ტახტს, რომელშიც ოთხი ფრთოსანი არსებაა შებმული. შეიძლება გაგვეხსენებინა  საბრძოლო ეტლების რბოლის ცნობილი სცენა „ბენ–გურიდან“, თუმცა აქ კულტუროლოგიური წიაღსვლების ადგილი არაა. ამიტომ საკითხის სამხედრო მხარეს დავუბრუნდებით.

ტანკ „მერკავაზე“ მუშაობა ისრაელმა 1970 წლისათვის დაიწყო, როდესაც ინგლისმა უარი უთხრა ძირითადი საბრძოლო ტანკის „ჩიფტენის“ მიყიდვაზე. პროექტის ხელმძღვანელად დაინიშნა სახელგანთქმული მხედარმთავარი, 1967 წლის ომისას ისრაელის ჯავსანსატანკო ძალების სარდალი გენერალი ისრაელ ტალი (მის მიერ წარმოებული საბრძოლო მოქმედებები 1967 წლის ომისას დაწვრილებით გვაქვს განხილული  წიგნში „სტრატეგიის საფუძვლები“, თბილისი, 2007 ).

ტალი ამავდროულად რჩებოდა გენშტაბის მაღალი თანამდებობის პირად, ოპერატიული სამმართველოს უფროსად, მანამ სანამ 1974 წელს მოშე დაიანთან უთანხმოების გამო საერთოდ არ წავიდა არმიიდან და მთელი ძალების კონცენტრაცია „მერკავაზე“  არ მოახდინა.ტანკის დაპროექტებასი სულ 35 ადამიანი მონაწილეობდა.

“მერკავა mk.1”–ის პირველი სერიული ეკზემპლარები 1979 წელს იქნა მიღებული ისრაელის არმიის შეიარაღებაზე. მისი მოდიფიცირებული ვარიანტი “მერკავა mk.2”–ის დამზადება 1983 წლიდან დაიწყო.სულ დამზადებულ იქნა 250 “მერკავა mk.1” და 600–მდე “მერკავა mk.2”.

“მერკავას” პირველი ორი მოდიფიკაცია მე–2 თაობის ტანკებს (დასავლური კლასიფიკაციით) განეკუთვნებოდა. ამ თაობის ტანკების ტექნიკურ–ტაქტიკურ მაჩვენებლებია: მრავალფენიანი (მრავალშრიანი) ჯავშნის არარსებობა, მაქსიმუმ 800–900 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავა, 105 მმ–იანი ქვემეხი(ინგლისურ „ჩიფტენზე“ 120 მმ–იანი ქვემეხი იდგა) და 50–65 კმ/სთ სისწრაფე. ამ ტიპის ტანკებს განეკუთვნებიან ამერიკული M–60, გერმანული “ლეოპარდ–1”, ინგლისური “ჩიფტენი”, ფრანგული AMX–30, იაპონური „74“, სამხრეთაფრიკული “ოლიფანტი” და ა.შ.

„მერკავა mk.3–ის მოდიფიკაცია 1990 წელს იწარმოება სერიულად. ის ეჭვსგარეშეა მე–3 თაობის ტანკებს განეკუთვნება. ამ თaობის ტანკების დამახასიათებელია მრავალფენიანი ჯავშანი, 1200–1500 ცხენის ძალია მქონე ძრავა, 120 მმ–იანი ქვემეხი და 65–75 კმ/სთ სისწრაფე. ამ თაობის ტანკებს განეკუთვნებიან ამერიკული“ებრამსი“, გერმანული „ლეოპარდ–2“, ინგლისური „ჩელენჯერი“ თავისი მოდიფიკაციებით, ფრანგული „ლეკლერკი“, იტალიური „არიეტე“, იაპონური „90“, სამხრეთ კორეული K–1, ინდური “არჯუნა” და სხვა.

რაც შეეხება მოდიფიკაციას “მერკავა mk.4”–ს მას ზოგიერთი ექსპერტი 4–ე თაობის ტანკად მიიჩნევს, ზოგიერთი 3+ თაობის ტანკად. ჩანს ტანკის მიმართ, რომელიც მე–4 თაობისად იყო ჩაფიქრებული, რიგი მოთხოვნები შერბილდა (ძრავის ძალა თვდაპირველი 2000 ცხენის ძალიდან 1500–მდე ჩამოვიდა, ქვემეხის კალიბრი 140მმ–დნ 120–მდე) რის შედეგადაც ის 3+ თაობის ტანკად იქნა კლასიფიცირებული.

ეს ხელს არ უშლის „მერკავა მკ.4“–ს მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ტანკი იყოს, თუ საუკეთესო არა. მაგალითდ სტრატეგიის ცნობილი თეორეტიკოსის ჯ.დანიგანის მსოფლიო იარაღის რეიტინგში „მერკავა მკ.4“ მსოფლიო ლიდერია ტანკების ორი უმთვრესი მაჩვენებლით: დაცულობით და ცეცხლის ძალით (იხ.http://www.strategypage.com/fyeo/howtomakewar/databases/mbt/mbt.asp).

აი ამ ტანკის საქართველოსთვის მიყიდვაზეა ლაპარაკი!

უნდა აღინიშნოს, რომ „მერკავას“ ოთხივე მოდიფიკაციის ტანკები ემყარებიან კონცეფციას, რომელიც პრინციპულად განსხვავებულია არა მხოლოდ საბჭოთ ტანკების საფუძვლადმდებარე კონცეფციებიდან (ჩვენ კი შეიარაღებაზე მხოლოდ საბჭოთა და საბჭოური ტანკები გვაქვს), არამედ იმ კონცეფციიდანაც რომელსაც ნატოს ტანკები ემყარებიან.

რა კონცეფციაო? იკითხავს საქმეში ჩაუხედავი მკითხველი. რად უნდა ტანკს კონცეფცია, იაროს და ისროლოსო!

ამ პრინციპით ყიდულობდა საქართელოს თავდაცვის სამინისტრო  წლების განმავლობაში ხანდახან მოსიარულე და ზოგჯერ მსროლელ ჯართს. სამწუხაროდ საქმე ასე არ არის.

ნორმალურ არმიაში ჯერ ტანკის კონცეფციის და მისი გამოყენების პრინციპების შემუშავება ხდება, შემდეგ მათთვის წაყენებული ტაქტიკური მოთხოვნების შემუშავება, დაბოლოს თვითონ ტანკის შექმნა.

მაგალითდ საბჭოთ ტანკების კონცეფცია საბჭოური ექსპანსიონისტური მიზნებიდან (ლამანშთან სასწრაფოდ გაჭრა) გამომდინარე პრიორიტეტს ანიჭებდა ისეთ მონაცემებს როგორიცაა მოქმედების რადიუსი და სისწრაფე.

სამაგიეროდ მცირე ყურადღება ენიჭება ეკიპაჟის დაცულობას და კიდევ უფრო ნაკლები კონფორტს.

ნატოს კონცეფციებში ეკიპაჟის დაცულობას ცალსახად უპირატესობა ენიჭება მოქმედების რადიუსთან შედარებით და ა.შ.

„მერკავა“ ეკიპაჟის დაცვას გადამწყვეტ როლს ანიჭებს.ამ მიზნით გარდა ჯავშნის მაღალი ხარისხისა გამოყენებულ იქნა უჩვეულო სქემა.

ჩვეულებრივ ტანკში წინ იმყოფება მართვის განყოფილება(მძღოლითურთ, თუ ეს სიტყვა გამართლებულია ტანკის მიმართ), შუაში – საბრძოლო განყოფილება და ბოლოში ძრავა–ტრანსმისიის განყოფილება.

„მერკავას“ ყველა მოდიფიკაციაში ძრავა წინ არის გატანილი და ეკიპაჟისათვის ერთგვარი დამატებითი  ეკრანის როლს ასრულებს.

ამას გარდა“ მერკავას“  ყველა მოდიფიკაციის უკანა ნაწილში განთავსებულია დამატებითი საბრძოლო განყოფილება, სადაც შეიძლება განთვსდეს მეორე ეკიპაჟი (რათა ტანკმა 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირება შეძლოს), დაჭრილები ან უბრალოდ ქვეითები. ეს საშუალებას აძლევს „მერკავებს“ ერთგვარად შეითავსოს ქვეითთა საბრძოლო მანქანის ფუნქციები.

ამას გარდა ახლო მანძილზე ტანკსაწინაღო იარაღით აღჭურვილი მოწინააღმდეგის მებრძოლების გასანადგურებლად „მერკავას“ ყველა მოდიფიკაციაზე დამონტაჟებულია 60 მმ–იანი ნაღმმტყორცნი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკიპაჟის კომფორტს. ტანკში რეალიზებულია პრინციპი „ომიანობისას ტანკი ეკიპაჟის სახლია“.ისრაელის ჯავშანსატანკო ძალების დევიზი „ტანკში ადამიანი იმარჯვებს“ მოდის „მერკავას“ შემქმნელის ცნობილი პასუხიდან კითხვაზე, რომელმა ტანკმა შეიძლება გაიმარჯოს. გენერალმა ტალმა უპასუხა „იმარჯვებს ის ტანკი, რომელსაც უკეთესი ეკიპაჟი ჰყავს“ (ანუ როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნიკა გადამწყვეტი ფაქტორი ადამიანია).

ყოველივე ეს „მერკავას“ პრინციპულად განასხვავებს არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ დასავლური ტანკებისაგან და მას უნიკალურ საბრძოლო მანქანად აქცევს.

ახლა რამდენად შეიძლება ეს ტანკი ჩვენს არმიაში ვიხილოთ.

ისრაელი „მერკავას“  შესახებ ინფორმაციას ყოველთვის ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა. „მერკავას“ შესახებ ინფორმაცია შეუდარებლად უფრო იყო გასაიდუმლოებული ვიდრე ნებისმიერი დასავლური ტანკის შესახებ. მაგალითდ „ებრამსის“ და „ჩელინჯერის“ მრავალშრიანი ჯავშნის შესახებ გაცილებით  მეტი ინფორმაციის მოპოვება შეიძლებოდა, ვიდრე „მერკავა“–ს მოდულურ (ამ ტერმინს ხმარობდნენ ისრაელელები) ჯავშანზე.

მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა ისრაელის ტანკმშენებელ მრწეველობაზეც იმოქმედა და ისრაელმა გადაწყვიტა „მერკავას“ განვითრების პროექტში უცხოური ინვესტიციები მოეზიდა. ეს კი გამორიცხავადა გასაიდუმლოების მაღალ ხარისხს.

ამის გამო ისრაელის მთავრობამ პროექტი მნიშვნელოვნად გახსნა.  2010 წლის ზაფხულში „მერკავა mk.4“ პირველად იქნა წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკის  საერთაშორისო გამოფენა ევროსატორიზე.

ამავე დროს ისრაელმა მოხსნა შეზღუდვა “მერკავების” ექსპორტზე (აქამდე არც ერთი “მერკავა” საზღვარგარეთ არ გაყიდულა).

ეს წმინდა ეკონომიკური მოსაზრებებით ნაკარნახები ნაბიჯია და გათვლილია იმაზე, რომ ისრაელის ეკონომიკურად ძლიერი სამხედრო პარტნიორები, მაგალითად ინდოეთი, სამომავლოდ შესაძლოა ბრაზილია, დაინტერესდება „მერკავას“ პერსპექტიული პროექტებით. ლაპარაკია (თეორიულ დონეზე) მე–4 თაობის ერთობლივი ისრაელურ–ინდური ტანკის წარმოებაზე (ისრაელი ყოველწლიურად ინდოეთში 1–2 მლრდ.დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას ყიდის).

რასაკვირველია შეზღუდვის მოხსნა ეხება ყველა ქვეყანას, რომელთანაც ისრაელს სამხედრო–ეკონომიკური ურთიერთობა აქვს. ეს ერთნაირად  ეხება საქართველოსაც და ვთქვათ ჰონდურსასსაც, რომლის ისრაელთან სამხედრო თნამშრომლობა ათწლეულებს ითვლის. თუმცა გასაგებია, რატომ ამოირჩია რუსულმა საიტმა მაინცადამაინც საქართველო.

რამდენად რეალურია საქართველოსთვის “მერკავა mk4”–ის მიყიდვა? აქ არ შევეხები ფასს და ტანკის ათვისებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ 2014 წლამდე ისრაელს გაწერილი აქვს რამდენი “მერკავა mk.4” უნდა აწარმოოს და ყველა წარმოებული “მერკავა mk.4” ისრაელის ჯავშანსატანკო არმიის ნაწილებს გადაეცემათ.

2014 წლამდე ისრაელი დაამზადებს 300–მდე „მერკავა mk4”–ს და უკლებლივ ყველას მიიღებს თავისი არმიის შეიარაღებაზე.

ისრაელის ჯავშანსატანკო მრეწველობის მაქსიმალური სიმძლავრე წელიწადში 100–მდე ტანკია (გავითალისწინოთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების ჯავშანსატანკო მრეწველობა მშვიდობიანობის პერიოდში არასდროს მუშაობს სრული დატვირთვით).

როგორც ითქვა, სულ 2014 წლამდე განსაზღვრულია 300–მდე „მერკავა mk4”–ის წარმოება, რომლებიც უნდა იქნენ მიღებულნი 410 -ე ჯავშანსატანკო ბრიგადის (სამი სატანკო ბატალიონი) და 460–ე ჯავშანსატანკო ბრიგადის (სამი სატანკო სასწავლო ბატალიონი სადაც ხდება ახალწვეულების მიერ „მერკავების“ ათვისება) შეიარაღებაზე.

ამას გარდა ამავე პერიოდში“ მერკავა mk4”–ით მთლიანად უნდა გადაიარაღდეს  7–ე სატანკო ბრიგადა (სხვათა შორის ამ ბრიგადას 1959–1960 წლებში თავად გენერალი ტალი სარდლობდა).

მოკლედ ისრაელი უახლოეს ოთხ წელიწადში ყველა წარმოებულ „მერკავა mk4–ს თავის შეიარაღებლ ძალებში რთავს.

რასაკვირველია ლაპარაკი იმაზე, რომ ისრაელი საკუთრ სატანკო ჯარებს უახლეს ტანკებს მოაკლებს და მათ საქართველოს გადასცემს სასაცილოა.

გარდა ამისა, როგორც ითქვა “მერკავების” ექსპორტზე ემბარგოს მოხსნა გათვლილია ისრაელის მდიდარ პარტნიორებზე (ინდოეთი, პერსპექტივაში ბრაზილია) და საქართველოს მოხვედრა იმ ქვეყნების სიაში, რომელზეც ემბარგო აღარ ვრცელდება, არავითრი შორსმიმავალი დასკვნისთვის არ იძლევა საფუძველს.

ესაა შემთხვევა როდესაც ბუზიდან სპილო იბადება.

ასეთი შემთხვევები ბევრი გვახსოვს. გავიხსენოთ, როგორ ვრცელდებოდა უაზრო ინფორმაციები საქართველოში ირანის წინააღმდეგ მიმართული ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების ვითომცდა განთავსებაზე.

შედეგი: ნატო რუსეთთან ერთად ქმნის ირანის ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავ სისტემას,  ხოლო საქართველო ამ დროს უვიზო ურთიერთობებს ამყარებს ირანთან.

ამასთან ადამიანები, ვინც ორიოდე წლის წინ ყველაზე ხმამაღლა გაჰყვიროდნენ ანტიირანული ანტისარაკეტო სისტემის საქართველოში განთვსებაზე, ახლა ასევე ყველაზე ხმამაღლა მიესალმებიან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ირანთან.

ყველაფერის მეორდება, მათ შორის უაზრო ჭორები.

P.S. ვიღაცამ შეიძლება თქვას: რა უხარია ამ კაცს, საქართველოსთვის სასარგებლო ჭორები რომ არ მართლდებაო. გეტყვით: არ მიხარია! ძალიანაც მწყინს საქართველოს უკვე გაუქმებულ სამხედრო–საჰაერო ძალებში F–22–ები რომ არ გვყავს, ხოლო ჩვენს ასევე უკვე გაუქმებულ სამხედრო–საზღვაო ძალებში – ორიოდ ავიამზიდი.

პრობლემას სხვა რამე ქმნის . ჩვენი ხელისუფლების ადეკვატურობა. მათი ფსიქიკური თვისებურებებიდან გამომდინარე, მოლასი და ფლავის არ იყოს, ამ ჭორებს თავადვე იჯერებენ და შესაბამისადაც იქცევიან. ისე, რომ ქვეყანას უქმნიან საფრთხეს. ამაშია პრობლემა და არა თავად ჭორში.